ავტორი:

"მადლობა პრეზიდენტ პუტინს" - ცნობილია, სად შედგება პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა: სატელეფონო საუბრის დეტალები

"მადლობა პრეზიდენტ პუტინს" - ცნობილია, სად შედგება პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა: სატელეფონო საუბრის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ჰქონდა "ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.


ტრამპის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ "დაუყოვნებლივ დაიწყოს". ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე Truth Social-ზე გამოაქვეყნა.


"ჩვენ გვსურს შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის სიკვდილი, რომელიც ამ ომს ახლავს", - წერს ტრამპი.


  • პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მალევე დაადასტურა, რომ საუბარი შედგა და გაგრძელდა "თითქმის საათნახევარი".

ტრამპის თქმით, ორმა ლიდერმა განიხილა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკის სფერო, ხელოვნური ინტელექტი, “დოლარის ძალა და მრავალი სხვა თემა“.


პესკოვმა საკითხებს შორის დამატებით აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი იყო პატიმრების გაცვლაზე, ირანის ბირთვულ პროგრამასა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობაზე.


“მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ორივე შევთანხმდით, რომ ჩვენ გვსურს შეჩერდეს მილიონობით ადამიანის სიკვდილი უკრაინასთან რუსეთის ომში”, - წერს ტრამპი და ამტკიცებს, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ გუნდები "დაიწყებენ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს" ომის დასასრულებლად.


პესკოვის განცხადებით, ტრამპის საუბარზე, უკრაინასთან შესაძლო მშვიდობის შესახებ - პუტინმა საპასუხოდ, აღნიშნა "კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობა და დაეთანხმა ტრამპს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, შესაძლებელია ვითარების გრძელვადიანი დარეგულირება.“


კრემლმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა ისაუბრა მზადყოფნაზე მიიღოს ამერიკელი ოფიციალური პირები რუსეთში, მათ შორის ისინიც, ვისაც უკრაინასთან ექნება შეხება. თუმცა, პესკოვმა შესაძლო მოლაპარაკებების გარდაუვალად დაწყებაზე, პირდაპირი კომენტარი არ გააკეთა.


"ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა გუნდებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დარეკვით, რათა ვაცნობოთ მას საუბრის შესახებ, რასაც ახლა გავაკეთებ“, - დასძენს ტრამპი.

მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარეს გაუძღვებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.

  • პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია და პრეზიდენტები შეთანხმდნენ პირადი კონტაქტების გაგრძელებაზე, მათ შორის პირადი შეხვედრის ორგანიზებაზე. მოგვიანებით, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.

“მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს იმის გამო, რომ ამ საუბარს დრო დაუთმო და კიდევ იმისთვის, რომ გუშინ გათავისუფლდა მარკ ფოგელი - შესანიშნავი ადამიანი, რომელიც მე პირადად მივიღე თეთრ სახლში. მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა წარმატებულ შედეგამდე მიგვიყვანს... იმედი მაქვს მალე!“ - განაცხადა ტრამპმა.


მედიის ცნობით, პუტინთან საუბრის შემდეგ, მალევე ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. BBC-ის კორესპონდენტების ცნობით, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.


ფოტო არქივიდან


თავად ზელენსკიმ თავის Telegram არხზე დაადასტურა, რომ საუბარი შედგა. თუმცა, აღნიშნული ზოგადად მიმოიხილა.


“ახლახან ვესაუბრე დონალდ ტრამპს. ხანგრძლივი საუბარი შეეხო მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებს. საუბარი იყო ჩვენი სურვილის შესახებ, ვიმუშაოთ გუნდურ დონეზე. ჩვენ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე: კერძოდ, დრონების და სხვა თანამედროვე წარმოების შესახებ. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის დაინტერესებისთვის“, - წერს ზელენსკი.


  • მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალები უამბო.

“უკრაინას სხვაზე მეტად სურს მშვიდობა. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს საერთო ნაბიჯებს ამერიკასთან, რათა შეაჩეროს რუსული აგრესია და გარანტირებული იყოს საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.


თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკისთან საუბარმა "ძალიან კარგად" ჩაიარა.


“მას, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის დამყარება. ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული ბევრი საკითხი", - წერს ტრამპი.


არც ზელენსკიმ და არც ტრამპმა არ გაასაჯაროვეს სამშვიდობო შეთანხმების ან წინასწარი შეთანხმების პირობები.


  • მთავარი ფოტო აღებულია: Lizzie Gill-ის ილუსტრაცია; ფოტოგრაფები Kevin Lamarque/როიტერი და Wojciech Olkusnik/EPA, Shutterstock.

წყარო


იხილეთ ასევე: