ავტორი:

"რუსი მოციგურავეები, მწვრთნელები და მათი ოჯახები აშშ-დან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ტრაგედია მოხდა" - ავიაკატასტროფის ახალი დეტალები

"რუსი მოციგურავეები, მწვრთნელები და მათი ოჯახები აშშ-დან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ტრაგედია მოხდა" - ავიაკატასტროფის ახალი დეტალები

დასავლური მედია აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ განახლებულ დეტალებზე წერს. CNN -ის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა, რუსი მოციგურავეები იყვნენ.

  • “სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ვაშინგტონთან აშშ-ს არმიის ვერტმფრენს დაეჯახა, რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი ფიგურულ სრიალში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ,“ - წერს გამოცემა სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით.

მანამდე აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის ფიგურული სრიალის ასოციაციამ, თუმცა გარდაცვლილთა ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

“ეს სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახები სახლში ბრუნდებოდნენ ფიგურული სრიალის ეროვნული განვითარების ბანაკიდან, რომელიც აშშ-ში, კანზასში გაიმართა. ჩვენ განადგურებულნი ვართ ამ ენით აუწერელი ტრაგედიით. გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და გამოვაქვეყნებთ დამატებით ინფორმაციას, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება“, - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

theguardian-ის ის ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ რუსი მოციგურავეები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი.

ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი გამოდიან 1995 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში. ინგლისი, ბირმინგემი. ფოტო: Chris Cole/Getty Images

“მოციგურავეა მათი ვაჟი, მაქსიმი. შესაძლოა თვითმფრინავში ისიც იმყოფებოდა,“- იტყობინება სააგენტო რუსული საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით.

წყვილის ვაჟი, მაქსიმ ნაუმოვი

შიშკოვა და ნაუმოვი ცხოვრობდნენ შეერთებულ შტატებში, სადაც წვრთნიდნენ ახალგაზრდა მოციგურავეებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ასევე იმყოფებოდა ყოფილი მოციგურავე ინა ვოლიანსკაია, იგი იყო ვაშინგტონის ფიგურულ სრიალთა კლუბის მწვრთნელი.

  • შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 21:00 საათზე American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახება ვაშინგტონის რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს მიუახლოვდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

უკვე ცნობილია დადასტურებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. CBS-ის ცნობით, მყვინთავებმა 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ექსპერტები თვითმფრინავების ნამსხვრევებს იკვლევენ.ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ შეჯახებისას რეისზე იმყოფებოდა 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. გამოცემის ცნობით, “თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო“.

სამძებრო - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

წყარო

იხილეთ ასევე: