თეთრ სახლში გუშინ ყველასთვის მოულოდნელი სცენარი განვითარდა. ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. უკრაინის პრეზიდენტმა დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.
რა თქვა ტრამპმა ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ?
"ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
"მადლობა, ამერიკა, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა, დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო. უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, - დაწერა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
"ცნობილია, რომ ტრამპს უყვარს შოუები. მას ავტოკრატიული ტენდენციების ტიპის ლიდერებთანაც (ინგლისურად ე.წ. Strongman-ებთან) ადვილად გამოსდის საუბარი. მაგრამ იგი ევროპელებთან და დემოკრატიულ სამყაროსთან დამოკიდებულებაში უფრო ხისტია. თუმცა ის რაც ვიხილეთ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზე იყო ზელენსკისადმი ღია ზეწოლისა და პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა თავისი შოუს ელემენტებით. ამით ტრამპი ცდილობდა ცალმხრივი კარნახის რეჟიმში წარმართულიყო მთელი პროცესები.
თუმცა ზელენსკის მხრიდან ამ პროცესში დათმობა არ ყოფილა, რამაც მასობრივად თანაგრძნობა და სიმპათია გამოიწვია დამკვირვებლებში. იგი ერთგვარი მაგალითი შეიძლება გახდეს უკრაინის სხვა მოკავშირეების - ევროპული სახელმწიფოების - მიმართ. სიმტკიცის მაგალითი. არადა რამდენი ეცადნენ აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერები დაეჯერებინათ ტრამპისათვის, რომ არ დაჰპირისპირებოდა უკრაინას და ბოლო 24 საათი ისე ჩანდა თითქოს ტრამპიც იხრებოდა უკრაინისაკენ.
მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ისე არ წავიდა როგორც მას მოესურვებოდა - ცალმხრივი კარნახის რეჟიმში. რაც არ უნდა იყოს, დღევანდელი ღია ეთერის დაპირისპირება აშშ-ს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება. ომში მყოფი პრეზიდენტის ემოციურობა და სამხედრო ტანისამოსში ყოფნა არავის გაუკვირდება, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური წნეხის რეჟიმში ყოფნა ომში მყოფი სახელმწიფოს ლიდერის წინააღმდეგ - ძალიან ცუდი პრეცედენტი და სრულიად შეუფერებელია. ამით ვაშინგტონისადმი ეჭვით მომზირალი მოკავშირეები კიდევ უფრო დარწმუნდებიან იმაში, რომ თავიანთ თავზე მაქსიმალური ზრუნვა და სამხედრო დანახარჯის ზრდა ერთადერთი ლოგიკური გამოსავალია.
ამ კადრების შემხედვარე ალბათ კიდევ უფრო ადვილად აუხსნიან ისინი თავიანთ მოსახლეობას, თუ რატომაა საჭირო ჩააინვესტირონ ფული სამხედრო ინდუსტრიასა და თავდაცვაში. და თან ბოლო საათებია უკრაინის მხარდამჭერმა წერილებმა ონლაინ სივრცე კიდევ ერთხელ მოიცვა. ამერიკაში კი ამ ამბით შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.
რუსეთი კმაყოფილია შედეგით. მულტიპოლარული მსოფლიოს კონტურები ყოველდღიურ რეჟიმში უფრო და უფრო იკვეთება. ტრამპმა კიდევ რომ იცვალოს პოზიციები არც ეს უნდა გაუკვირდეს ვინმეს, მაგრამ დინამიკა გამოჩნდა - ნდობა ისეთი მყარი აღარ იქნება, როგორც წინათ იყო. პოლიტიკური ნდობისა და რეპუტაციის შექმნას ათწლეულები სჭირდება ხოლმე. ეს რეპუტაცია კი დღეს დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. როგორც არ უნდა იყოს - ჯერი ევროპულ სახელმწიფოებზეა".
წაიკითხეთ ასევე: