ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ - ჟერმენის" ფეხბურთელია. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ პსჟ-სთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. კვარაცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება გუშინ წარმატებით გაიარა.
"პარი სენ-ჟერმენი მოხარულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან 2029 წლამდე კონტრაქტის გაფორმებას აანონსებს. 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც 7 ნომრიან მაისურს მოირგებს, კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი ხდება" - ამ შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მას შემდეგ, რაც ხვიჩამ პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა.
თუმცა ეს მხოლოდ ერთი პოსტი არ იყო, რაც ქართველი ფეხბურთელის ფრანგულ კლუბში გადასვლას მიეძღვნა. კონტრაქტის გაფორმებიდან მალევე პსჟ-ს გვერდი "კვარას" ვიდეოებითა და ფოტოებით აჭრელდა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ხვიჩა!
ხვიჩა პარიზელია" - ამ შინაარსის პოსტებია კლუბის ფეისბუქ გვერდზე.
ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვან დღეებში მის გვერდით მეუღლეა. ამჯერადაც პარიზში იმყოფებოდა ნიცა თავაძე.
"უბედნიერესი დღე კვარასთვის და ნიცასთვის" - ამ კომენტარით ავრცელებს GEO TEAM ხვიჩას და "კვარას ფოტოს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი მეუღლესთან ერთად გუშინ დატოვა და პარიზში გაემგზავრა.
ამის ამსახველი ვიდეო CalcioNapoli24 - მა გამოაქვეყნა.
ხვიჩას ყველა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელი გამოემშვიდობა და წარმატება უსურვა. თავად "კვარაც" ძალიან შთამბეჭდავი ვიდეოთი დაემშვიდობა "ნაპოლის" და ნეაპოლს. დრის მერტენსმა, რომელიც კლუბში 2013-2022 წლებში თამაშობდა, ახლა კი "გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ასპარეზობს, ქართველს გამოსამშვიდობებელი ვიდეოს გამო მადლობა გადაუხადა.
ვიდეო ყველა ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. RMC Sport-ი წერს, რომ "კვარას“ თუ უნდოდა გულშემატკივრები აეტირებინა, ეს გამოუვიდა, საერთოდ გუნდის გამოცვლისას ფეხბურთელების გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვები წესად იქცა, თუმცა ხვიჩამ ეს განსაკუთრებულად გააკეთა.
"პარიზიენი“ იტყობინება, რომ კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში“ თავისი სტატუსის ფეხბურთელის შესაბამის ხელფასს მიიღებს, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება და პირველად 25 იანვარს "რეიმსთან“ ითამაშებს.
წაიკითხეთ ასევე: