ავტორი:

"40 წლის წინანდელი სტიქია განმეორდა... 1985 წელს საოცარი თოვლი მოვიდა, არც ერთი სახლი არ ჩანდა, მარტი, აპრილი სულ თოვდა" - რას ჰყვება პედაგოგი გურიის სოფლიდან

"40 წლის წინანდელი სტიქია განმეორდა... 1985 წელს საოცარი თოვლი მოვიდა, არც ერთი სახლი არ ჩანდა, მარტი, აპრილი სულ თოვდა" - რას ჰყვება პედაგოგი გურიის სოფლიდან

ხათუნა ჭეიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ცხოვრობს. პროფესიით პედაგოგია და დაწყებითი კლასის მასწავლებლად სოფლის საჯარო სკოლაში მუშაობს. სოციალურ ქსელში მისი ფოტოები შემხვდა, სახურავს თოვლავდა.

ფოტოების მიხედვით რთული მისახვედრი არ იყო, რომ არც ოზურგეთის სოფლებია ნაკლებ დღეში და სტიქიასთან პირისპირ ყოფნა მათაც აქტიურად უწევთ. ხათუნა ჭეიშვილს დავუკავშირდით და მისი სოფლისა და ოჯახის შესახებ ბოლო ერთი კვირის ამბების მოყოლა ვთხოვეთ.

- როგორ ხართ? როგორ უმკლავდებით არსებულ პრობლემებს?

- დეკემბერ-იანვარში ზაფხულივით ამინდები რომ გვქონდა, სულ ვამბობდი, ეს ცუდად მობრუნდება-მეთქი... ამ სტიქიამ ის მოიტანა, რომ წყალი, ელექტროენერგია და გზა არ გვაქვს, თუმცა გაზი არის. სოფელში ტრაქტორი ამოსვლას ვერ ახერხებს. ამასთან, ჩვენზე მეტად დაზარალებული ზღვისპირა სოფლებია. შუქი და წყალი იმიტომ არ გვაქვს, რომ წყლის სისტემა პირდაპირ ელექტროენერგიასთანაა მიბმული. ექვსი დღეა, თოვლს ვადნობთ და ტექნიკური მოხმარების მიზნით ვიყენებთ. პირველყოფილ პირობებში კი ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვქნათ, სტიქიამ ეს მოიტანა.

- თქვენი სოფელი მაღალმთიანი ზონაა?

- ადრეულ წლებში მთის სოფლად ვითვლებოდით, მაგრამ ახლა მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აღარ გვაქვს. მას მერე, რაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, სოფელში გზა შემოვიდა, მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ჩამოერთვა. რეალურად კი მთის ძირში ვცხოვრობთ, ვაკიჯვარი ბახმაროს მთის კალთაზე გაშენებული სოფელია.

- თოვლის საფარი რამხელაა?

- მინიმუმ, მეტრი და 80 სმ-მდეა... თოვა ჩვენთან 21 თებერვალს დაიწყო და თავიდანვე ინტენსიური ხასიათი მიიღო. თოვლის საფარი სიმაღლეში თვალსა და ხელშუა უსწრაფესად იზრდებოდა, მაგრამ იმას დიდთოვლობას მაშინ მაინც ვერ დაარქმევდი. ზღვისპირეთშიც მაქვს აგარაკი და რომ შევატყვე, ამინდი უარესდებოდა, სასწრაფო წესით კაპოროვანში, ჩემი აგარაკისკენ დავიძარი. გზაში თოვლმა კიდევ უფრო მოიმატა, საკმაოდ მაღალი განმავლობის მანქანა (Pajero) მყავს და ამ მანქანითაც გამიჭირდა იქამდე მისვლა.

კაპროვანშიც, პირველი კვალი თოვლში ჩემმა მეუღლემ გაიტანა. თოვლისგან გავათავისუფლეთ ყველა ძირითადი თუ დამხმარე ნაგებობა, რომ ნგრევას გადარჩენილიყო. არადა, ჩემი ხელითაა იქ ყველაფერი ნაშენები... კატასტროფული ამინდი და პირობები დაგვხვდებოდა. ჩახერგილი იყო მანქანები, ხეები იყო გადატეხილი, ტრაქტორები მოძრაობდნენ, მაგრამ პრობლემას ვერ აუდიოდნენ... იქაურ მეზობლებთან კონტაქტი მაქვს და ახლა იქ უკვე წვიმანარევი თოვლი მოდის და გამესამედდა თოვლის საფარიც. უბრალოდ, არ აქვთ გაზი, წყალი, რადგან თოვლისგან გადატეხილმა ხეებმა გაზმომარაგებას და ელექტრომომარაგებას პრობლემა შეუქმნა. გარშემო დალეწილია, განადგურებულია მაღალი ხეები, ბოძები... მერე აქეთ წამოვედით, ორივე გზაზე ერთად 6 საათი დაგვჭირდა, - გზა გადატვირთული იყო... ზღვისპირეთიდან წამოსულმა ციკლონმა, როგორც ჩანს, მთისკენ გადმოინაცვლა და მერე აქ უარეს დღეში ჩავვარდით. თოვლი შეუჩერებლად მოდიოდა, დღეში დაახლოებით 2-ჯერ გვიწევდა სახურავიდან თოვლის ჩამოყრა, რადგან სწრაფად იმატებდა მისი სიმაღლე.

- თქვენი სოფლის მოსახლეობიდანაც არიან ემიგრაციაში წასული?

- დიახ. დღეს, როგორც ყველა სოფელი, სამწუხაროდ, ჩვენიც დაცლილია, ემიგრაციაში არიან. აქ უმეტესად ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ. ადამიანი რომ დაგჭირდეს, დახმარება რომ გინდოდეს და დაუძახო, ვთქვათ, სახურავიდან თოვლი ჩამოგატანინოს, ვერ იპოვი. არიან მხოლოდ მოხუცები და მარტოხელები. ამიტომ თოვლთან გამკლავებას ჩვენი რესურსებით ვცდილობთ. სოფელში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, ჩვენს სიახლოვეს 2 მამაო ცხოვრობს. გუშინ მოვიდნენ, გვერდით 95 წლის ქალბატონს, რომელიც მარტოა, სახურავი გადმოუთოვლეს. მოხუცებულმა გუშინ მშვიდი დილა გაითენა და მისმა პატრონებმაც თბილისში ამოისუნთქეს - თავზე ჭერი ენგრეოდათ. ჩვენც მივდივართ, გზას ვუკვალავთ, რაღაცებს, რაც სჭირდება, ვაწვდით.

- სასულიერო პირები თოვლავენ სახლებს?

კი, მამაოების ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც სოფელში დადის და ისეთ ოჯახებს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი არ ცხოვრობს, ან ვინმეს თოვლის პრობლემებთან გამკლავება არ შეუძლია, ეხმარება. მათი დამსახურებით ამ ადამიანების სახურავები თოვლისგან გათავისუფლდა.

- სოციალურ ქსელში თქვენი ფოტოები ვნახე, სადაც სახურავს თოვლავთ...

- კი, მომიწია. ეზოში სახლის გარდა დამხმარე ნაგებობებიც გვაქვს, - შუა ცეცხლის ადგილი ე.წ. „ქუხნა“, ფრინველის სადგომი, სასიმინდე, ბუნებრივია ამ ნაგებობების სახურავებიც მისახედიო იყო. მაგ ფოტოზე, რაც ახსენეთ და რომელი შენობის სახურავზეც ვდგავარ, ადრე ფერმა მქონდა და ეგ ჩამოვთოვე. ჩემი მეუღლეც შრომობს, მუშაობს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, მაინც არ ჩერდება. ვერ წარმომედგინა, თუ სახურავზე ავიდოდი, მაგრამ ამ საშიშროებამ გამაბედვინა. ავედი და შევძელი, გამიხარდა ჩემში ამ შესაძლებლობის აღმოჩენა. მეუღლე წინააღმდეგი იყო, არ ახვიდეო, მერე ისიც ამოვიდა.

- მკვიდრი მოსახლე ხართ და გახსოვთ ასეთი თოვლი თქვენთან?

- აქედან მესამე სოფელში ვცხოვრობდი, 1985 წელი იყო, მეშვიდე კლასში ვიყავი და საოცარი თოვლი მოვიდა. არც ერთი სახლი, ღობე, ჭიშკარი არ ჩანდა. მთელი სოფელი ტრამალივით იყო გაერთიანებული. მაშინ რატომღაც ასეთი სიმძაფრით არ გვიგრძნია ის სტიქია. ჩემს მშობლებსაც არ ჰქონიათ რაღაც პანიკური განწყობა. არადა, თოვა თებერვლიდან რომ დაიწყო, მთელი მარტი, აპრილი სულ იყო. მაისის დასაწყისში ნიადაგი რომ გამოჩნდა, ბედნიერები ვიყავით. მიწის ზედაპირის დანახვამ ყველას სიხარული მოგვანიჭა. თითქმის სამი თვე თოვლში ვიცხოვრეთ. ერთი მძიმე ამბავი კი გადავიტანეთ. ის უზარმაზარი თოვლი რომ იყო, ჩემი დიდი ბებია, ბაბუაჩემის დედა გარდაიცვალა. თებერვლის ბოლო იყო და მთელი 20 დღე სახლში გვესვენა, ვერ ვასაფლავებდით. უბრალოდ შეუძლებელი იყო. 20 დღის მერე რომ დავკრძალეთ, ამოვისუნთქეთ, რომ ეს მოხერხდა. ახლაც მახსოვს იმ ამბით გამოწვეული სტრესი. ვერც ვერავინ მოდიოდა სამძიმარზე, ვერც ჩვენ გავდიოდით ვერსად, საფლავსაც ვერ ამზადებდნენ. ის თოვლი ზუსტად 40 წლის მერე გაიმეორა...

- მაშინ თოვლის დნობას წყალდიდობა ხომ არ მოჰყოლია?

- ასეთი რამ არ მახსოვს. იმხელა ნალექი რაღაც ნელა, ეტაპობრივად და უპრეტენზიოდ წავიდა. არც მეწყრული პროცესები გამოუწვევია, არც წყალმოვარდნები მახსოვს. იქნებ ახლაც ასე უპრეტენზიოდ წავიდეს... რომ გელაპარაკებით, თან თოვლს ვუყურებ და ჩემ წინ თოვლისგან თეთრად გაშლილი ტრამალია...

- დენი რომ არ გაქვთ, ტელეფონებს როგორ ტენით?

- მანქანიდან, ფოვერბანკით, გენერატორით... თოვა რომ დაიწყო, საკვები კი მოვიმარაგეთ, მაგრამ ასეთს არაფერს ველოდით. ამიტომ ფანტაზიებსაც მოვუხმე და თურმე კრიზისულ სიტუაციებშიც იქმნება გემრიელი კერძები.

- სოფლის სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი ხართ. სწავლა როდემდეა შეჩერებული?

- ოფიციალურად 4 მარტამდე, ამ გაცდენილ დღეებს შაბათების ხარჯზე ავანაზღაურებთ. დაწყებითის მასწავლებელი კი ვარ, მაგრამ სპორტის სასერტიფიკატო გამოცდა მაქვს ჩაბარებული და სკოლაში სპორტსაც ვასწავლი.

- სახლში ახლა რამდენი ხართ?

- 81 წლის დედამთილი, მე, ჩემი მეუღლე და მე-12 კლასელი ჩვენი უმცროსი გოგონა... ისიც უნდა ვთქვათ, რომ არ ვუჩივით სოფლის თუ რაიონის ხელმძღვანელობას, გუშინ მარი ჩხიკვიშვილს შევეხმიანე, ჩვენი ზონის საკრებულოს დეპუტატია. თბილად მომისმინა, დახმარებას შემპირდა. ჩემს მეზობელ მოხუცებულ ქალბატონთან დაკავშირებით დავუკავშირდი, რომელზე უკვე გითხარით. დახმარებას კი შემპირდა, მაგრამ მერე ჩვენი კეთილი მამაოების დახმარებით ეგ პრობლემა მოიხსნა.

წაიკითხეთ ასევე: