"ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს“, - წერს რუსთაველის თეატრის მსახიობის, მანანა აბრამიშვილის შვილი, ამავე თეატრის მსახიობი თეკლა სულაქველიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლ “მიჯაჭვული პრომეთეს” დასრულების შემდეგ მსახიობები, თამთა ინაშვილი, ანა ამილახვარი და ნატალია ყულოშვილი, სცენაზე მაისურებით გამოჩნდნენ, რომელზეც ეწერა: "თავისუფლება ანდროს, თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს..."
მანანა აბრამიშვილის მიმართვას ასევე ვიდეო ჩანაწერით უპასუხეს კოლეგებმა - ნანკა კალატოზიშვილმა და ეკა დემეტრაძემ აბრამიშვილს შეახსენეს, რომ მისი შვილიც აქციებზე იდგა.
"ცუდ მდგომარეობაში ხარ, მანანიკო, შენი შვილი აქციებზე დგას, გავიგე შენი პასუხი, რომ მე მას ამ თემაზე არ ველაპარაკებიო. იცი, რატომ არ ხარ მართალი? შენ ირჩევ ხარებას და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის, რომელიც არბევს შენს შვილს, გაზით გუდავს. რა ფასეულობებზეა საუბარი?! ძალიან სასაცილოა, რომ "ნაცებს" გვეძახი“, - ამბობდა ნანკა ვიდეო მიმართვაში.
თეკლა სულაქველიძე:
"მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა - ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად.
ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი - ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის.
როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა. ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი - დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ.
ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე - მისას. არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს.
მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის".
წაიკითხეთ ასევე: