ავტორი:

“ევროპისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება“ - სამი ძირითადი განსახილველი საკითხი და ლიდერების განცხადებები: ლონდონში, უკრაინის საკითხზე, სამიტი მიმდინარეობს

“ევროპისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება“ - სამი ძირითადი განსახილველი საკითხი და ლიდერების განცხადებები: ლონდონში, უკრაინის საკითხზე, სამიტი მიმდინარეობს

ლონდონში, უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.

კირ სტარმერთან ერთად სამიტს ესწრებიან: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი; საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი; გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი; იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი; ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა; კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო; დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიქსენი; ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იუნას გარ სტორე; ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი, დიკ შუფი; ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი; თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი; ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე; ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა.

  • ლიდერები სამიტზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხებს, მათ შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზებს განიხილავენ.

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლონდონის სამიტის სამ ძირითად საკითხს ასახელებს. მისი თქმით, ნატო-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად ევროპა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს

“ძალიან პოზიტიური დასაწყისი დღევანდელ შეხვედრაზე ლონდონში.

სამი ძირითადი პუნქტი:

მხარი დავუჭიროთ უკრაინას დღეს. ევროპაში ყველამ მეტი უნდა გასცეს;

ჩვენ ყველას გვინდა სამშვიდობო შეთანხმება და ის უნდა გაგრძელდეს. აქ ევროპა ნამდვილად წინ მიიწევს;

ნატო-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად ევროპა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს“,- წერს რუტე X-ზე.

  • გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი:

“ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება. უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება არ არის მხოლოდ “სწორია თუ არასწორიას“ საკითხი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის, როგორც აქ წარმოდგენილი, ასევე სხვა მრავალი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა სტარმერმა.

სტარმერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და განაცხადა, რომ უკრაინის გვერდით იდგებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

”ჩვენ, ყველანი თქვენთან, უკრაინასთან ვართ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - აღნიშნა სტარმერმა.

  • სამიტის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა:

“ნათელი უნდა იყოს, რომ პოლონეთი უკრაინის მხარესაა, ყოველგვარი “მაგრამ“-ის გარეშე. ევროპამ კვლავ უნდა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან რაც შეიძლება მჭიდრო ალიანსზე, მაშინაც კი, თუ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ისეთივე პირდაპირი არ არის, როგორც ევროპის.

ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რადგან ეს საჭიროა, როგორც “დამატებითი სადაზღვევო პოლისი“.

“ევროპა, რომელსაც ესმის მისი გლობალური პოტენციალი, მისი, როგორც სუპერსახელმწიფოს სტატუსი, იქნება არა აშშ-ის ალტერნატივა, არამედ ყველაზე სასურველი მოკავშირე. საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ტრამპს სურს, რომ ევროპამ აიღოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე. პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს“, - აღნიშნა ტუსკმა.

  • შეხვედრის დაწყებამდე სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ:

“ვიმყოფები ლონდონში, ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - წერს ჯასტინ ტრუდო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

იხილეთ ასევე: