"დღეს ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ - სტომაქი თუ სულიერება?"

"დღეს ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ - სტომაქი თუ სულიერება?"

სახალხო წარმომადგენლობითი კრების ერთ-ერთი ლიდერი ელიზბარ ჯაველიძე ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გამოსავალს საზოგადოების გამოფხიზლებაში ხედავს, რასაც ხელისუფლების მშვიდობიანი მოშორება უნდა მოჰყვეს, ოღონდ "ცრუპენტელა ოპოზიციონერი ლიდერების გარეშე... თუ ხელისუფლებას ჭკუა კიდევ შერჩა, მართლა უნდა წავიდეს, თორემ კომბალი არ ასცდება...", - აცხადებს იგი ჩვენთან ინტერვიუში.

- სამწუხაროდ, სასიკეთოს ვერაფერს მოგახსენებთ. რა გითხრათ, რით გაგახაროთო?!. - ბრძანა ილიამ და ამდენი წლის შემდეგ, მეც იმავეს გამეორება მიწევს... ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, როგორც ეკონომიკურად, ისე მორალურად და ფსიქოლოგიურად. ადამიანს თავის რჩენის საშუალება არ აქვს. ქართველ კაცს ომი და შიმშილი კი არა, სასოწარკვეთილება და მონურ რეჟიმში ცხოვრება ჰკვეთს მუხლებს... ხელისუფლება ცდილობს, ქართველი ერის დიდი ნაწილი ფიზიკურად განადგურდეს და ქვეყანაში მხოლოდ 400-500 ათასი ადამიანი დარჩეს და ისიც მომსახურე პერსონალად აქციონ. ამას ემსახურება იმ უნარ-ჩვევების დამკვიდრება, რომელსაც ახლა ე.წ. ახალი განათლების სისტემით აკეთებენ. ასე წვრთნიან საცირკო ცხოველსაც. თუ ის კარგად მოიქცევა, კანფეტს მისცემენ, თუ არა და დასჯიან, - კუთხეში დააყენებენ ან ჯაჭვით დააბამენ. დღეს რომ გაჰყვირიან ეს უვიცები, განათლების ძველი სისტემა საბჭოთა გადმონაშთი იყო და იმიტომ არ გვინდაო, სინამდვილეში, გერმანულ-პრუსიული იყო. ამერიკული განათლების სისტემა კი, რომელსაც ასე აქებენ და ადიდებენ, რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში 42-ე ადგილზეა და მასში უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლებში გამოსაყენებელი მეთოდებია შეტანილი. ეს ერის მოღალატეები კი ქართველებში ნიჭსა და გენს კლავენ და იმ მეთოდით საქართველოს სკოლებში ასწავლიან. ქართული უნიჭიერესი გენის დაუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს... ზოგჯერ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, ხანდახან მგონია, საგიჟეთში ვცხოვრობ, მაგრამ რატომ, მგონია?!.

- ბატონო ელიზბარ, "მამებისა" და "შვილების" თაობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის ყოფილა, მაგრამ ერმა და საზოგადოებამ თვითმყოფადობა მაინც შეინარჩუნა...

- აზრთა სხვადასხვაობის გამო ბრძოლა სხვა რამეა და ის, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ქვეყნის პირდაპირი ღალატია... მაშინ, "მამებსა" და "შვილებს" შორის დაპირისპირების მიზეზი ქართულ სასაუბრო ენასთან დამოკიდებულება იყო. გრიგოლ ორბელიანი ცდილობდა, ძველი ქართული ჟღერადობა არ დაეკარგა, ილია კი ახალი სასაუბრო ენის ტენდენციის დამკვიდრების მომხრე იყო. თუმცა მათ შორის ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არასდროს დაკარგულა... აქ კი შეგნებულ და მიზანმიმართულ დაპირისპირებაზეა ლაპარაკი. ყველაფერს გვართმევენ, სულს, შეგნებას, ქართველობას... მხოლოდ, ჩვენ, უფროს თაობას კი არა, მთლიანად ერს აჩლუნგებენ და ამდენი რამე როგორღა მოვითმინოთ?!. ერთ-ერთი ტესტიდან პუნქტი მინდა გაგაცნოთ, რომელზეც ჩვენს ახალ თაობას ზრდიან.

ყმაწვილს ეკითხებიან, - ხედავთ, წყალში იხრჩობა მამა და ძმა. რომელს გადაარჩენდითო? - თუ ყმაწვილი უპასუხებს, - ძმასო, - შეცდომაა, ვინაიდან, ძმა მისი კონკურენტია და ჯობია მოიშოროს, მამა კი მაინც უფროსია და ძმასთან შედარებით ადრე მოკვდება... ისეთ რაღაცებს აკეთებენ ეს უვიცები, რომ მორალურად ყოველდღიურად ასობით ქართველს კლავენ. უნივერსიტეტი ლაწირაკი გოგო-ბიჭებით აავსეს. აკადემია მოაოხრეს. რაც მუსხელიშვილის, ჩიქობავას, შანიძესა და სხვა საზოგადო მოღვაწეებს უშრომიათ, მეცნიერება, რომელიც მთელ მსოფლიოს აზანზარებდა, ნაგავში გადაყარეს... საზოგადოება რაც უფრო განათლებულია, მისი მართვა უფრო ძნელია, ამიტომაც დევნიან კულტურასა და განათლებას. ჩვენ ვერც ერთი ვერ გვეტყვის, რომ კულტურის დეფიციტი გვაქვს, ევროპელი ხალხები ვერ დაგვიდგებიან გვერდში და ამერიკელს, მით უფრო რა აქვს სალაპარაკო და ჩვენთვის სასწავლი. მაშინ, როცა ჩვენი წინაპარი ოქროს ამუშავებდა, სად იყვნენ და რას წარმოადგენდნენ... იქ ჩაბუდებულ მასონებს გაუგიათ საერთოდ, რომ ცივილიზაცია კავკასიიდან წამოვიდა?!. ხშირად მახსენდება აკაკი წერეთლის ფრაზა, რუსებს რომ მიმართა: - "კაგდა ვი ვ ლესუ ხადილი, მი ევანგელე პერევადილიო..." მაგრამ ამ თანამედროვე მსოფლიოში რა საჭიროა ქვეყნის კულტურული წარსული და ისტორია, ახლა ხომ აბსურდული თეორიებით ვსაზრდოობთ. საქართველოს კულტურა ხომ 2003 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში?!. კომუნისტები მეტს კი არაფერს ამბობდნენ, ისინიც ასე თავგამოდებით ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის წარსულს. ეროვნება ქართველი აღარ არსებობდა და მის ნაცვლად საბჭოთა მოქალაქე შემოიღეს. ახლა იგივე ხდება, - ყურს ხედნიან და საზოგადოებას მსოფლიო ადამიანის ცნებას აჩვევენ. ვის რაში სჭირდება პატრიოტიზმი?! დღეს ამერიკელი ქართველები არიან მოდაში... გინდათ თუ რა, ქართველმა კაცმა ინგლისური უნდა იცოდესო. კი ბატონო, პირადად მე, აღმოსავლეთმცოდნე ვარ და მივესალმები ენების ცოდნას, მაგრამ ნიცშე ამბობდა, მრავალი ენის ცოდნა ადამიანში აზროვნების ცოდნას აჩლუნგებს და მას საკუთარ თავზე ისეთ წარმოდგენას უქმნის, რაც არ ეკადრებაო...

- ეს დაემართათ ჩვენს პოლიტიკოსებს?

- დიახ, კონკრეტულად კი პრეზიდენტს, მე მის მიერ დაწერილი წიგნი რომ წავიკითხე, იმ ღამეს არ დამიძინია. დიდხანს ვმუშაობდი უნივერსიტეტშიც და უამრავ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ აზროვნების ასეთი დაბალი დონე არასდროს შემხვედრია.

- თუმცა საერთაშორისო საზოგადოება და წამყვანი ბეჭდური გამოცემები მას ახალგაზრდა, ენერგიულ და პროგრესულად მოაზროვნე ლიდერს უწოდებენ...

- მასე საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის შუქურასაც უწოდებენ, მაგრამ ასეა?! სინამდვილეში პირწავარდნილი დიქტატორია. თქვენ რა გგონიათ, ეს არ იციან დასავლეთში? მაგრამ ის ბუშის პროექტად ითვლება და სანამ სჭირდებათ, შეაქებენ კიდევაც... რამდენი გაყალბებული არჩევნები გაიმართა საქართველოში, ყველა აღიარეს, იმიტომ, რომ ის დამკვირვებლები უზნეო და გარყვნილი ადამიანები იყვნენ, ფულისკენაც გაურბოდათ თვალები და დავალებაც ჰქონდათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და რა შეფასებები უნდა გაეკეთებინათ. მათ უნდათ, აზროვნება შეგვიცვალონ და როცა ერთნაირი შეხედულებები ჩამოგვიყალიბდება, საჩხუბარიც არაფერი გვექნება...

- ბატონო ელიზბარ, ოპოზიციის საყრდენი ყოველთვის საზოგადოება უნდა იყოს და პირიქით. თუმცა ჩვენს რეალობაში ასე არ ხდება......

- იმიტომ, რომ ხელისუფლება წარმატებით ამუშავებს "ტვინის გამორეცხვის" მეთოდს. მათ საზოგადოება სპექტაკლში ჩართეს. ამ შემთხვევაში კი ადამიანი ლოგიკური აზროვნების უნარს კარგავს და ვირტუალურ გარემოში ცხოვრობს. ახლა რაც შეეხება იმას, რა ძილქუში ეტაკა ოპოზიციას, პირადად მე, მგონია, რომ ერთდროულად ორ ქვეყანაში ვცხოვრობ. ერთია ტელევიზიის სამყარო და მეორე ყოველდღიური რეალობა. ტელევიზორს რომ ვუყურებ, თურმე მოსახლეობის 60-80% დასაქმებულია და არავის შია, მაგრამ გარეთ რომ გავალ, ხალხი ნაგავში იქექება და ყოველ მეორე ნაბიჯზე მათხოვრები დგანან... ახლა მაგიდაზე მიდევს ამ თვის კომუნალური გადასახადების ქვითარი, 100 ლარამდე მაქვს გადასახადი. ყველაფრის ფასი გაორმაგებულია. მე პარლამენტის პენსიას ვიღებ, აკადემიკოსის სტატუსი მაქვს და მაინც გავიტან თავს, საწუწუნო არაფერი მაქვს, მაგრამ იმას რა ეშველება, ვისაც არანაირი შემოსავალი არ აქვს?!. თან ერთიანად თუ არ გადაიხადე, ან შუქს გამოგირთავენ, ან გაზს... საზოგადოება ფსიქოლოგიურ ტყვეობაშია, ფიქრობს, მე ვერ ვამჩნევ, თორემ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდისო. ანუ ოპოზიციას არ ჰყავს ისეთი ხალხი, ვინც მაგრად შეანჯღრევს. საზოგადოება, რომელიც ასეთ მძიმე დღეშია, მაინც მაყურებლის როლში რჩება. სპექტაკლის ემოციური ველიდან გასვლა არ უნდა. ამ დროს ისინი ოპოზიციამ უნდა გამოაფხიზლოს, მაგრამ ისინიც ამ სპექტაკლის ნაწილი არიან. ფულს იღებენ და იმიტომ. არ მინდა, ცალკეულ პიროვნებებს ჩამოვყვე, მაგრამ ჭეშმარიტი ოპოზიციონერები თითქმის არ გვყავს. გაჩეჩილაძემ ასობით ათასი ხალხი გამოიყვანა მიტინგზე და ყვიროდა, მოვდივართ, დაგამხობთ, გაგანადგურებთო, ოთხჯერ იღრიალა ასე... ეს დაბოღმილი და აგრესიული ხალხიც გამოვარდა, სცენაზე პოლიტიკოსები იგინებოდნენ, სცენის ქვევით მომიტინგეები, მაგრამ ხელისუფლებას ბუზიც ვერ აუფრინეს. რამდენიმე დღეში ყველა ერთად იდგა და თავს იმაზე იმტვრევდნენ, ეს სიმწრით შეკრებილი ხალხი როგორ დაეშალათ... საბოლოოდ კი ოთხივეჯერ ბოლგამოშვებული ხალხი სახლში გაუშვეს.

- რა უნდა ექნათ?

- ეს იმათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ რა აზრი აქვს, არ იციან და მოკალი თუ გინდა... ჩემი პასუხი კი ასეთია - ეს იგივეა, რომელიმე სპექტაკლს რომ უყურო სამშობლოს გასაჭირზე. მერე კი ფარდა დაიხუროს და მაყურებლებიც დაიშალონ... როცა გია გაჩეჩილაძე საკნიდან გვესაუბრებოდა, მაშინ ვთქვი, ეს ამ სეირის მაყურებელ საზოგადოებას უფრო მეტად მიაჯაჭვავს სპექტაკლს და იმ მუხტს დაუკარგავს, რომელიც მან რეალობაში უნდა გამოიყენოს-მეთქი... ასეც მოხდა. ოპოზიციაც დიდი შოუმენია. ისინი ხელისუფლებისგან მხოლოდ შოუს გაკეთებას სწავლობენ, თუმცა ხეირი ვერაფერი ნახეს.

- ხელისუფლებამ იხეირა შო­უების დადგმით?

- კი, სწორედ მისი საშუალებით არის ქვეყნის სათავეში... იმ პატარა გოგოს ხმადაკარგული მომღერლები რომ ჩამოჰყავს, ტურისტები უნდა დავა­ინტერესოო, ამით ხომ თვალებში ნაცარს გვაყრის, - ტურისტს უც­ხო ქვეყნის წარსული, ტრა­დიციები და კულტურა აინტერესებს, თორემ სად გინახავთ, ვიღაც მომღერლის ხათრით სტუმარი ჩამოსულიყო?

- ხმადაკარგული ვინ არის ბატონო ელიზბარ, ბოჩელი?

- ბოჩელიც, კუტუნიოც და დანარჩენებიც, ვინც აქ ჩამოიყვანეს... ეს ჩვენ ვართ ყველაფერს დახამებული, თორემ თქ­ვ­ენ რა გგონიათ, რომელიმე მათგანს ვინმე უს­მენს? პარიზში და რო­მში დიდი თეატრების, კულტურული კერის სა­ნახავად ჩადის ხალხი, მაგრამ საქართველოში ხომ აზროვნების დაბლანდვა მიმდინარეობს. ჩვენ არსებული პრობლემები უნდა დაგვავიწყონ... ამ დროს კი ოპოზიციაც გარე ძალებს მისჩერებია, ზოგი რუსეთში დარბის, ზოგი ამერიკაში. ამიტომაც არიან ასეთ საცოდავ მდგომარეობაში, მუდმივად თავის მართლება რომ უწევთ ამ ორმაგად საცოდავებს... უმეტესობა თამაშობს, იმის მიხედვით, ვის რამდენი ფული აქვს აღებული და ვისგან. დღეს ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ, - სტომაქი თუ სულიერება. სამწუხაროდ, სტომაქს მეტი წონა აქვს. როგორც დიუმა ამბობდა, - ეს ყველაზე საშიში მდგომარეობაა ერისთვის...

- თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი...

- დიახ, ოღონდ მთავარი ის არის, რისთვის და ვისთვის იბრძვი. აქ ქვეყნის კეთილდღეობისთვის არავინ იბრძვის, სკამებისთვის არის დიდი ომი ატეხილი... ამიტომაც ვერიდები მე ბევრს და სახალხო კრების იდეებს ვიზიარებ. ხალხი, საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ საკუთარი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტოს და ამაში ოპოზიციამ უნდა იაქტიუროს. ამათ ვერაფერი გააკეთილშობილებს, უნდა წავიდნენ, ოღონდ მშვიდობიანად.

- გჯერათ, რომ ასე მოიქცევიან?

- თუ ჭკუა აქვთ, ასეც უნდა მოიქცნენ. თუ არადა, ტუნისისა და ეგვიპტის ამბავი აქაც დატრიალდება. კომბლის ტრიალი ქართველმა კაცმაც მშვენივრად იცის და ნუ მიიყვანენ იქამდე...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე