ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული პიროვნებაა რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შორის, ბოლო თვეებში საჯარო სივრცეს დაბრუნდა. ყოფილი სპორტსმენი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სასიყვარულო ურთიერთობით აკავშირებენ, აქტიურად ავითარებს თავისი მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიას "ზეციური გრაცია“ - ორგანიზაციას, რომელსაც განსაკუთრებული სტატუსი აქვს.
ეს სტატუსი საშუალებას აძლევს აკადემიას, თუნდაც საკუთარი წესებით ჩაატაროს შეჯიბრებები. აკადემიის საქმიანობა, როგორც ჩანს, კონფლიქტის მიზეზად იქცა იმ მწვრთნელთან, რომელმაც მას დიდება მოუტანა. ირინა ვინერი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსაზღვრავდა რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის მიმართულებას.
2024 წლის ივნისის ბოლოს ყაზანში გრანდიოზულად გაიხსნა "ბრიკსის“ ქვეყნების სპორტული თამაშები. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან უკრაინაში შეჭრის გამო მოკვეთილია, კრემლი ამ თამაშებს პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის ალტერნატივად მიიჩნევდა.
ტურნირს განსაკუთრებულობას მატებდა ის, რომ მონაწილეთა სიაში, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ტაილანდის, სერბეთისა და სხვა ქვეყნების ტანმოვარჯიშეებთან ერთად, ცალკე იყვნენ აღნიშნული "ზეციური გრაციის“ რუსული კლუბის სპორტსმენები. საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებებისთვის ეს უჩვეულო ვითარებაა: სპორტსმენები, როგორც წესი, ეროვნული ნაკრებების სახელით გამოდიან და არა ცალკეული სკოლებისა თუ კლუბების. მიზეზი გასაგებია, რატომ სარგებლობდა "ზეციური გრაცია“ ორგანიზატორების ასეთი მხარდაჭერით: კლუბის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ალინა კაბაევაა.
კაბაევა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენია, თუმცა ბოლო წლებში დამოუკიდებელი მედია მასზე უფრო მეტად წერს არა სპორტული მიღწევების, არამედ ვლადიმირ პუტინთან კავშირის გამო. გამოცემები კაბაევას რუსეთის პრეზიდენტის უმცროსი შვილების დედას უწოდებენ. 2022 წელს Wall Street Journal-მა, ამერიკელ ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ამის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. 2024 წლის შემოდგომაზე "დოსიეს" ცენტრმა გამოძიებაში განაცხადა, რომ კაბაევასა და პუტინს ორი ვაჟი ჰყავთ.
2022 წელს აშშ-მა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კაბაევას სანქციები დაუწესეს. ამერიკის ხელისუფლებამ ეს მისი "პუტინთან ახლო ურთიერთობით“ ახსნა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაშიც მითითებული იყო კაბაევასა და პრეზიდენტს შორის "ახლო პიროვნული ურთიერთობები“.
პუტინს კაბაევასთან კავშირი არასდროს უღიარებია. 2008 წელს, როდესაც ხმები გავრცელდა ალინასთან ქორწინებაზე, პუტინმა განაცხადა, რომ "ყოველთვის ცუდად ექცეოდა მათ, ვინც თავისი ცხვირითა და ეროტიკული ფანტაზიებით სხვის ცხოვრებაში ერეოდა.“ 2015 წელს, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კაბაევასა და პუტინს შვილი შეეძინათ, კრემლმა ეს უარყო.
2007 წელს, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, კაბაევა რუსეთის ელიტის ზედა ფენაში სწრაფად დამკვიდრდა. შვიდი წლის განმავლობაში იგი სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო, შემდეგ კი "ეროვნული მედია ჯგუფის“ (НМГ) დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. კაბაევა წლების განმავლობაში ჩრდილში რჩებოდა - იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ და თითქმის არ ურთიერთობდა მედიასთან. პრიალა გამოცემები მას "თითქმის მიუწვდომელ“ ფიგურად მოიხსენიებდნენ.
2022 წლის შემოდგომაზე ვითარება შეიცვალა. კაბაევამ განაცხადა საერთაშორისო მხატვრული ტანვარჯიშის კლუბების ასოციაცია "ზეციური გრაციის“ შექმნის შესახებ. რამდენიმე თვეში კი სოჭში, პუტინის ინიციატივით შექმნილ ცენტრში "სირიუსი,“ იგივე სახელწოდების აკადემია გაიხსნა. სკოლის განვითარების მიზნით, "გაზპრომმა“ უფასოდ გადასცა შენობა, რომლის ღირებულება 2 მილიარდ რუბლს აღემატებოდა.
აკადემიის გახსნის შემდეგ, დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფი კაბაევა, საჯარო ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად დაბრუნდა.
"ზეციური გრაცია“ სოციალური ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა. აკადემიის "ტელეგრამარხზე" ხშირად ვხვდებით ვიდეოებს, რომელშიც ჩანს კაბაევას მოსწავლეების ვარჯიში. ვიდეოებში თავად კაბაევა აძლევს რჩევებს. ყველა ვიდეო ისეა გადაღებული, თითქოს მან არ იცის რომ უღებენ. თუმცა ფაქტია, რომ ალინა კაბაევას არცერთი ფოტო და ვიდეო მისი ნების გარეშე ინტერნეტში არ მოხვდება.
რუსეთის სპორტის სამინისტრომ აკადემიას მისცა უფლება, დამოუკიდებლად შეედგინა თავისი ტურნირების კალენდარი, ჩაეტარებინა შეჯიბრებები საკუთარი წესებით და სპორტსმენებსა და მწვრთნელებს დამოუკიდებლად მიანიჭოს სპორტული ტიტულები.
მაშინ, როდესაც რუსეთის სხვა სპორტული სკოლები საერთო წესებს ემორჩილებიან, "ზეციური გრაცია“ ფაქტობრივად, ცალკე სპორტულ ავტონომიად ჩამოყალიბდა.
"ზეციური გრაციის“ გაჩენამდე, რუსეთის მხატვრული ტანვარჯიში წლების განმავლობაში ეყრდნობოდა ირინა ვინერის წესებს. ის არის ფედერაციის ხელმძღვანელი და მწვრთნელი, რომელმაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი, მათ შორის კაბაევა, აღზარდა. თუმცა, კაბაევას მიერ შექმნილმა აკადემიამ ეს ტრადიცია, ფაქტობრივად, შეცვალა.
ვინერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვრთნელია რუსეთში და სპორტში 1992 წლიდან მუშაობს. 2001 წელს მან რუსეთი მხატვრული ტანვარჯიშის გუნდის ხელმძღვანელობა ითავა, ხოლო 2008 წლიდან რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობების გაერთიანებით, ვინერმა მთლიანად გააკონტროლა რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის სფერო.
როგორც მისი საყვარელმა მოსწავლე კაბაევამ, ვინერმაც ელიტაში დაიმკვიდრა ადგილი. იგი ვლადიმირ პუტინი ფავორიტი გახდა და დიდხანს იყო ქორწინებაში მილიარდერ ალიეშერ უზმანოვთან (რომელთანაც 2022 წელს განქორწინდა).
ვინერის სტატუსი მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შეირყა, როდესაც რუსეთის ტანვარჯიშის სკოლამ პირველად 20 წლის განმავლობაში ვერ მოიგო ოქრო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ხოლო 2023 წელს რუსეთს საერთოდ აუკრძალეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობა.
რუსეთის შიგნით ვინერის პოზიციას, როგორც ჩანს, არაფერი ემუქრებოდა. ის თბილად გამოეხმაურა კაბაევას მიერ საკუთარი აკადემიის შექმნის იდეას, თუმცა მალევე კაბაევასა და ვინერს შორის ურთიერთობა დაიძაბა, როდესაც "ზეციური გრაცია“ "ბრიკსის“ თამაშებზე გამოვიდა როგორც ცალკე ორგანიზაცია.
"ბრისკის“ თამაშებზე გამარჯვება მოიპოვა ვინერის მოსწავლემ, ლალა კრამარენკომ, ხოლო მარია ბორისოვამ, რომელიც "ზეციური გრაციის“ წევრია, მეორე ადგილი დაიკავა. კაბაევას სპორტსმენებმა ოქრო მოიპოვეს ჯგუფურ ვარჯიშებშიც.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ვინერი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ "ძალიან ბედნიერი იყო“, რომ კაბაევა შეხვდა: "ჩვენ თითქმის არ ვხვდებოდით ერთმანეთს, რადგან ალინას თავისი საქმეები აქვს, ხოლო მე - ჩემი. "ბრიკსის" თამაშები დაგვეხმარა იმაში, რომ ისევ ერთად ვიყოთ!“
შეჯიბრები დაძაბული იყო. საბოლოოდ ტურნირი ვინერის წინააღმდეგ საჩივრით დასრულდა. წერილი მინისტრ მიხეილ დეგტიევის სახელზე მთავარი მსაჯმა აისელ გასანოვამ შეადგინა, რომელიც აზერბაიჯანის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელია. გასანოვა წერდა, რომ როდესაც ერთ-ერთ საჩივარს განიხილავდნენ, ვინერი, რომელიც უკმაყოფილოდ იყო თავისი მოსწავლის შეფასებით, მსაჯების მაგიდასთან მივიდა და გასანოვას უთხრა: "თუ "ზეციური გრაცია“ დაგპატიჟებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთვის ყველაფერს უნდა აკეთო“.
"ბრიკსის" თამაშებზე ინციდენტის შემდეგ, ვინერის კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 2024 წლის ივლისში სპორტის მინისტრმა ქალს წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა, გაეანალიზებინა ტურნირზე მომხდარი შემთხვევები. ვინერმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმც დაიწყო საუბარი თავისი მემკვიდრის შესახებ და მოულოდნელად დაასახელა კიდევ ერთი ყოფილი სპორტსმენი, ოლგა კაპრანოვა. 2024 წლის იანვარში ვინერი ამბობდა, რომ "გული კარნახობდა", რომ "მისი მემკვიდრე ალინა კაბაევაა, მაგრამ ის ამისთვის ჯერ მზად არ არის...“
2024 წლის ოქტომბერში, ვლადიმერ პუტინმა იგი გააძევა ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საბჭოდან და მისი ადგილი კაბაევას თანამოაზრემ, მარიამ შპეხტმა დაიკავა. ვინერს კი მხოლოდ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დარჩა, რაც სპორტულმა ჟურნალისტებმა "ყველა ფრონტზე წაგება" უწოდეს.
ამავე დროს, კაბაევა აგრძელებს აკადემიის განვითარებას და საერთაშორისო ასოციაციის რანგში პოზიციებს იკავებს. ნოემბერში ყატარში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მან დიდი ყურადღება მიიპყრო. კაბაევას თქმით, "სპორტში არ არსებობს მტრები, არსებობენ მხოლოდ კონკურენტები და მთავარია საკუთარი თავი დაამარცხო". წყარო
წაიკითხეთ ასევე: