აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის იშვიათი წიაღისეულით დაინტერესდა. უკრაინული rbc.ua-ს განცხადებით, ეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის “გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი იყო. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულ სააგენტოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის (OP) წყარომ განუცხადა.
“ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი, იშვიათი მინერალები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
“უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უკრაინის “გამარჯვების გეგმას“ აქვს მეოთხე პუნქტი, რომელშიც დასავლეთთან ერთად, იშვიათი ბუნებრივი რესურსების დაცვაზე, ინვესტირებასა და გამოყენებაზე წერია.
იშვიათ ლითონებში მოიაზრება: ურანი, ტიტანი, ლითიუმი, გრაფიტი და სხვა. არსებული ვარაუდით, აშშ-ს იშვიათი ლითონები ულტრათანამედროვე, მაღალი სიზუსტის ტექნოლოგიის წარმოებისთვის სჭირდება.
“უკრაინას აქვს იშვიათი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის იშვიათი ლითონები: ურანი, ლითიუმი და ტიტანი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს რუსეთი არ დაეუფლოს და ამ მიზნით პრეზიდენტმა ზელენსკიმ რესურსების “განსაკუთრებული დაცვა“ შემოგვთავაზა“, - აღნიშნავს წყარო უკრაინულ focus- თან საუბარში.
როგორც სააგენტო წერს, სხვა ალტერნატივებს შორის, ასევე განზრახული იყო, რომ რესურსების მოპოვება - გამოყენება მომხდარიყო კონკრეტულ პარტნიორებთან ერთად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები, რომ ბუნებრივი იშვიათ რესურსი დაცული იყოს რუსული ჯარებისგან.
წყაროს ცნობით, 2024 წლის სექტემბერში ტრამპთან შეხვედრაზე ზელენსკიმ სწორედ რესურსების უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა.
“უკრაინული იშვიათი ლითონების უმეტესი ნაწილი მდებარეობს იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც კიევმა კონტროლი დაკარგა“, - წერს გამოცემა და მოჰყავს Forbes-ის 2023 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, “Forbes-მა უკრაინის მინერალური რესურსების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 15 ტრილიონ დოლარად შეაფასა. ასევე მითითებულია, რომ რეზერვების 70%-ზე მეტი არის თვითგამოცხადებულ DPR -სა (დონეცკის ოკუპირებული რეგიონი) და LPR-ის (ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონი), ასევე დნეპროპეტროვსკის რეგიონში“.
2024 წლის 26 ნოემბერს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც წერდა ოფიციალური კიევი ეცდებოდა დაერწმუნებინა ტრამპი იმაში, რომ უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს არის ეკონომიკურად მომგებიანი გეოსტრატეგიული შესაძლებლობა, რომელიც აშშ-ის ინტერესებშიც ჯდება.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სანაცვლოდ იშვიათი მინერალები მიაწოდოს. Reuters-ის ინფორმაციით, შოლცმა შესაბამისი განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
”ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, ძალიან ეგოცენტრული. უკეთესი იქნება ასეთი რესურსების ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის გამოყენება“, - აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს დახმარების სანაცვლოდ იშვიათი მინერალები უნდა მიაწოდოს. დღეის მდგომარეობით, იშვიათი ლითონების მოპოვებაში ჩინეთი ლიდერობს. პეკინი მსოფლიოს მასშტაბით, იშვიათი მინერალების 95%-მდე მოიპოვებს და ბაზარზე 1990-იანი წლებიდან დომინირებს.
იხილეთ ასევე: