ავტორი:

"დედა და მამა დაშორებულები არ ყოფილან, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ. მამა რომ ჩავიდა ამერიკაში, იქ გარდაიცვალა"- ცნობილი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე, მამაზე პირველად საუბრობს

"დედა და მამა დაშორებულები არ ყოფილან, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ. მამა რომ ჩავიდა ამერიკაში, იქ გარდაიცვალა"- ცნობილი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე, მამაზე პირველად საუბრობს

სამხრეთ კორეაში მცხოვრებ ქართველ ბლოგერს, სოფია კვინიკაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ამჟამად სოფია შვილის მოლოდინშია და გადაწყვიტა თავისი გამომწერებისთვის მოეყოლა ისტორია მამაზე, რომელიც ერთი წლის წინ დაეღუპა.

ვრცელ ისტორიაში წაიკითხავთ სოფიასა და მისი დის მძიმე და ტკივილით სავსე გზაზე, რომელიც მშობლების ემიგრაციაში წასვლამ მოუტანათ. სოფია გულწრფელად საუბრობს მამის დაკარგვაზე, ემიგრაციის გავლენაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე და იმ გულისტკივილზე, რაც უთქმელ სიტყვებს და გაუცნობიერებელ ნაბიჯებს მოჰყვება ხოლმე. სოფია გვიზიარებს, როგორ შეიძლება დროსა და სივრცეში გაწყვეტილმა კავშირებმა წლები წაართვას ურთიერთობებს და როგორ ცდილობდა, ბოლოსდაბოლოს, მამისკენ გადაედგა ის მონატრებული ნაბიჯი, მაგრამ მისმა დაღუპვამ ამის საშუალება არ მისცა.

  • ეს მისი პირადი ამბავია სიშორეზე, მამის დაბრუნების მცდელობაზე და იმ გაკვეთილზე, რაც შეიძლება ბევრისთვის მაგალითად იქცეს - ურთიერთობა მოვლას და დროს საჭიროებს, რადგან არავინ იცის ხვალ რა მოხდება

სოფია კვინიკაძე:

ბევრმა არ იცის, რომ მამა მყავს გარდაცვლილი, მამას სურათი რაც დავდე, ეს მას შემდეგ აღმოვაჩინე. მამა ახალი გარდაცვლილია, წლისთავი ახლახან გვქონდა. 23 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა და დედამ საკურთხი გაუკეთა. მამა გარდაცვალებამდე ამერიკაში იყო, ახალი წასული იყო იქ, მანამდე რუსეთში ცხოვრობდა. დედა და მამა დაშორებულები არ ყოფილან, ერთად იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ. მამა რომ ჩავიდა ამერიკაში, იქ გარდაიცვალა მალევე.

დედასთან ბოლო რამდენიმე წელი მაინც გავატარეთ ერთად. თქვენ არ ითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სანამ მე უნივერსიტეტი დავამთავრე, დედაც თითქმის უცხო ადამიანივით იყო, მარტო დარეკვით ვიცნობდით, იმიტომ რომ მეორე კლასი დავამთავრე, დედა რომ საზღვარგარეთ წავიდა.

ბევრი ადამიანი არ ითვალისწინებს რამდენად საშინელი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ემიგრანტობას, ბავშვების აღზრდასა და სიახლოვეზე. ჩვენი ოჯახი ამან ფაქტობრივად დაშალა. დედასთან შევინარჩუნეთ ურთიერთობა, რადგან დედის მხარესთან ვიყავით დატოვებული, მამასთან უფრო გაგვიცივდა. მერე დიდობაში მეც წავედი, წამოვედი, ძალიან რთულია. ბევრად უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

დები - სოფია და ანუკა კვინიკაძეები

დედასთან ახლა, ბოლო ხანებში უფრო ვიცხოვრეთ, ან რა ვიცხოვრეთ, გადაბმულად ერთი წელი არ გვიცხოვრია ერთად ზრდასრულობაში. მამის მხარეს ბებია და ბაბუა, ჩვენი საყვარელი ბებია და ბაბუა იყვნენ, ახლა გარდაცვლილები არიან. ყველამ იცის, რომ მამაჩემს დალევა უყვარდა, ღვინის კაცი იყო, სულ ჩახუტებული ღვინის ბოთლი ჰქონდა. ყველაზე ცნობილი სურათი აქვს ყურძნით ხელში.

მამა და დედას ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ, დედა დალევაზე ხუმრობით ეჩხუბებოდა ხოლმე. მამაზე მშვიდი, თბილი და გაწონასწორებული ადამიანი დალეულზე არ არსებობდა. არასოდეს ჰქონია აგრესია. გაჭირვებამ მოიტანა ის, რომ ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო საბერძნეთში წასვლა, დედა რომ წავიდა. მამა წინააღმდეგი იყო. ასე იწყება კონფლიქტი, გაუგებრობა, გაყოფა. ძალიან უყვარდა დედა, მის გარეშე ვერ ჩერდებოდა და გაჰყვა. იქ ერთად იყვნენ, ჩვენ ბებიასთან ვიყავით დატოვებულები. შემდეგ მამა ჩამოვიდა, დედა დარჩა, ჩვენ მამასთან მაინც არ წავსულვართ, დედის მშობლებთან დავრჩით. არ მოგვეცა საშუალება, რომ მამა-შვილური ურთიერთობა გვქონოდა.

როდესაც ოჯახური სიახლოვე არ არის, სითბო, პატარა კონფლიქტი, გაუგებრობა, უცხოდ რომ ხარ მამასთან და ნასვამი გელაპარაკება, ისე აღარ გესმის მისი სიტყვები, როგორც უნდა გესმოდეს. რამდენიმეჯერ დედაც რომ ჩამოვიდა საქართველოში კონფლიქტები გვქონდა, ვერ ვეგუებოდით ერთმანეთს, გვიჭირდა ძალიან. დედიკო ამ ყველაფერს მოერია, დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ დედის დედასთან ვიყავით დატოვებულები. მამა ვერ მოერია და ამან ჩვენს შორის ბარიერი შექმნა. ამაზე ყოველთვის მწყდება გული.

ბოლო წლებში დაგვითბა ურთიერთობა, ჩვენც რაღაცები გადავხარშეთ. ერთმანეთს ბევრი რაღაც ვაპატიეთ. ვცდილობდით, ცოტა უფრო აქტიური ურთიერთობა გვქონოდა. დაახლოება რომ დავიწყეთ ერთმანეთთან, როცა ვიფიქრე, რომ რა იქნებოდა მთელი ცხოვრება გვქონოდა ეს ურთიერთობა. 47 წლის ასაკში გარდაიცვალა მამა, 16 წლის იყო მამა რომ გახდა. არ დაგვცალდა საუბედუროდ ამ ურთიერთობის გაღრმავება.

ძალიან დიდი გულისწყვეტა გვქონდა, ძლივს ჩვენი ცხოვრება მივიდა იმ წერტილამდე რომ ერთმანეთისკენ დავიწყეთ ნაბიჯის გადადგმა. აქედან გაკვეთილი რაც ვისწავლე, არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ შვილთან ურთიერთობა არის გარანტირებული და ამ ურთიერთობას მოვლა არ სჭირდება. არასოდეს იცი, ხვალინდელი დღე დადგება თუ არა. დედას ყველაზე დიდი ტკივილი იყო, რომ ვერ გვქონდა მამასთან ისეთი ურთიერთობა როგორც მას უნდოდა.

წაიკითხეთ ასევე: