თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი:
"არის აგრესორი - რუსეთი. არის თავდასხმის ქვეშ მყოფი ხალხი - უკრაინა. ვფიქრობ, ყველანი მართლები ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და სამი წლის წინ დავასანქცირეთ რუსეთი. ამის კეთებას ვაგრძელებთ და როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს, კანადელებს, იაპონელებსა და ბევრ სხვას.
მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც დახმარება გაწია. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც დასაწყისიდანვე იბრძვიან, ვინაიდან ისინი საკუთარი ღირსებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი შვილებისთვისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. ეს მარტივი რაღაცებია, მაგრამ კარგია ისინი გვახსოვდეს ასეთ მომენტებში“, - განაცხადა მაკრონმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ის საკუთარ გვერდებზე წერენ:
"თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი. გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის".
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი:
"ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს. ამ საშინელ ომში არასდროს უნდა აგვერიოს ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი“, - წერს მერცი.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტიორე:
"ის, რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია. უკრაინა ჯერ კიდევ საჭიროებს აშშ-ის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვისაც და ევროპისთვისაც“, - განაცხადა სტიორემ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის ბრალდებები, თითქოს ზელენსკი „აზარტულ თამაშებს ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს“,"ღრმად დაუსაბუთებელია და ეს განცხადებაა, რომელსაც ვემიჯნები“.
"პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ფართო მხარდაჭერა აქვს ევროპაში, და მან საკუთარი ერი ძალიან რთულ და სასტიკ დროში გამოატარა რუსეთის დარტყმების ქვეშ… ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა“, - განაცხადა სტიორემ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი:
"უკრაინა ევროპაა! გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ“, - წერს კალასი.
ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი:
“ტრამპი კიცხავს ზელენსკის, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს, რომელიც მამაცად ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს, მაშინ როდესაც თავად პუტინის მხარეს დგება, დიქტატორის, რომელმაც 80 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე სისხლიანი ომი დაიწყო. ბოდიში, პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ დემოკრატიის გვჯერა, არა ავტორიტარიზმის”, - წერს სანდერსი.
ამერიკელი კონგრესმენი, ნენსი პელოსი თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს "ტრამპის სამარცხვინო შოუს" უწოდებს. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ნენსი პელოსი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ეს შესაძლოა, ძალის დემონსტრირება ყოფილიყო, რომ ოვალურ კაბინეტში უკრაინის არჩეული ლიდერი მიეყვანა და მასთან ღირსეულად ესაუბრა. მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გავიგებთ ტრამპის სამარცხვინო შოუს შემდეგ. პუტინი სიხარულისგან აღსავსე უნდა იყოს დღევანდელი სპექტაკლით. ამ კვირას გაერო-ში რუსეთთან თანხვედრაში შეერთებული შტატების ხმის შემდეგ შემაშფოთებელი მოდელი ჩამოყალიბდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიებისადმი ამერიკის დიდი ხნის მხარდაჭერის საწინააღმდეგოა", - წერს პელოსი.
წაიკითხეთ ასევე: