მთა ტარანაკი - ახლა უკვე მაორის მიერ დარქმეული სახელი “ტარანაკი მაუნგა“, არის უახლესი ბუნებრივი სხეული ახალ ზელანდიაში, რომელსაც პიროვნების სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ CNN წერს.
იურიდიული აღიარება ადასტურებს ტარანაკის კოლონიზაციას და შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის მთავრობას ვალდებულს ხდის მიწისთვის მიყენებული ზიანის გამო, ძირძველ მოსახლეობას კომპენსაცია გადაუხადოს.
ხუთშაბათს მიღებული კანონი “ტარანაკი მაუნგას“ ანიჭებს პირის ყველა უფლებას და ვალდებულებას. მას აქვს იურიდიული პირის სტატუსი და კანონი განიხილავს როგორც "ცოცხალ და განუყოფელ მთლიანობას". მთლიანობა მოიცავს ტარანაკის, მის მიმდებარე მწვერვალებსა და მიწებს და “მათ შორის ყველა ფიზიკურ და მეტაფიზიკურ ელემენტებს“.
”მთა დიდი ხანია ძირძველი ადგილობრივი ტომების ფიზიკური, კულტურული, სულიერი საზრდოს წყარო და მათი წინაპრების საბოლოო განსასვენებელია”, - თქვა კანონმდებელმა პოლ გოლდსმიტმა, რომელიც მაორის ტომებთან მთავრობის ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი.
1840 წელს მაორებმა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ახალი ზელანდიის დამფუძნებელ დოკუმენტს - ვაიტანგის ხელშეკრულებას, რომელშიც ბრიტანეთის წარმომადგენლები მაორებს დაჰპირდნენ უფლებებს მათ მიწებსა და რესურსებზე.
მაგრამ ხელშეკრულების მაორი და ინგლისური ვერსიები განსხვავდებოდა - და შესაბამისად, შეთანხმების დარღვევა მალევე დაიწყო.
1865 წელს მაორის ტომს, აჯანყების გამო, სასჯელის სახით ტარანაკის მიწის დიდი ნაწილი, მათ შორის მთა ჩამოართვეს. ახალი კანონის მიხედვით კი აიკრძალა მთის ნებისმიერი სახით დაზიანება, მისი გაყიდვა.
ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ბუნებრივი ადგილები პერსონებად აღიარა. 2014 წელს მიღებულმა კანონმდებლობამ პიროვნული სტატუსი მიანიჭა უზარმაზარ ბუნებრივ ტყეს ჩრდილოეთ კუნძულზე Te Urewera-ს. ტერიტორიის მეურვე ტუჰოეს ტომი გახდა.
რაც შეეხება მთას, მისი პერსონად აღიარების კანონპროექტი პარლამენტში 123-მა დეპუტატმა ერთხმად დაამტკიცა.
იხილეთ ასევე: