დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკს ის პარასკევს, ვაშინგტონში ელოდება. უკრაინის პრეზიდენტი წიაღისეულზე შეთანხმებას მოაწერს ხელს.
ტრამპის განცხადებამდე უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ კიევმა აშშ-სთან მინერალებზე მნიშვნელოვანი გარიგების პირობები შეათანხმა.
"ჩვენ მართლაც შევთანხმდით, რიგი ცვლილებების ჩათვლით და ამას დადებით შედეგად აღვიქვამთ", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაასახელა.
"გავიგე, რომ პარასკევს მოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება.
მედია წყაროების ცნობით, ვაშინგტონმა უარი თქვა თავდაპირველ მოთხოვნაზე, რომ ბუნებრივი რესურსების გამოყენებით 500 მილიარდ დოლარის პოტენციურ შემოსავალზე მიეღო უფლება, მაგრამ ომით განადგურებული უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიები, რაც ამ უკანასკნელის მთავარი მოთხოვნა იყო, არ მიეცა.
მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.
დღეს ტრამპი აცხადებს, რომ მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ელოდება, არადა, სულ რამდენიმე დღის წინ ორი ლიდერი ერთმანეთის შესახებ საკმაოდ ხისტად ლაპარაკობდა.
შეთანხმების მიღწევის დადასტურების გარეშე, ტრამპმა სამშაბათს ხაზი გაუსვა, რომ გარიგების სანაცვლოდ უკრაინა "ბრძოლის გაგრძელების უფლებას" მიიღებდა.
"ისინი ძალიან მამაცები არიან," - უთხრა მან ჟურნალისტებს, მაგრამ "აშშ-ს და მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე, ეს ომი ძალიან მოკლე დროში დასრულდებოდა".
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა უკრაინისთვის აშშ-ის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების მიწოდება, მან უპასუხა: "შესაძლოა, სანამ რუსეთთან შეთანხმებას არ მივაღწევთ... გვჭირდება შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაგრძელდება".
როგორც ტრამპმა დაამატა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში "გარკვეული ფორმის სამშვიდობო ძალების" არსებობა იქნება საჭირო, მაგრამ ეს "ყველასთვის მისაღები" უნდა იყოს.
გასულ კვირას ტრამპმა ზელენსკი "დიქტატორად" მოიხსენია და ომის დაწყებაში, რუსეთის ნაცვლად, უკრაინა დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ლიდერმა უარი თქვა აშშ-ს მოთხოვნის საპასუხოდ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების მინერალურ სიმდიდრეზე და მიანიშნა, რომ ამერიკელი პრეზიდენტი რუსეთის მიერ შექმნილ "დეზინფორმაციულ სივრცეში" ცხოვრობს.
ტრამპი უკრაინის მინერალებზე წვდომას სამი წლის განმავლობაში, უკრაინაში მოსკოვის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნისთვის გაწეული სამხედრო და სხვა დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამდენი ამერიკული დახმარება არ ყოფილა გაწეული და დაამატა: "მე ჩვენს სახელმწიფოს არ გავყიდი."
სამშაბათს ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მ უკრაინას 300-დან 350 მილიარდ დოლარამდე დახმარება გაუწია.
"ჩვენ გვინდა, ეს ფული უკან დავიბრუნოთ," - თქვა მან, - "ქვეყანას ძალიან, ძალიან დიდი პრობლემის გადალახვაში ვეხმარებით... მაგრამ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი ახლა თავის ფულს უკან მეტობით დაიბრუნებს".
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ Financial Times-ს - რომელმაც სამშაბათს, მინერალების შეთანხმების შესახებ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია - განუცხადა, რომ შეთანხმება "მთლიანი სურათის მხოლოდ ნაწილია".
სავარაუდოდ, მსოფლიოს "კრიტიკული ნედლეულის" დაახლოებით 5% უკრაინაშია - მათ შორის:
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, უკრაინა ასევე აწარმოებდა ტიტანის 7%-ს, რომელიც თვითმფრინავებიდან დაწყებული, ელექტროსადგურებით დამთავრებული, ყველაფრის მშენებლობისთვის გამოიყენება.
უკრაინის ტერიტორიაზე ასევე არის იშვიათი მიწის ლითონების მნიშვნელოვანი საბადოები, 17 ელემენტის ჯგუფი, რომელიც გამოიყენება იარაღის, ქარის ტურბინების, ელექტრონიკისა და სხვა პროდუქტების საწარმოებლად, რომლებიც თანამედროვე სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ზოგიერთი მინერალური საბადო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს თქმით, დღეს ამ "ოკუპირებული" რესურსების ღირებულება, სულ ცოტა, 350 მილიარდი დოლარია.
იხილეთ ასევე: