სტუდენტურმა მოძრაობა “დაფიონმა“ დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი გაავრცელა, რომელშიც ის მზია ამაღლობელს მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.
"მოგესალმებით ქალბატონო მზია. გამძლეობას, მხნეობას და თავისუფლებას გისურვებთ პირველ რიგში!
მე მესმის თქვენი ბრძოლის და თავგანწირვის, მესმის და ვაფასებ! თუმცა არ ესმით "ქოცებს". მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, არც იდეისთვის თუ სამშობლოსთვის თავგანწირვას ქალბატონო მზია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას საკმარისად ჰყავს დაღუპული გმირები... ცოცხალი გმირები გვჭირდება!
მესმის თქვენი პრინციპულობა და ვაფასებ. თქვენმა შიმშილმა მიაღწია მიზანს. თქვენი სიცოცხლის სასწორზე დადებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და თქვენი სიცოცხლე საქართველოს სიცოცხლის სინონიმად იქცა, ჰოდა, გთხოვთ, ნუ მოკლავთ მას...
ამიერიდან შიმშილს მხოლოდ ფატალური შედეგი მოჰყვება, ალბათ ფიქრობთ "ზვარაკად ყოფილა ეს მსხვერპლი". მაგრამ დღეს ცოცხალი მზია ამაღლობელი უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს სამშობლოს, ვიდრე ზვარაკად შეწირული. ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ, რომ შეწყვიტოთ შიმშილობა, სადაც საჭირო იქნება ზვარაკი, ვართ საამისო შვილებიც. მესმის, რომ გაცილებით რთულია იცოცხლო სამშობლოსთვის, ვიდრე სიცოცხლე შესწირო მას, მაგრამ მე თავგანწირვაზე და ზვარაკზე უფრო რთულ გზას გთხოვთ... იცოცხლეთ საქართველოსთვის!
პატივისცემით თქვენი თანამებრძოლი
02.02.2025" - წერს ზვიად ცეცხლაძე მზია ამაღლობელს.

ონლაინგამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, 27-ე დღეა შიმშილობს. ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით, ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
იხილეთ ასევე: