ავტორი:

ვინ მოიწვია ტრამპმა ინაუგურაციაზე და ვინ აფინანსებს ძვირადღირებულ ღონისძიებას - 10 რამ, რაც ამ დღის შესახებ უნდა იცოდეთ

ვინ მოიწვია ტრამპმა ინაუგურაციაზე და ვინ აფინანსებს ძვირადღირებულ ღონისძიებას - 10 რამ, რაც ამ დღის შესახებ უნდა იცოდეთ

The Guardian ქვეყნებს გზამკვლევს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვიცოდეთ იმ დღეზე, როდესაც ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება. აღნიშნული საკითხები მოიცავს როგორც ფიცის დადებას, ასევე დამსწრე პირებს და სხვ.

ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ს 45-ე და 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ეს იმავე კაპიტოლიუმის საფეხურებზე მოხდება, სადაც მან პირველად ფიცი 8 წლის წინ დადო.

მხარდამჭერებისა და პროტესტანტების უზარმაზარი ბრბოს წინაშე ტრამპი კვლავ დადებს ფიცს - ბევრის აზრით, ეს გასაოცარი პოლიტიკური შემობრუნების აღნიშვნა იქნება.

ამ სტატიაში მოცემულია ის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ინაუგურაციის განრიგის, დამსწრეებისა და ზეიმის შესახებ. თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

- როდის იმართება ინაუგურაცია და სად დადებს ფიცს ტრამპი?

აშშ-ს კონსტიტუცია მცირე ხარისხით თუ განაგებს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალებს - ის პასუხისმგებელია მხოლოდ ცერემონიის თარიღსა და დროზე და მოკლე, 35-სიტყვიან ფიცზე. თუმცა, წლების განმავლობაში, ღონისძიებას ბევრი ცერემონია დაემატა, რომელსაც მომავალი პრეზიდენტი მიესალმა. ვითარება განსხვავებული იყო ბაიდენის 4 წლის წინანდელი ინაუგურაციისას, რომელიც Covid პანდემიის მიმდინარეობისას და 6 იანვრის აჯანყების მცდელობის შემდეგ გაიმართა.

იმ ღონისძიებას ტრამპმა ბოიკოტი გამოუცხადა; ამჯერად, ეს ასე არ არის. მან თეთრი სახლის ბრძანებაც გააპროტესტა, რომ ჯიმი კარტერის გარდაცვალების შემდეგ, 30 დღის განმავლობაში, კაპიტოლიუმის დროშები ნახევარ ანძაზე უნდა ფრიალებდეს. ინაუგურაციის განმავლობაში ისინი დროებით აიწევა.

ტრამპი 20 იანვარს დადებს ფიცს - მარტინ ლუთერ კინგის დღეს, რაც ამერიკის ისტორიაში მხოლოდ მესამე ასეთი დამთხვევაა ობამას 2013 წლისა და კლინტონის 1997 წლის ინაუგურაციების შემდეგ.

სიტყვებით გამოსვლა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე დაიწყება.

მოსამართლე ჯონ რობერტსი ფიცს კაპიტოლიუმის დასავლეთ ფასადზე მიიღებს, სადაც ტრამპი ბიბლიას ხელს დაადებს და 35-სიტყვიან საპრეზიდენტო ფიცს წარმოთქვამს: "მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ და შევინარჩუნებ აშშ-ს კონსტიტუციას."

მისი თანამებრძოლი, ოჰაიოს სენატორი ჯეი დი ვენსი, რამდენიმე წუთით ადრე ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნება.

- როგორ ვადევნოთ თვალ-ყური ინაუგურაციას აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში და მსოფლიოში?

Guardian-ი თავის YouTube-ის არხზე ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადმოსცემს. ამასთან, აშშ-ში ყველა მთავარი საინფორმაციო ქსელი პირდაპირ ეთერში აჩვენებს ტრამპის გამოსვლას და მოვლენას მთელი დღის განმავლობაში გააშუქებს. CBS, CSPAN და PBS ტრამპის გაპრეზიდენტებას ასევე პირდაპირ ეთერში, YouTube-ზე გადასცემენ.

გაერთიანებულ სამეფოში ინაუგურაცია გადაიცემა BBC One-ზე და iPlayer-ზე, ისევე, როგორც Sky News-ზე, ITV-ზე და Channel 4-ზე.

CSPAN-ის YouTube სტრიმი ხელმისაწვდომია მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ცერემონიას შეგიძლიათ უყუროთ თეთრი სახლის ვებ-საიტზეც, რომელიც გლობალურად ხელმისაწვდომ პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს.

- როდის არის ტრამპის საინაუგურაციო მიმართვა და რას იტყვის ის?

ფიცის დადებას საინაუგურაციო მიმართვა მოსდევს. 2017 წელს ტრამპმა ისაუბრა "ამერიკულ ხოცვა-ჟლეტაზე" და დღის წესრიგისთვის წარმოადგინა თავისი ხედვა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". 16-წუთიანმა გამოსვლამ აშშ-ს შემზარავი ხედვა შესთავაზა - ტრამპმა დაიფიცა, რომ ამერიკელი ხალხისთვის, ძალაუფლებას თავიანთი ინტერესებისთვის მოქმედი პოლიტიკოსებისგან აუცილებლად დაიბრუნებდა.

უნდა ველოდოთ, რომ ტრამპი ისაუბრებს რამდენიმე პოლიტიკურ ინიციატივაზე, რომელთა დაუყოვნებლივ განხორციელების პირობაც თანამდებობაზე არჩევისთანავე დადო, მათ შორისაა სამხრეთ საზღვრის დახურვა; დაწყება იმისა, რასაც ის აშშ-ს ისტორიაში უდიდეს დეპორტაციის ოპერაციას უწოდებს; და 6 იანვრის იმ აჯანყებულების შეწყალება, ვინც უკვე დაპატიმრებულები არიან ან ვისზეც სასამართლო პროცესები ამჟამად მიმდინარეობს.

გაურკვეველია, რამდენად ისაუბრებს ის მის პირობებზე პირველი დღის აღმასრულებელი ბრძანებების შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ, ისინი შეეხება ელექტრო მანქანების მანდატების დასრულებას, ფედერალური რეგულაციების გაუქმებას ე.წ. "ეფექტურობის დეპარტამენტისთვის", რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს და ტრანსგენდერი სპორტსმენების აკრძალვას ქალთა სპორტსა და სამხედრო სამსახურში. გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ სწრაფად იმოქმედებდა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა მან კონფლიქტის გადაჭრისთვის საკუთარი ვადები ახლახანს ერთი დღიდან ექვს თვემდე გააფართოვა.

როგორი ამინდი იქნება ვაშინგტონში?ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ყინვის პირობებში გაიმართება. Weather Channel-ის პროგნოზით, მაქსიმუმალური ტემპერატურა -2C იქნება, მინიმუმალური კი -11C. თუმცა, დღის განმავლობაში მზეც გამოანათებს.

მზადება ინაუგურაციისთვის

- ვინ დაესწრება?

ცერემონია გააერთიანებს ტექნოლოგიური სფეროს აღმასრულებელ პირებს, ყოფილ პრეზიდენტებსა და ზოგიერთ უცხოელ ლიდერს. საინაუგურაციო სივრცის საპატიო ადგილებზე სავარაუდოდ, იქნებიან TikTok-ის გენერალური დირექტორი შოუ ზი ჩიუ; Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი; Amazon-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი; და X-ისა და Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი. Coinbase-ის გენერალური დირექტორი ბრაიან არმსტრონგი მიწვეული იყო, მაგრამ გაურკვეველია, დაესწრება თუ არა ის ცერემონიას.

მოსალოდნელია ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტის დასწრება: ბარაკ ობამა (თუმცა მიშელ ობამამ უარი განაცხადა), ჯო და ჯილ ბაიდენები, ბილ და ჰილარი კლინტონები და ჯორჯ და ლორა ბუშები. ტრამპის გუნდმა მიწვევები გაუგზავნა რამდენიმე უცხოელ ლიდერს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს; სალვადორის პრეზიდენტს, ნაიბ ბუკელეს; უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს; და არგენტინის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის. პალატის ყოფილმა სპიკერმა და კალიფორნიელმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება.

რაც შეეხება ხალხის მოსალოდნელ რაოდენობას, აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიცია დაახლოებით 250 000 ბილეთიან სტუმარსა და ათასობით პროტესტანტს ელის. ტერიტორიაზე 25,000 სამართალდამცავი და სამხედრო პერსონალი იქნება წარმოდგენილი, შტატის პოლიციასთან, 7,800 ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცთან და 4,000 ოფიცერთან ერთად.

- რომელი კომპანიები აფინანსებენ ზეიმს?

ტრამპ-ვენსის საინაუგურაციო კომიტეტმა 170 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა, მოსალოდნელია 200 მილიონ დოლარზე მეტის მიღწევაც - რაც აღემატება ობამას ინაუგურაციისთვის გაწეულს 53 მილიონ დოლარს 2009 წლისთვის და კლინტონის 24 მილიონ დოლარზე ნაკლებს 1997 წლისთვის.

მსხვილ კორპორატიულ დონორებს შორის არიან მსოფლიოს ხუთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, თითოეული - მინიმუმ 1 მილიონი დოლარის შენატანით. Microsoft-მა თავისი ჩვეული შენატანი 1 მილიონ დოლარამდე გააორმაგა, ხოლო Google-მა თავისი ტრადიციული შეთავაზება გაასამმაგა და 285,000 დოლარიდან 1 მილიონ დოლარამდე ასწია. ავტოინდუსტრიამაც მძლავრი მხარდაჭერა გამოხატა: Toyota-დან, Ford-დან და General Motors-იდან თითოეულმა 1 მილიონი დოლარი გაიღო. სხვა მთავარი კონტრიბუტორები არიან: Pfizer, Hims & Hers, Intuit და Robinhood, რომელთაც 2 მილიონი დოლარი გაიღეს.

მილიონდოლარიანი დონორების კლუბს Lockheed Martin-იც შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი წინა ინაუგურაციებთან შედარებით ნაკლებ ღონისძიებას მასპინძლობს.

- ვინ იქნებიან შემსრულებლები?

მუსიკალური პროგრამა მოიცავს ქანთრისა და დისკოს. ფიცის დადების ცერემონიაზე კერი ანდერვუდი და ლი გრინვუდი გამოვლენ.

კლასიკური ვოკალისტი, კრისტოფერ მაკიო ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს. მიწვევისთვის მან X-ზე თავისი "ღრმა თავმდაბლობა და მადლიერება" გამოხატა. საღამოს ზეიმებზე: Liberty Ball-ზე წარმოდგენილები იქნებიან ჯეისონ ოლდინი და Village People; Commander in Chief Ball-ზე : რასკალ ფლატსი; ხოლო Starlight Ball-ზე - გევინ დეგრო.

ბილი რეი საირუსი და კიდ როკი კვირას, MAGA rally-ზე გამოვლენ. საინაუგურაციო კომიტეტი Liberty Ball-ზე საზოგადოებას "მოულოდნელ მუსიკალურ სტუმარსაც" შეჰპირდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გამჟღავნებულა.

- როგორ იზეიმებენ ტრამპის მხარდამჭერები?

წინა ინაუგურაციების შტატზე ორიენტირებული ტრადიციებისგან განსხვავებით, რამდენიმე წვეულება ტრამპის ვირჯინიის გოლფის კლუბში გაიმართება.

წინასაინაუგურაციო MAGA rally მხარდამჭერებს კვირას, Capital One Arena-ზე შეკრებს, კიდევ ერთი არაოფიციალური წვეულება კი, რომელსაც შავკანიანთა კონსერვატიული ფედერაცია ინაუგურაციის წინა საღამოს მასპინძლობს, რეპერ ვაკა ფლოკა ფლეიმს და ამერიკული ფეხბურთის ყოფილ ჩემპიონს, ანტონიო ბრაუნს წარმოადგენს.

ტრამპისთვის წინასაინაუგურაციო მიღებას ასევე უმასპინძლებს ცუკერბერგი, მილიარდერ მხარდამჭერებთან - მირიამ ადელსონთან, ტილმან ფერტიტასთან და ტოდ რიკეტსთან ერთად.

სამი ოფიციალური საინაუგურაციო ბალი ორშაბათს საღამოს გაიმართება: Commander in Chief Ball სამხედრო სამსახურის წევრებისთვის, Liberty Ball ტრამპის მხარდამჭერებისთვის, Starlight Ball კი - ყველაზე უხვი დონორებისთვის.

ბოლო ინაუგურაციებზე წვეულებათა რაოდენობა ბევრად მეტი იყო - ობამამ 2009 წელს 10 ბალს უმასპინძლა, კლინტონი კი 1997 წელს 14-ს დაესწრო. ბაიდენი, 2021 წელს, პანდემიის გამო, არც ერთს დასწრებია.

- როგორია ინაუგურაციის სრული განრიგი?

ტრამპ-ვენსის საინაუგურაციო გუნდის თანახმად, ზეიმი შაბათს, ტრამპის ვირჯინიის გოლფის კლუბში, მიღებითა და ფეიერვერკით იწყება, რასაც მოჰყვება კაბინეტის მიღება და ვიცე-პრეზიდენტის სადილი. კვირას, არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინის დადების ცერემონია გაიმართება, ისევე, როგორც ე.წ. Victory Rally - Capital One არენაზე.

ინაუგურაციის დღე St John’s-ის ეკლესიაში, დილის მსახურებით იწყება, რასაც მოჰყვება ტრადიციული ჩაი ბაიდენებთან თეთრ სახლში. შუადღის ფიცის დადების შემდეგ, კაპიტოლიუმის პრეზიდენტის ოთახში ტრამპი თავის პირველ ოფიციალურ ნაბიჯებს გადადგამს, დაესწრება კონგრესის სადილს, რომელსაც საინაუგურაციო ცერემონიების ერთობლივი საკონგრესო კომიტეტი მასპინძლობს, დაათვალიერებს ჯარებს აღმოსავლეთ ფასადის საფეხურებზე და უხელმძღვანელებს საზეიმო სამხედრო პოლკებისა და ორკესტრების მსვლელობას პენსილვანიის გამზირზე. დღე ოვალურ კაბინეტში ხელმოწერის ცერემონიით სრულდება, რასაც მოჰყვება ტრამპის გამოსვლა სამ საინაუგურაციო ბალზე.

ზეიმი სამშაბათს, ეროვნული ლოცვის მსახურებით დასრულდება.

- სხვა რა უნდა ვიცოდეთ?

78 წლისა და 220 დღის ასაკში, ტრამპი ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, ვინც პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ის ხუთი თვით უფროსია, ვიდრე ბაიდენი იყო, როდესაც მან 4 წლის წინ დადო ფიცი.

ის მხოლოდ მეორე პრეზიდენტია ისტორიაში, რომელიც თანამდებობაზე მეორე ვადით არა გადაბმულად, არამედ - დამარცხების შემდეგ ბრუნდება. პირველი გროვერ კლივლენდი იყო, 22-ე და 24-ე პრეზიდენტი, რომელმაც თეთრი სახლი 1893 წელს დაიბრუნა, როცა მაშინდელი პრეზიდენტი, ბენჯამინ ჰარისონი დაამარცხა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: