"შემიძლია პარალელი გავავლო საქართველოსთან, რომ ფეხბურთი ნეაპოლელების იდენტობის ნაწილია და მათი წარმოდგენიდან, გადმოსახედიდან გამომდინარე, მათ იდენტობას შეეხნენ, გათელეს. ამიტომაც, როგორც ქართველს მესმის, რატომ ჰქონდათ ასე მწვავე რეაქცია. თუმცა, ასეთი აგრესია და უზრდელობა ჩემთვის მიუღებელია" - იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, ქართულ-იტალიური ონლაინ მედია ERMES TV-ს (ერმესი მედია) დამფუძნებელი - ნინა მამუკაძე იტალიიდან გვესაუბრა.
- რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან მცირე დროში შეძლო, ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, როგორც საფეხბურთო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით. საფეხბურთო თვალსაზრისით ხვიჩა ტალანტია, ეს ტალანტი მან ძალიან დიდი შრომით განავითარა. ნეაპოლში ხვიჩას საოცარი გარემო დახვდა, რამაც ასეთ დიდ მასშტაბზე გაიყვანა. ნეაპოლში ხდება ის, რაც არსად. ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს, ფეხბურთის ღმერთი მარადონაც ხომ სწორედ ნეაპოლში ჰყავთ, ის, ვინც კლუბს ორი სკუდეტო მოაგებინა. მესამე სკუდეტო კლუბმა ხვიჩას დამსახურებით მოიგო.
წარმოიდგინეთ, ხვიჩა ნეაპოლელების რამდენად დიდ სიყვარულს დაიმსახურებდა, ის ხომ მესამე სკუდეტოს მთავარი გმირი იყო. ოდნავაც არ გამკვირვებია ნეაპოლელების ასეთი ემოციური რეაქცია, როდესაც ხვიჩას წასვლის შემდეგ ინფორმაცია გავრცელდა. მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია წყენის, გულისტკივილის ისეთი ფორმით გამოხატვა, რაც სოციალური ქსელების მეშვეობით ვნახეთ. არცერთი ფეხბურთელი, მითუმეტეს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მართლაც საოცრებები მოახდინა, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, არ არის მთლიანად ნეაპოლის და ნაპოლის გულშემატკივრების დამოკიდებულება.
ხვიჩას სამოქალაქო დამსახურება ვახსენე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქამდე იტალიელები საქართველოს ემიგრანტების მეშვეობით იცნობდნენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირი შეხება მაქვს ემიგრანტებთან და ვხედავ, როგორ ცდილობენ საკუთარი სამშობლო საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ. ეს არ არის ტრაფარეტული ფრაზა, რომ ემიგრანტები თავიანთი ქვეყნის ელჩები არიან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ცნობადობა რადიკალურად, სასწაულად ხვიჩა კვარაცხელიას გადმოსვლის შემდეგ გაიზარდა. ამ ყველაფრის ცოცხალი მოწმე ვარ. თუ მანამდე ახსენებდი, რომ ქართველი ხარ, თავს ვალდებულად თვლიდი, აგეხსნა, რომ არ ხარ რუსეთიდან, რომ რუსული შენი მშობლიური ენა არ არის, რომ არც ამერიკის ერთ-ერთი შტატიდან ხარ. "კვარამ" მოახერხა ის, რაც ევროპაში დღემდე ვერავინ შეძლო. ძალიან დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდნენ ქართველები ამ პერიოდში.
- თქვენი, როგორც ჟურნალისტის ყოველდღიურობაც შეიცვალა?
- ჩემიც, როგორც ჟურნალისტის ცხოვრებაც ერთგვარად შეიცვალა. ფლორენციაში ვცხოვრობ, მაგრამ ნეაპოლში თამაშებზე ჩასვლა ხშირად მიწევდა. ემპოლში და ფლორენციაშიც ვესწრებოდი მის თამაშებს. მე სპორტული ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქართველი ემიგრანტების მხრიდან მოდიოდა, როგორც კი ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ამ თემაზეც დამეწყო მუშაობა. მახსოვს, ხვიჩა კვარაცხელია სულ ახალი გადმოსული იყო ნაპოლიში, პირველივე ორ თამაშში, სამი გოლი გაიტანა.
იმ დროს კოვიდიანი, სიცხიანი სახლში ვიწექი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ავდექი და პირველი სიუჟეტი გავაკეთე, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. სულ მალე ფლორენციაში ითამაშა ნაპოლიმ, აქაც მოვამზადე სიუჟეტი, სადაც ფიორენტინას, ნაპოლისა და ქართველ გულშემატკივრებთან ჩავწერე ინტერვიუები. ამასაც საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. მივხვდი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. ასე შევითავსე საფეხბურთო თემა, როცა მანამდე ძირითადად საემიგრაციო და კულტურულ თემებზე ვმუშაობდი. ჩემს ცხოვრებაშიც თითქოს ახალი ეტაპი დაიწყო.
ამის შემდეგ, ნაპოლის თამაშებს, აკრედიტაციით ვესწრებოდი. შემიძლია, ვთქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემს პროფესიაში ფეხბურთი შემოიტანა. თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა, რადგან მანამდე მოყვარულის დონეზე ვუყურებდი და ვიცნობდი ფეხბურთს. თურმე ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი. ახლა საკმაოდ კარგად ვერკვევი ფეხბურთში. გავაცნობიერე, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. ეს სახალხო სპორტია, მით უმეტეს იტალიის რეალობიდან გამომდინარე. ზემოთ ვახსენე, რომ ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს, მაგრამ ზოგადად იტალიაშია ეს სპორტი ძალიან დაფასებული და პოპულარული. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ნაპოლის ყველაზე მეტი სპორტული ჟურნალისტი და ყველაზე მეტი სპორტული გადაცემა და ონლაინ მედია ჰყავს.
არ მგონია ამდენი სხვა რომელიმე კლუბს ჰყავდეს. საოცარი მეგობრები შევიძინე ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტების სახით. ეს ის მეგობრობაა, მთელი ცხოვრება გამყვება და ამისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან დიდი მადლობელი ვარ. თავისდაუნებურად ამდენად დიდი რამ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ასევე რამდენიმე დიდ პროექტში ჩავერთე და მე თვითონაც დავაორგანიზე ნეაპოლში ისევ და ისევ იმ მოტივით, რომ იქ განსაკუთრებულად გაზრდილი იყო საქართველოს და ქართველების მიმართ ყურადღება. ეს პროექტები, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა, დიდი წარმატებით განხორციელდა.
ზოგადად, ნეაპოლელები ძალიან ემოციურები არიან. ძალიან ხშირი და ახლო შეხება მქონდა და მაქვს და ვგრძნობ თუ როგორ იციან ემოციის გაზიარება, როგორც კარგის, ამ შემთხვევაში დავინახეთ, რომ ცუდისაც. ძალიან ბევრი მწერდა, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, პირადში, ცუდი არ მოუწერიათ. საჯაროდაც მე თვითონაც ვერიდებოდი ვინმესთან პოლემიკაში შესვლას, იმხელა ტრაგედია იყო ნეაპოლელებისათვის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლა. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ ვერ გავამართლებ იმ შეურაცხყოფას რაც ვნახეთ. მე ვხვდები ნეაპოლელების ასეთი რეაქციის მიზეზს და ეს ვუთხარი ხვიჩას ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელმაც პირადში საოცარი წერილი გამომიგზავნა.
- გვიამბეთ ამის შესახებ..
- ვიდეომიმართვა გავავრცელე იტალიურ ენაზე, სადაც ჩემს აზრს გამოვხატავდი. მოგეხსენებათ, გავრცელდა ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო წასვლის შესახებ და ერთ-ერთმა გულშემატკივარმა და გამომწერმა გაეტანო კორბისიერომ მომწერა, რომ ამ ორი ვიდეოს ნახვის შემდეგ დაფიქრდა და სხვანაირად მიიღო მოცემულობა. მწერდა, რომ თავიდან სხვანაირად ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ სხვანაირი დამოკიდებულება გაუჩნდა. რომ გაბრაზებული და ნაწყენი იყო, მაგრამ შეურაცხყოფას ისიც ვერ ამართლებდა. ძალიან დიდი მადლობელია ხვიჩა კვარაცხელიასი და ჩვენ, ქართველებიც ძალიან ვუყვარვართ. ეს სიყვარული კი სულ გაგრძელდება. მე ამ ადამიანის წერილიდანაც შემიძლია ვიმსჯელო და იქიდან გამომდინარეც, რომ ნეაპოლელებს ძალიან კარგად ვიცნობ. როგორც უკვე აღვნიშნე, ფეხბურთი ნეაპოლში მხოლოდ სპორტი არ არის, ეს მათი კულტურის და იდენტობის ნაწილია.
ისინი ძალიან განსხვავდებიან დანარჩენი იტალიელებისგან. ერთმანეთს შემიძლია შევადარო ნეაპოლელები და ქართველები. ჩვენ მხოლოდ ტემპერამენტით არ ვგავართ ერთმანეთს, ნეაპოლელებს ისევე როგორც ქართველებს მუდმივად მტკიცება უწევთ, რამდენად ღირებულია მათი კულტურა, ტრადიციები, ულამაზესი ნეაპოლი და მთლიანად კამოანიის რეგიონი... ნეაპოლი და "ნაპოლი" ცოტა დაჩაგრული არიან ისეთ კლუბებთან შედარებით როგორებიც არიან იუვენტუსი, ინტერი, მილანი… ისინი პრივილეგირებული კლუბები არიან… შემიძლია პარალელი გავავლო საქართველოსთან, რომ ფეხბურთი ნეაპოლელების იდენტობის ნაწილია და მათი წარმოდგენიდან, გადმოსახედიდან გამომდინარე, მათ იდენტობას შეეხნენ, გათელეს. ამიტომაც, როგორც ქართველს მესმის, რატომ ჰქონდათ ასე მწვავე რეაქცია. თუმცა, ასეთი აგრესია და უზრდელობა ჩემთვის მიუღებელია. ბოლოს კი, მადლობა მინდა გადავუხადო ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ერთმა რიგითმა ემიგრანტმა და როგორც ჟურნალისტმა. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რაც კვარამ შეძლო, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და დარწმუნებული ვარ, წინ უფრო დიდი გამარჯვებებია.
წაიკითხეთ ასევე: