აშშ-ში არალეგალი მიგრანტებისთვის ნამდვილი "განკითხვის დღე" დგას. დეპორტაციის ცენტრებში არ წყდება ფედერალური აგენტების მიერ დაკავებული მიგრანტების ნაკადი, მათი დიდი ნაწილი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან არის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასულ და არალეგალურად მცხოვრებ ადამიანებს დამშვიდების საშუალება აქვთ. უკვე ცნობილია, რომ რიგი ქვეყნების მიმართულებით უკვე შესრულდა სპეციალური რეისები სამხედრო თვითმფრინავებით და ასობით ადამიანი დააბრუნეს იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც იყვნენ. მათი ნაწილი ლაპარაკობს ამერიკელი სამართალდამცავების მხრიდან დეპორტაციისას უხეშ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე.
ყველაფერი კი დაიწყო პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, როდესაც მან გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც 21 იანვარს ამოქმედდა რეგულაცია აშშ-შ მყოფი არალეგალი მიგრანტების დაჩქარებული დეპორტაციის შესახებ.
გარდა იმისა, რომ გაუქმდა მთელი რიგი პროგრამები, რომელიც არალეგალებს ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა, ამოქმედდა ერთგვარი საგანგებო მდგომარეობა. ICE (იმიგრაცია და საბაჟო აღსრულება) პოლიცია, ფედერალურ აგენტებთან ერთად შტატებში მყოფ მიგრანტებს მასობრივად აკავებს და მათ უკან სამხედრო თვითმფრინავებით აბრუნებენ.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ასობით მიგრანტი უკვე გააძევეს ქვეყნიდან. საზღვრებთან მისულ ჯგუფებს კი ადგილზე აკავებენ ან უკან აბრუნებენ.
როგორც CNN წერს, იმის გათვალისწინებით, რომ პროცესის, სავარაუდოდ, უფრო გააქტიურდება, ფედერალურ აგენტებს უბრძანეს, მუდმივად ჩართული ჰქონდეთ სამხრე კამერები.
რა არის და როგორ მუშაობს პროგრამა Remain in Mexico ("დარჩი მექსიკაში") - ამის შესახებ განმარტებებს აშშ-ში მცხოვრები პარალეგალი გიორგი ხატიაშვილი აკეთებს.
“მოგეხსენებათ, 20 იანვარს ტრამპმა გააჩერა cbp one პროგრამა და ამოქმედდა პროგრამა Remain in Mexico. თუ cbp-ის დროს ნიშნავდით შეხვედრას ოფიცერთან, ბარდებოდით, გადიოდით ინტერვიუს, რის შემდეგაც ან გიშვებდნენ, ან გადაჰყავდით ციხეზე და სასამართლოს ციხეში ელოდებოდით, ახლა ასე აღარ იქნება - ყველაფერს დაელოდებით მექსიკაში", - განმარტავს გიორგი ხატიაშვილი.
როგორც სოციალურ ქსელში, აშშ-ში მყოფი ქართველი ემიგრანტები წერენ, ქვეყანაში პანიკაა. რამდენიმემ საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ გამოჰყავთ სახლებიდან სხვა ქვეყნის მიგრანტები და დეპორტაციის პუნქტებში გადაჰყავთ.
თუმცა, უმრავლესობა ერთმანეთს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. რამდენიმე მათგანმა საკუთარი გამოცდილებაც დაწერა. მათი თქმით, პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერა.
“რაც ხდება ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საპოლიციო გადამოწმება როგორც ყველა დანარჩენ ქვეყანაში, აქაც ანალოგიურად არის. გამაჩერეს 3-ჯერ, მხოლოდ საბუთები მოითხოვეს, ისე, რომ არც გადაუმოწმებიათ ნორმალურად. საპოლიციო რეიდი სხვაა, Ice რეიდი - სხვა. ხელოვნურად, მიზანმიმართულად აპანიკებენ ხალხს ისევ ქართველები! არ აჰყვეთ პანიკას, მშვიდად. წყნარად შეხედეთ რეალობას. საქართველოში მეტროში რომ ჩადიხარ, იქაც არის ხოლმე საპოლიციო რეიდი საბუთებს ითხოვენ და ამერიკაში რომ გაგაჩერონ, აქ პრობლემა რაშია? ან სანერვიულო რაა? ელემენტარული საბუთიც რომ ანახოთ, სადაც მონაცემები ჩანს თქვენი, საკმარისია... წარმატებები ყველას,“ - წერს შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტი.
ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველ დედა-შვილი გამოაძევეს. AMBEBI.GE აღნიშნულის გადამოწმებას ცდილობს.
“ძალიან ცუდი რეგულაციაა, ფრთხილად იყავით, იმიტომ, რომ შეიძლება შეეხოს ნებისმიერს. არ აჰყვეთ პანიკას, იყავით მშვიდად და ძალიან აკურატულად შეხედეთ ამ საკითხს და გაითვალისწინეთ, გადამოწმებული რჩევები,“ - აღნიშნავს აშშ-ში მცხოვრები ქართველი იურისტი ანა აბაშიძე.
როგორც ის განმარტავს, ახალი რეგულაციები არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, თუმცა რეალობის გათვალისწინებით, საჭიროა დეტალების ცოდნა.
"ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია. ახალმა ადმინისტრაციამ მოაწერა ხელი და პოლიციელებს მისცა უფლება, იმ ადამიანების დაკავების და დაჩქარებული დეპორტაციის, რომლებიც 2 წელზე ნაკლებია ამ ქვეყანაში იმყოფებიან“, - აღნიშნავს თავის ვიდეოში ანა აბაშიძე.
- ეხება თუ არა ახალი რეგულაცია ისეთ შემთხვევებს, რომლებიც სასამართლო წარმოებაშია და პასუხის მოლოდინშია?
- კი, ეს შეიძლება შეეხოს ზუსტად ასეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადამიანს გაგზავნილი აქვს საბუთები სასამართლოში, საემიგრაციოში და წარმოების პროცესი მიმდინარეობს".
- რა უნდა იცოდეს არალეგალმა, ანუ რისი უფლება აქვს, თუ ICE-ის ფედერალური პოლიცია შეამოწმებს?
- მოაგროვეთ ყველანაირი ინფორმაცია, საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ ქვეყანაში 2 წელზე მეტია იმყოფებით. მაგალითად: სამუშაო უფლება, თქვენს სახელზე არსებული საფოსტო გზავნილები, სადაც თარიღი ჩანს. სკოლაში თქვენი შვილის ჩარიცხვის თარიღი, ცნობა თვენი დამსაქმებლისგან, რომელი წლიდან მუშაობთ მასთან. ნებისმიერი საბუთი, რაც დაადასტურებს, რომ თქვენ ქვეყანაში უკვე 2 წელზე მეტია, რაც ხართ.
გაქვთ დუმილის უფლება, ასევე უფლება მოითხოვოთ ადვოკატი და ხელი არაფერს მოაწეროთ, ვიდრე ზუსტად არ გეცოდინებათ შიგნით რა წერია.
ოფიციალური გვერდის, Immigration And Info-ის დამფუძნებელი და აშშ-ში მცხოვრები ქართველი ადვოკატი სოფია ჰაჩინსონი, რომელიც 20 წელზე მეტია მიგრანტებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს და დეტალურად განმარტავს ახალი ბრძანებების შინაარსს.
“რაც შეეხება დაჩქარებულ დეპორტაციას, თუ თქვენ ქვეყანაში ხართ უსაბუთოდ, განსაკუთრებით ეს შეეხება მათ, ვინც “უპაროლოდ“ არის შემოსული და არ აქვთ ინსპექცია გავლილი; თუ თქვენ ვერ წარმოადგენთ დამამტკიცებელ საბუთებს იმისა, რომ ქვეყანაში ხართ 2 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში გელოდებათ დაჩქარებული დეპორტაცია.
როდესაც პოლიციელი გაგაჩერებთ, არ წარმოადგინოთ ქართული პასპორტი, იმიტომ, რომ ეს არის დამამტკიცებელი იმისა, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე", - განმარტავს ადვოკატი.
“ამ მომენტისთვის სრულიად აკრძალულია თავშესაფრების მოთხოვნა. არ მოტყუვდეთ და არ დაუჯეროთ, თუ ვინმემ გითხრათ, რომ შეიძლება წამოსვლა! ამ ეტაპზე ეს არ გააკეთოთ!
ეს არის დროებითი, ვიდრე, როგორც პრეზიდენტმა თქვა -“შემოსევა“ არ მოექცევა კონტროლის ქვეშ. შემდეგ შეიძლება დაიწყოს ამ კანონების “მოშვება“. ამ ეტაპზე არავის დაუჯეროთ, ვინც გეტყვით -“შემოდი მექსიკაშიო და ა.შ.“ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით,“ - აღნიშნავს სოფია ჰაჩინსონი.
Pew Research Center-ის უახლესი შეფასებით, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 11 მილიონი არალეგალური იმიგრანტი ცხოვრობს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალურად მყოფი ადამიანების დაკავებებისა და დეპორტაციის შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს.
მანამდე ტრამპმა დაპირება გასცა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დაიწყებდა იმ ადამიანების მასობრივ დეპორტაციას, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად შევიდნენ.
იხილეთ ასევე: