ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენს ზურგს უკან და ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით. არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, არავითარი გადაწყვეტილება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს. თუ ჩვენ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაშინ დავმარცხდებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე ვერ დათანხმდება.
„გვჯერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის საფუძველი ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, ან თუ ეს არა, მაშინ პირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სხვა ნატო შევქმნათ, აქ, უკრაინაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
"მოდით ვიყოთ გულახდილები: არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ ამერიკამ თქვას "არა" ევროპის საკითხებზე, საკითხებზე, რომლებიც ევროპას საფრთხეს უქმნის. მჯერა, დადგა დრო, ევროპის შეიარაღებული ძალები შევქმნათ. მტრის შეტევას მხოლოდ ფული ვერ შეაჩერებს. საქმე მხოლოდ ბიუჯეტს არ ეხება, არამედ, ადამიანების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ საკუთარი სახლები უნდა დაიცვან. ამ მხრივ, უკრაინას ევროპის დახმარება შეუძლია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს საჭიროა, რათა ევროპის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ევროპაში მოხდეს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების გარეშე ევროპული არმია რუსეთს ვერ შეაჩერებს. ევროპაში თანამედროვე ომის წარმოების რეალური გამოცდილება მხოლოდ ჩვენს არმიას აქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
წაიკითხეთ ასევე: