ავტორი:

"მაღალმთიან სოფლებთან კონტაქტი გაწყდა... ლანჩხუთში, ჩემს ბინაში საჭმელს ვამზადებთ და გასაჭირში მყოფ ადამიანებთან ვაგზავნით" - რას ჰყვება ლადო აფხაზავა

"მაღალმთიან სოფლებთან კონტაქტი გაწყდა... ლანჩხუთში, ჩემს ბინაში საჭმელს ვამზადებთ და გასაჭირში მყოფ ადამიანებთან ვაგზავნით" - რას ჰყვება ლადო აფხაზავა

გურიაში რამდენიმე დღეა გაუჩერებლად თოვს, უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ცალკეული სოფლები გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფლებთან მისასვლელი გზები გაუწმენდავია, ადამიანებს საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა აქვთ. ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

  • AMBEBI.GE მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას ლანჩხუთში ესაუბრა. მის სახლში დილიდან მოხალისეები არიან შეკრებილი და გასაჭირში მყოფი მოსახლეობისთვის საკვებს ამზადებენ.

- გურიაში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, რამაც სხვადასხვა სოფლების ჩაკეტვა გამოიწვია. ტრაქტორები დადიან, მაგრამ რომ ვაკვირდები, თოვლის ასაღებს არ იყენებენ, მხოლოდ საბურავებით იწმინდება... ამ წუთისთვის ბევრი სოფელია გარემოს მოწყვეტილი. ამიტომ, ვცდილობთ, მოხალისეებს, რომლებიც კონკრეტულად, სხვადასხვა სოფლის ადგილობრივი მოსახლეობაა, გასაჭირში მყოფ ადამიანებთან სოფლებში საკვები მაინც გავატანოთ... ამისთვის ლანჩხუთში, დილიდან ჩემს ბინაში საჭმელს ვამზადებთ, კონტეინერებში ვაწყობთ.

ზოგი სოფლის დასაწყისში გამოდის და ასე აწვდიან, ზოგი ფეხით მიდის სოფლებში. მანქანით წასვლა შეუძლებელია. ლანჩხუთში თბილისელი რძალია მარიამ ქუტიძე, რომელიც ცდილობს, ლანჩხუთის თეატრის შენობა გაახსნევინოს, რომ იქ რაღაც შტაბივით მოეწყოს. აქამდე ჯერ მსგავსი არაფერია შექმნილა. თეატრის ხელმძღვანელობას შეეხმიანა და დაგირეკავთო - უთხრეს. ჯერ არ დაურეკავთ. იმედია, გარკვეულ ფართს დაგვითმობენ, სადაც საკვებს, წყალს და საჭირო ნივთებს მივიტანთ. ვიცი, რომ მოხალისეები კიდევ ქუთაისიდან და სამტრედიიდანაც მოდიან. მათაც დასჭირდებათ ის ადგილი, სადაც განთავსებას მოახერხებენ, ქუჩაში ხომ არ დაგდებიან.

სოფელი მამათი - ფოტო: ნაკაიძე ნინი

- როგორც ჩანს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა...

- კი, ასეა. ოზურგეთში ამდენი არაა... თოვლის საფარი მეტრს გადასცდა. ძალიან დიდი ნალექია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მაინც დაბლობია, ვაკეშია ბევრი სოფელი, მაგრამ არის მაღალმთიანი სოფლებიც - მამათი, აცანა, ჩოჩხათი, კოკათი, სადაც ადამიანებს ვერ ვეკონტაქტებით, არაა შუქი, ინტერნეტი და უკვე ტელეფონითაც ვეღარ ხდება დაკავშირება. კონტაქტი გაწყდა. ზოგიერთმა მათგანმა, ვისაც მანქანა ჰქონდა, მანქანის დახმარებით ტელეფონები დატენა. მაგ პერიოდში პოსტის დადება მოასწრეს და იმის მეტი მათზე არაფერი ვიცით. 7 ბავშვი მყავს, დამეხმარეთო - ერთი ადამიანი წერდა. ახლა ჯუნეწერში ბავშვისთვის საკვები გავაგზავნეთ. სამ კილომეტრშია, მაგრამ ჩოჩხათში 20 კილომეტრამდეა სავალი და იქ ჯერჯერობით სანამ მოასფალტებული გაზა არ გაიწმინდება, ვერ წავალთ. ეგ მაინც რომ გაიწმინდოს, მერე სოფლებში 2-3 კილომეტრი იქნება უკვე ფეხით სავალი. ვერ წმენდენ, რადგან თავიდანვე არ მიაქციეს ყურადღება. ერთი დღე რომ ითოვა, მეორე დღეს ადვილი იქნებოდა სამუშაოები.

ჩოჩხათი

- ტექნიკური მარილიც არ იყრება?

- სამწუხაროდ, არა. ხალხი ამბობს, ამდენი ჯარიმაა ამ აქციებზე გამოწერილი ხალხის ჯიბიდან და ეს მარილი მაინც ეყიდათ, ამ „ჭრილობაზე“ დაეყარათ, ცოტა ამოგვესუნთქაო. მოკლედ, ახლა ვითხოვთ თეატრის გახსნას, რომ იქ მოხალისეებმა იმოძრაონ. ჩვენ მზად ვართ ყველასთან სათანამშრომლოდ. ისეთი გასაჭირია ახლა, არ ვუყურებთ სად რომელი პარტიაა. პარტიას კი არა საქართველოს უნდა გვერდით დადგომა. რა დროს ქოცია და ნაცია?! მაგრამ რაღაც ისეა, ვიღაც რომ დაწერს, დამეხმარეთ, პრობლემები მაქვს, მათ ურეკავენ და ეუბნებიან, - ხმა არ ამოიღო, ვიდეოს დადება არ გაბედოო. არადა თუ მეზობლის სახლი ჩავარდა და დაზიანდა, რატომ არ უნდა აცნობოს ამის შესახებ საზოგადოებას?!

კოკათი - ფოტო: nika bolkvadze

რაღაც მიჩქმალვა უნდათ და ამის გამო დაშინება მიდის. თუ გაჭირვებულმა სტატუსი დადო, - მიშველეთ 8 შვილი მყავს, - უყვირიან. თუ ვინმე რამეს დაწერს - საპირისპიროს წერს ვიღაც - როგორ ბედავთ, ყველაფერი კარგად არისო. აცანელი ქალი წერდა - სამი დღეა შუქი არ გვაქვსო და რას ჰქვია არ გვაქვს მთელ აცანაში შუქიაო. ეს იმისთვის, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ გაიგოს, ამ მდგომარეობის შესახებ. ჰგონიათ, რომ ყველა მათ აკრიტიკებს... ჯერ ვერ აღიარეს, რომ გურიაში სტიქიაა, დახმარება გვჭირდება ცენტრალური ხელისუფლებისგან... ახლა საჭმელს რომ მოვამზადებთ, ვარჩიოთ რომელი ოპოზიციონერი და რომელია მთავრობს მომხრე?! რეებს აკეთებენ, ვერ ვხდები. საქმის გაკეთება ასე არ გამოვა.

წაიკითხეთ ასევე: