საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ქურდოვანიძე წერს, ის ციხეში მყოფს რამდენჯერმე შეხვდა და სრულებით არის დარწმუნებული, რომ მზია ამაღლობელი შიმშილობას არ შეწყვეტს. მისი მდგომარეობა კი ყოველ დღე მძიმდება.
მას შემდეგ რაც რუსთავის ციხეში გადმოიყვანეს, პირადად შევხვდი სამჯერ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის შიმშილობას არ შეწყვეტს.
არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მისი ჯანმრთელობა უნდა მოწმდებოდეს. რაღაც კვლევები და შემოწმებები მართლაც უტარდება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ სამედიცინო დოკუმენტებზე, რომ ამის ალტერნატიული შემოწმება შევძლოთ.
“მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.
მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია.
მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები,“ - აღნიშნულია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.
იხილეთ ასევე: