საზოგადოებრივ მაუწყებელზე 40 წელი იმუშავა. დღეს ჟურნალისტობა სხვაგან უწევს, ერთ-ერთ რადიოში თოქშოუ "აქტიური დრო" მიჰყავს. ამბობს, რომ პარალელურად უცხოელებთანაც თანამშრომლობს.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე ამბები სულაც არ უკვირს და ამ ყველაფერზე გულახდილად გვესაუბრება. ტელეჟურნალისტი დოდო შონავას შვილზე, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზეც ვკითხეთ, ჟურნალისტზე, რომელიც მაუწყებლის ხელმძღვანელს ღიად დაუპირისპირდა და ამ ეტაპზე "მოამბის" წამყვანობიდან ჩახსნილია. დოდო შონავა ჩვენი სტუმარია და AMBEBI.GE-ს კითხვებს პასუხობს.
- ქალბატონო დოდო, როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რაც ახლა ქვეყანაში მიდის?
- ცოტა შორიდან დავიწყებ და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, როგორ მზადდებოდა ის, რაც ბოლო სამ თვეში ჩამოყალიბდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, 2009 წელსაც, კრიზისული მდგომარეობა იყო, ასეთი საშინელი არა, მაგრამ მიახლოებული. საჭირო გახდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისეთი პლატფორმა შექმნილიყო, სადაც ოპოზიცია იმ ეთერის გამოყენებას შეძლებდა. მაშინ ამისთვის „მეორე არხი“ შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ვიყავი. იმ მედიაპლატფორმამ, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლაში თავისი წვლილი შეიტანა. 2017 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძე მოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, ეს არხი დახურა. მოსპო საზოგადოებრივ მაუწყებელში იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას თავისი ეთერი ჰქონოდა. ჩემთვის ეს პატარა მინიშნება იყო და ბევრ პოლიტიკოსს შევხვდი, ვუთხარი, რომ ეს და დაუშვებელია, მაგრამ მნიშვნელოვნად არ ჩათვალეს...
ამასთან, თუ თვალს გადავავლებთ იმას, ბოლო 5-6 წლის მანძილზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა ნაბიჯები იდგმებოდა, მაშინ ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ ზღვრამდე მივედით. მიმაჩნია, რომ ეს ის ზღვარია, რომელმაც შეიძლება ისეთ წარსულში გადაგვაგდოს, რომლის შესახებ ამბები მოგვისმენია და მომისმენია თუნდაც, ჩემი ოჯახის რეპრესირებული წევრებისგანაც. ის მონაყოლი ხშირად გაზვიადებულიც მეგონა, რომ მათში ფანტაზია ერია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რეალურია. ის ყველანაირი შეზღუდვას, რასაც რუსეთში წლები დასჭირდა, აქ ფაქტობრივად რამდენიმე თვეში დაჩქარებულად მოხდა. ვინც ამას ასე დაჩქარებულად აკეთებს, ვფიქრობ, იგი შეშინებულია, რადგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა. ამბობენ, რა უნდოდათ, რა საჭირო იყო 28 ნოემბერს ასეთი ტრიგერი, ასეთი თვითდაჯერებული გამოსვლა და იმ განცხადების გაკეთებაო. ვინაიდან ხალხი არჩევნების შემდეგ გარეთ მასობრივად არ გამოვიდა, ჩათვალეს, ამ ამბის გატარება შეეძლოთ. მთელი საზოგადოების სახელით მიიღეს ეს გადაწყვეტილება და არა მხოლოდ დღევანდელი საზოგადოების, იმ ადამიანების სახელითაც, ვინც ამ მიზანთან მიახლოებას შეეწირა... მე ის მაიმედებს, რომ ბოლომდე ამ ყველაფერს ვერ შეძლებენ.

- რატომ ვერ შეძლებენ?
- ამას ყველა ჩვენგანის დასტური სჭირდება. მე არ ვარ მზად, რომ მათ ეს დავუდასტურო. მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ასე ვარ და ვხედავ, რომ არც ახალგაზრდები არიან მზად, დასტური უთხრან იმაზე, რასაც ისინი ამ ქვენას უპირებენ... დღევანდელობის მინუსი ისაა, რომ ეს ზღვარი ძირითადად გამბედაობაზე გადის. საჭიროა, შემოვიდეს სტრატეგიული დაგეგმარება, იმ სისუსტეების განსაზღვრა, რაც ხელისუფლებას აქვს და მას უნდა დავუპირისპირდეთ. მათი სისუსტეები ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. საჭიროა, ისეთი აზროვნების თავმოყრა, რაც სტრატეგიული დაგეგმარებაში დაგვეხმარება.
- დღეს სიმშვიდე არსადაა, მათ შორის, არც საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს არის დაწესებულება, რომელსაც თქვენი ჟურნალისტური კარიერა სრულად უკავშირდება. იქ არსებული სიტუაცია, თქვენი აზრით, განპირობებულია წლების წინ დაწყებული ამბებით? - რაზეც უკვე ისაუბრეთ?
- დიახ. მაშინ მეტი მღელვარება იყო, როცა ვასილ მაღლაფერიძემ გადაწყვიტა მაუწყებელი 2 წლით დაეხურა. თქვა, რომ ის იმდენად ამორტიზებულია, რომ მაუწყებლობას ვერ შეძლებს. თუმცა იმის მერე 7 წელი მაუწყებლობდა და როგორც მას მიაჩნია, წარმატებულად. მაშინ პროფკავშირები ვიყავი და 500-მდე თანამშრომელი იყო იმ მღელვარებაში ჩართული. მიზანს მივაღწიეთ. იმ გეგმაზე უარი ვათქმევინეთ, მაგრამ მერე სხვა გეგმაზე გადავიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით საკუთარი პლაცდარმის მომზადება დაიწყო, GDS-დან გადმოყვანილი თანამშრომლები უკონკურსოდ, ყოველგვარი კვალიფიკაციის დამადასტურებელი თუნდაც ტესტის გარეშე დაასაქმა და ასე ნელ-ნელა დაინერგა ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლაცდარმი. როცა ვამბობ, რომ გავლენებია, არის გავლენები, ოღონდ, ისე, კი არა, რომ ვიღაცას მითითებებს აძლევენ. არა, დაგეგმარებასა და საშუალო პროდიუსერების დონეზე იქ ის ხალხი მუშაობს, ვისაც თვითცენზურა აქვს და ზუსტად იცის, ხელისუფლებას მისგან რა უნდა... შეიძლება დღეს იქ აღარ ვარ, მაგრამ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებლის სამზარეულო კარგად ვიცი... თანდათან სამსახურიდან გაუშვა ის, ვინც შიგნით ავტორიტეტი იყო... დღეს იქ არის ადამიანების გარკვეული ნაწილი, მაგალითად, „თავისუფალი სივრცის“ ჯგუფი, ვინც საკუთარი პროფესიული ღირსებით მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანობაში საკმარისი პროტესტი არ არის, რაც უნდა იყოს...

- საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ სულ ეს ფრაზა გაისმის, რომ ის არ ასრულებს თავის მოვალეობას...
- ხელისუფლებამ ახლა BBC-ის სტანდარტებზე დაიწყო ლაპარაკი. მედიაში ამ სტანდარტების დამკვიდრება უნდა. 2004 წელს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმატის გარდაქმნისთვის მზადება დაიწყო, მაშინ კონკურსით დანიშნული საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი. 10 თვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმატით საინფორმაციო გამოშვებების მოსამზადებლად ჩვენს გუნდს ვწვრთნიდით. პირველი, რასაც BBC-ის მწვრთნელები გვეუბნებოდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რიგითი მოქალაქეა თავისი პრობლემებით, კითხვებით, საჭიროებებით. საინფორმაციო სამსახურის გმირი ეს ადამიანი უნდა იყოს, კერძო პრობლემა უნდა განზოგადდეს. შემდეგ თუ საჭირო გახდა, პოლიტიკოსსაც ჰკითხონ, რა ქმნის იმ პრობლემას... დიახ, მთავარი, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს, ეს რიგითი მოქალაქის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზებია. მხოლოდ მაშინ იქნება არხი პოპულარული, თუკი ის მოქალაქე საკუთარ თავს ეთერში დაინახავს.
- როგორ იმართება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რას უწოდებდით მას?
- გავლენების სფეროს. ამ დროს სიტყვა გავლენა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია, ოღონდ, მასზე გავლენას საზოგადოება უნდა ახდენდეს და ის გავლენიანი თემები უნდა შუქდებოდეს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. დღეს იქ საზოგადოების გავლენა კი არა, ხელისუფლების გავლენა გვაქვს.
- ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თქვენი შვილია. მან ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა... როგორ აფასებთ მის ამ ნაბიჯს?
- ამას მოველოდი. ბოლო დროს ძალიან დეპრესიული იყო, ვხედავდი, რომ აღარ შეეძლო ამ ყველაფერთან შეგუება... რაღაც პერიოდი 18:00-იან „მოამბეში“ იყო სტუმრების ბლოკი, სადაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ. იქ შეეძლო თავისი პროფესიული ღირსების დაცვა, რადგან ორივე მხარეს საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებს უსვამდა... ისეთი ადამიანია, არასდროს მოგახვევს საკუთარ პრობლემებს, მაგრამ მე ხომ დედა ვარ და ვიცი, რა დამოკიდებულება აქვს მაუწყებელთან? ერთხელ ინტერვიუში ჰკითხეს, - რა არის შენი ბავშვობის მძიმე მოგონებაო...
ტელევიზიის ბავშვთა ოთახში დედა რომ მტოვებდა და იქიდან ყველაზე ბოლო რომ გავყავდიო. მართლა ძალიან გვიანობამდე ვმუშაობდი და იქ ბოლო რჩებოდა. ამით იმას ვამბობ, რომ მაუწყებელი მისთვის არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ისევე როგორც ჩემთვის. მანდ მუშაობდა მამამისი, ვმუშაობდი მე. გაიზარდა ოჯახში, სადაც მხოლოდ ამ მაუწყებელზე და შემოქმედებით პროცესებზე იყო საუბარი. ამიტომაც მოველოდი, რომ ასეთ ნაბიჯს გადადგამდა, თუმცა ეს მისთვის არ არის იოლი ნაბიჯი. ადამიანებისთვის გულისტკენა, მათთან დაპირისპირება უჭირს... საერთოდ ბევრს ითმენს, მაგრამ თუ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ შეცვლის. ეს გენეტიკურადაც მოსდევს. შესაძლოა მასზე ეს ნაკლებად იციან, მაგრამ ვასკა ნიკო ნიკოლაძის დის შვილთაშვილია. მისი 5 წინაპარი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელთა შორისაა, დიდი ბაბუა, მენშევიკების დროს, თბილისის ვიცე-გუბერნატორი იყო, მისი მამა, ჩემი მეუღლე, საკმაოდ ცნობილი კინოდრამატურგი გახლდათ, რომლის სახელი არაერთ ფილმს უკავშირდება... მათ შორისაა, „თუში მეცხვარე“ (ერთ-ერთი სცენარისტია).
არადა, ამის საპირისპიროდ ხშირად ტროლების მიერ სოციალურ ქსელში იწერება - ეს ივანოვია... რაზეც ახლა ვილაპარაკე, ამას თვითონ არასდროს აღნიშნავს, თავმდაბალი ადამიანია, შეიძლება გამიბრაზდეს კიდეც, რატომ თქვიო.
- მოკლედ, მასში გენეტიკა მუშაობს...
- ერთხელ თინა ბერძენიშვილმა, ახალი მოსული რომ იყო, მითხრა, ქალბატონო დოდო, 2 შვილი მყავს, 2 ბიჭი და მასწავლეთ, ასეთი შვილი როგორ გაზარდეთო? რა ვიცი, პირადი მაგალითით და გენეტიკაც საჭიროა-მეთქი. ეტყობა, მართლაც ასეა... საერთოდ, შვილზე უხერხულია ლაპარაკი, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით, კარგი მეუღლეა, კარგი მამაა, სამი შვილი ჰყავს, კარგი მეგობარია. კომუნიკაციის საოცარი ნიჭი აქვს. ბალანსის მოძებნა ყოველთვის შეუძლია. აქედან გამომდინარე, წარმომიდგენია, როგორი შინაგანი განწყობა ჰქონდა და როგორი შინაგანი რწმენთ გადადგა ეს ნაბიჯი... დაუფიქრებლად არაფერს აკეთებს. ვეუბნები, რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობ-მეთქი, მაგრამ ეს მისი ხასიათია, სხვანაირად არ შეუძლია. ბავშვობიდან ასეთია. ზედმეტად თვითკრიტიკულია, რაც ცუდი არ არის.

- თქვენც იმავეს გააკეთებდით, რაც მან გააკეთა?
- მე, მაგ ტელევიზიაში, იგივე რამდენჯერმე გამიკეთებია... ბევრი ზვიადისტი დღეს პუტჩისტად მომიხსენიებს, მაგრამ ბევრჯერ განვმარტე, - მას შემდეგ, რაც ანძა გათიშეს, დავდიოდი კაკო ასათიანთან, ბესო გუგუშვილთან და ვეუბნებოდი, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება. ანძის გათიშვა, ბუნკერში ჟურნალისტების ჩაყვანა და იქიდან მაუწყებლობა იმ დაპირისპირების გაღვივებას ხელს შეუწყობდა და ვთხოვდი, ანძა ჩაერთოთ და ის ვნებათაღელვა ეთერში შემოეტანათ. ამისთვის ნება არ ეყოთ და ეს არ გამოვიდა.
შეიძლება ის სავალალო შედეგი არ დამდგარიყო, თუმცა ვინ იცის, მაგრამ მე ვცდილობდი. იარაღით ხელში დაპირისპირება არავისთან მქონია - ამის განმარტებას ყოველთვის ვცდილობ. 2004 წელს 10-თვიანი ტრენინგის შემდეგ მშვენიერი გუნდი ჩამოყალიბდა, მაგრამ ახალი გენერალური დირექტორი რომ მოვიდა, საკუთარი გუნდი მოიყვანა. ვუთხარი, რომ ამ გუნდის წვრთნაში დონორების ფულია ჩადებული და რას აკეთებთ-მეთქი? - ხელშეკრულება გამიწყვიტეს და გამომიშვეს... შემდეგ ვასილ მაღლაფერიძეს დავუპირისპირდი და 2019 წლის 31 დეკემბრის საღამოს 5 საათზე, წინასაახალწლოდ, განთავისუფლების ბრძანება გადმომეცა. ეს მას შემდეგ, რაც არ ახალ ხელშეკრულებაზე ვასილ მაღლაფერიძეს ხელი არ მოვუწერე. გამომიშვა სამსახურიდან, სადაც 40 წელი ვიმუშავე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვასკა დღეს იმიტომ დაუპირისპირდა ვასილ მაღლაფერიძეს, რომ ეს ახსოვს. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და ეს ორი განყენებული თემაა. საერთოდ, მე და ვასკა ორი პიროვნება ვართ და ხასიათებიც არ გვაქვს ერთნაირი. მე უფრო ემოციური ვარ, ის - უფრო მშვიდი. ასე რომ, მე სულ ამას ვაკეთებდი...
- რა უთხარით ვასკას მას შემდეგ, რაც ის "მოამბის" წამყვანობიდან ჩახსნეს?
- შევაქე, ვუთხარი, რომ არ ინერვიულოს, იმიტომ, რომ თუ საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, მიაჩნია რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ცხადია, არ უნდა ინერვიულოს. მან მითხა, რომ სულაც არ ნერვიულობს და მართლა არ ნერვიულობს...
წაიკითხეთ ასევე: