სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი წყლით "ბაკურიანი ციდა" დაზიანდა - დაეწვა პირ-ხახა.
სოციალურ ქსელში ათასი ჭორ-მართალი ვრცელდება, შეიძლება ითქვას, რომ პანიკაა, მშობლები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ აღნიშნული წყალი ბავშვებს არ დაალევინონ.
როგორც გავარკვიეთ, ერთი ბავშვი მართლა წევს იაშვილის კლინიკაში და იქ მკურნალობს. იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელსაც ვესაუბრეთ, პაციენტის მდგომარეობაზე და სხვა დეტალებზე არაფერი გვითხრა.
"სამწუხაროდ, ბავშვის მდგომარეობაზე პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გაცემის უფლება არ გვაქვს. ამიტომ კლინიკის მხრიდან კომენტარი ვერ გაკეთდება. ბავშვი რჩება კლინიკაში. როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია, მდგომარეობაზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ბოდიში. იურისტისგან მაქვს თხოვნა რომ მესამე პირზე არ გავცეთ არანაირი ინფორმაცია", - გვითხრა მან.
იგივე გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში:
"ბავშვი წევს კლინიკაში, მშობლის თანხმობის გარეშე ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება, მიზეზი რა არის, ამას კლინიკა ვერ იტყვის, შესაბამისი უწყებები იტყვიან".
კიდევ ერთი უწყება, სადაც ამ ინფორმაციაზე დეტალების გარკვევა ვცადეთ, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოა, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს:
"ნებისმიერ შემთხვევაში სააგენტო მოკვლევას ჩაატარებს და შესაბამის განცხადებას გავაკეთებთ. ასეთი სახის ინფორმაციაზე მოკვლევა ყოველთვის ტარდება".
კომპანიაშიც გვითხრეს, რომ თავად გაავრცელებენ მოგვიანებით ოფიციალურ ინფორმაციას.
კომპანია IDS ბორჯომის განცხადება:
"საქართველოს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას".
იხილეთ ასევე: