რაზე ვერ შეთანხმდნენ ძვალი და ბიძინა ივანიშვილის შვილი

რაზე ვერ შეთანხმდნენ ძვალი და ბიძინა ივანიშვილის შვილი

ამას წინათ სტეფანე მღებრიშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში ძვალი ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ რეპერად დაასახელა და აღნიშნა, რომ ის ლექს-სენს ბევრად სჯობს. თავად ლექს-სენი კი ყველა ბოლოდრონდელ გამოსვლაში ამბობს, რომ თავად არის საუკეთესო და ისეთი ჰიტები შექმნა, რომლებიც ღირებულია და დარჩება.

"რეიტინგი" რეპერ ძვალის, ანუ აჩიკო ვანიშვილის პოზიციითაც დაინტერესდა, რომელმაც ამას წინათ საახალწლო კონცერტზე თი ელთან ერთად გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი. ძვალი დიდი ხანია შოუბიზნესშია და ერთი პერიოდი ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერასთანაც ჰქონდა აქტიური საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. რატომ ვერ იხილა საზოგადოებამ ბიზნესმენის რეპერი შვილისა და ძვალის ერთობლივი სიმღერები, ეს ძვალმა თავად გვიამბო.

-აჩიკო, ძვალი რატომ გქვია?

-ძალიან უაზროდ დამერქვა ეს სახელი. ჩე­მმა მეგობარმა შემარქვა ძალიან ადრე, ბავშვობაში. მამუკა ბერიკამ, რომელიც ჩემი პროდიუსერი იყო კარიერის დასაწყისში, კლიპი გადაგვაღებინა, არც მიფიქრია სახელზე, როცა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ისე, უბრალოდ, ძვალი დაირქვიო.

რაღაც პერიოდი ხა­ლხთან ნაკლები ურთიერთობა მქონდა, რამდენიმე ადამიანთან ერთად ვიჯექი და ვრეპეტიციობდით, რეპში ვვარჯიშობდით, ვწერდით. ამისთვის გვქონდა თავისუფალი დრო.

-რეპში ვარჯიში მოსულა?

-სად ჩაისუნთქო, სად ამოისუნთქო, ამას ყველაფერს ვარჯიში უნდა და გამოსვლისას ყურადღება ექცევა. რეპი რომ შეასრულო, ამას რეპეტიცია სჭირდება.

-საქართველოში ბევრისთვის ეს ჟანრი გაუგებარია, რადგან არის სუფთა ზანგური ჟანრი, ქუჩის მუსიკა.

-კი, კი, გეთანხმები. ერთი მხრივ, ზანგური მუსიკაა ესეც, ჯაზიც, ბლუზიც და ბევრი სხვაც. ტექსტიდან გამომდინარე იყო ალბათ რეპი ქუჩური მუსიკა. მე კი ქუჩასა და განგსტერებზე არ ვლაპარაკობ, არ ვარ ეგეთი როჟა, პატარაობისას ეგ პერიოდი გამოვიარე და ძალიან შორს დამრჩა. იგივე რომ გავრეპო, სირცხვილი იქნება.

-აბა, შენ რაზე რეპავ?

-"ჯორჯია" თუ მოისმინე, ეს ხუთწლიანი პაუზის მერე პირველი სიმღერაა, რომელიც თი ეილთან ერთად ჩავწერე. ეს არ არის პოლიტიკური სიმღერა, არის საქართველოს პიარი, ანუ როგორი კარგია ჩვენი ქვეყანა.

-ჯეი ზი ნიუ-იორკს უმღერის, შენ საქართველოს?

-ჯეი ზის "ნიუ-იორკის" ტექსტიც გეცოდინება და იცი, რაზე და როგორ მღერის. ასეთი ტექსტით მე რომ ვილაპარაკო, საქართველოს არ მოუხდება და სასაცილო იქნება, ტყუილი გამოვა. შემიძლია, საქართველოც ისევ გავაპიარო, როგორც ჯეი ზი ნიუ-იორკს აპიარებს, მაგრამ ქართველი ხალხი იმ ტექსტს ვერ გაიგებს. როცა ვრეპავ, ძალიან მსიამოვნებს, მომწონს სტუდიაში მუშაობა. შემდეგ თუ რაიმე სიმღერა ჰიტდება, ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მიყვარს გარეპვა. მე რომ ვივარჯიშო, ფორმაში ვიყო და ვივარსკვლავო, ეს არ მაინტერესებს. საერთოდ, სხვა ცხოვრება მაქვს.

-როგორი?

-ჩვეულებრივი, ოჯახი მაქვს, ცოლი და შვილი მყავს. ჩემი სიამოვნებისთვის გავაკეთებ რაღაცებს და ალბათ, შემოსავალსაც მოიტანს.

-ხელოვანს არ უნდა ჰქონდეს ამბიცია?

-საკუთარ თავთან მაქვს ამბიცია. რაღაცას რომ ვწერ, ვიცი, რომ ის ყველაზე მაგარია და ამიტომაც ვწერ, თორემ სტუდიაში საერთოდ არ შევიდოდი. ბევრ ჩემს მეგობარსაც მოსწონს და ამიტომაც ვაკეთებ. მე მგონი, გამომდის და სიამოვნებასაც მანიჭებს.

-არის თუ არა ქართულ რეპში კონკურენცია?

-ჯერ არ იყო არანაირი კონკურენცია. პირველი იყო კაბუ. მერე გამოჩნდნენ სხვებიც და გაჩნდა კონკურენციაც. მაგრად წავიდა ყველაფერი, პონტი დაიქოქა და ხალხიც აჰყვა. ძალიან პატარა ვიყავი, 13 წლის. იმ დროიდან მოყოლებული უკვე ჩემთვის რაღაცებს ვრეპავდი, თავი მქონდა უკვე შეყოფილი ამ სფეროში. იყო ბევრი მსმენელი, მაგრამ მერე და მერე რა მოხდა, ეს ხალხი აღარ უსმენს რეპს თუ რა ხდება ვერ გავიგე... ზოგადად

ვამბობ ქართულ მუსიკაზე და არა მხოლოდ რეპზე.

-ამას წინათ სტეფანემ ერთ-ერთ საუკეთესო რეპერად შენ დაგასახელა და თქვა, ძვალი უფრო კარგი რეპერია, ვიდრე ლექს-სენიო. თავად ლექს-სენი კი ამბობს, რომ თავად არის საუკეთესო და მან შეაყვარა რეპი არა მხოლოდ ახალგაზრდა მსმენელს, არამედ მათ მშობლებსაც.

-მართლა ეგრე თქვა სტეფანემ (იღიმება)? არ ვიცი რა გითხრა. შენ როგორ ფიქრობ, მე უფრო კარგი რეპერი ვარ თუ ლექს-სენი?

-ჩემს აზრს ჩემთვის შევინახავ. მიიჩნევ შენს კონკურენტად?

-არა, საერთოდ არ ვიბრძვი ამისთვის. რაში უნდა მყავდეს კონკურენტი, ქართულ რეპში? რასაც წერ, იმისგან მოწყვეტილი არ უნდა იყო და ის უნდა იყოს შენი რეალობაც. ყველას რეპი ინდივიდუალურია.

-კი, მაგრამ შენ რომ გარეპო, ოჯახში როგორი ბედნიერი ხარ და მეუღლე ხაჭაპურებს გახვედრებს თუ არა, არა მგონია, რომ ეს რეპის თემა იყოს...

-რატომაც არა?! გააჩნია, ამას როგორ გავაკეთებ. ძალიან ბევრი კაცია, რომელიც ასე ცხოვრობს, ოჯახში ძალიან ბედნიერია და სახლში ხაჭაპურებს უცხობენ. მოისმენს შენს რეპს და მოეწონება, რაღაც თავისას იპოვის. მერე ევასები და გისმენს. შენ რომ მეუბნები, არ მჯერა, მაგრამ სხვებსაც უთქვამთ, ლექს-სენს ჰგონია, რომ ყველაზე მაგარიაო. ჩემთან ამას ლექს-სენი ვერ იტყვის.

-რატომ ვერ იტყვის?

-არ იტყვის!.. საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ? ტეხავს მაგრად. მსოფლიო რეპში ვინ ამბობს, რომ ყველაზე მაგარია? ამას ლაპარაკობენ ბანძები, ისევ განგსტერობას რომ აწვებიან, მაგრამ ეს დაბალი დონეა, რომელიც მე არ მაინტერესებს. ვინც ფული იშოვა, ახლა იმაზე მღერიან, რამდენი ბრილიანტი აქვთ და რა ღირს ეს ბრილიანტები.

-აქ მაგაზე ვერ გარეპავ.

-ვერა. მაგრამ ჩვენც ბევრი გვაქვს სამღერი და გასარეპი. მე, უბრალოდ, ზარმაცი ვარ, თორემ ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შემიძლია. ტექსტებს თავად ვწერ. რაღაცებს კი ვწერ, მაგრამ მუშაობა რეჟიმია, ყოველდღიური საქმეა. სტუდია არის, ერთი პერიოდი შემეძლო, შევსულიყავი და მთელი ღამე სიმღერა მეწერა, მაგრამ ახლა ასე აღარ ვარ. ბევრი სიმღერა მაქვს თავში და უბრალოდ, ფურცელზე უნდა გადმოტანა. აქამდე რაც გსმენია, მისი მსგავსი საერთოდ არ იქნება. ამის გადმოტანას დიდი შრომა უნდა და უახლოეს მომავალში ვაპირებ ალბომის გაკეთებას. მაქსიმუმი მინდა ვანახვო ჩემს მსმენელს.

-წარმატებებს გისურვებ. ყველა ჩივის, რომ შოუბიზნესი გაჩერებულია და მხოლოდ სამთავრობო კონცერტები იმართება. ამ მხრივ როგორ გაქვს საქმე?

-ბევრი კონცერტი რომ ჩატარდეს, ამას ბევრი ორგანიზატორი სჭირდება, რომლებიც აქ არ გვყავს. არ იციან, როგორ გააკეთონ კარგი კონცერტი. საქართველოში სულ ასეა, ნებისმიერი შოუ დასაწყისში კარგია, მერე და მერე უკან მიდის. ასე მოსდის შოუბიზნესსაც და საერთოდ, ყველა სფეროს. ორგანიზატორმა ნორმალურად რომ დააპიაროს კონცერტი, კარგ კლუბში რომ გამართოს, ხალხი მივა, მაგრამ საქართველოში პატარა ფულს აღარავინ აღარ ეტანება და ყველა დიდ ფულზე უფრო ჩალიჩობს. პატარ-პატარა კონცერტების მოწყობა კი აღარავის აღარ აინტერესებს.

-რა სჭირდება შოუბიზნესს განვითარებისთვის?

-ქართველმა ხალხმა უნდა ისწავლოს მოსმენა. ბევრი საზიზღარი რაღაც იქმნება. არაფერი არ მომწონს, რაც ქართულ რეპში იქმნება. ქართულ ესტრადას მთლიანად კიდევ არა უშავს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია, რომ მთელი ცხოვრება მომღერალმა თავისი საკუთარი ჯიბიდან ამოიღოს ფული და იხადოს კლიპებში?! სპონსორი არ არსებობს, რომელიც ფულს ჩადებს. არც პროდიუსერი ჰყავთ მომღერლებს.

მეორე მომენტი ისაა, რომ ვინც დღეს შეიძლება, ქართულ მუსიკას მოუსმინოს, 13-19 წლამდე ასაკის ხალხია, მსოფლიოში ასეა, ფანები სულ ბავშვები არიან, ვისზეც დისკებსა და ბილეთებს ყიდიან. 20 წლის ზევით უკვე წავა და მოუსმენს ჯაზს. პატარებისთვის კი ბევრს ნიშნავს, რას იმღერებ, უნდა დააინტერესო, ელაპარაკო და ისეთი რაღაცები უთხრა, რაშიც ეჭვიც არ შეეპარება. სწორად გაიზრდება, შენ რომ მოგისმენს.

-საინტერესოა, რეპერი რომ ლაპარაკობს მორალურ ღირებულებებზე.

-რეპერი არ ვარ... მე უბრალოდ, რეპს ვაკეთებ. შენ ვისაც გულისხმობ რეპერებში, ასეთი არ ვარ. დღის განრიგი მაქვს სხვანაირი. სხვა სამყაროში ვარ, ეს ხომ გითხარი უკვე. ვერ გეტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ბოლომდე საკუთარი თავით, მაგრამ კარგად ვრეპავ და მომწონს.

-აჩიკო, შენ ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერასთან მეგობრობდი. ამბობენ, რომ თქვენ შო­რის შავმა კატამ გაირბინა.

-არ არის მართალი. უბრალოდ, რაღაც პირობები არ გვაწყობდა. პირადული თემა იყო. სამუშაო საკითხი იყო და კარგად დავიშალეთ. ბერა ჩვენს სტუდიაში მუშაობდა, ჰქონდა კონტაქტები და უნდოდა საფრანგეთზე გასვლა. დავმეგობრდით. ერთად ჩავწერეთ რამდენიმე სიმღერა. ეს სიმღერები, მგონი, წაიშალა, სტუდიაში დარჩა, მე არ წამომიღია და ალბათ დაიკარგა.

-კმაყოფილი იყავი მისი რეპით?

-14 წლის კვალობაზე კარგი იყო. საერთოდ, ძალიან მალე ითვისებს ყველაფერს. მართალი რომ გითხრა, ფრანგულად რეპავდა და რას, ამის აზრზე ვერ მოვდიოდი. 14 წლისთვის კარგი შედეგი ჰქონდა.

-აჩიკო, არის რეპი ის მიმდინარეობა, რომელსაც შეუძლია, საქართველოში ფეხი მოიკიდოს და ჰყავდეს ბევრი მსმენელი?

-ვისზე ბევრი?

-მაგალითად, ნინო ჩხეიძეზე.

-არასდროს არ ეყოლება, ამერიკაში დღესაც ყველაზე მეტი ქანთრის უსმენს, რაც უნდა მაგარი იყოს ლილ ვეინი. ანალოგიური ქალაქური სიმღერაა მოდაში იქაც.

-ქალაქურ სიმღერას შენ თუ უსმენ?

-მეეე (იღიმება)? არააააააა!.. მეშინია მოსმენა.

-რატომ?

-იმის მეშინია, რომ მეც არ მომეწონოს (იცინის). ამიტომ არასდროს მომისმენია. რესტორნებშიც არ დავდივარ.

-რუსული სიმღერები უნდა აიკრძალოს, შენი აზრით?

-წესით, არ უნდა აიკრძალოს. ჩინური სიმღერებიც ავკრძალოთ ბარემ (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"