ავტორი:

“მოლაპარაკებებისთვის ადგილი აღარ დარჩა“ - ტრამპის ტარიფებით ბრძოლა ჩინეთის, მექსიკის და კანადის წინააღმდეგ და საპასუხო ნაბიჯები

“მოლაპარაკებებისთვის ადგილი აღარ დარჩა“ - ტრამპის ტარიფებით ბრძოლა ჩინეთის, მექსიკის და კანადის წინააღმდეგ და საპასუხო ნაბიჯები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-იანი ტარიფები დაგეგმილისამებრ სამშაბათიდან შევიდა ძალაში.

მისი თქმით, ამ ორ ქვეყანასთან, ტარიფების თავიდან აცილების მიზნით, “მოლაპარაკებებისთვის ადგილი აღარ დარჩა“.

“ადგილი აღარ დარჩა მექსიკისთვის, ან კანადისთვის. მოგეხსენებათ, ყველაფერი დადგენილია. ისინი ძალაში ხვალ შევა. 25 პროცენტიანი ტარიფი კანადისთვის და 25 პროცენტიანი - მექსიკისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • ამასთან, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.

“დავადგინე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ არ გადადგა ადეკვატური ნაბიჯები უკანონო ნარკო კრიზისის შესამსუბუქებლად და რომ 14195 აღმასრულებელი ბრძანებით აღწერილი კრიზისი არ შემცირებულა“, - აღნიშნულია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.

  • ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის გაორმაგების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება - ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფი კი დაწესდება: სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, წყლის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.

  • რას აპირებს კანადა?

კანადა 107 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

"კანადა ამ გაუმართლებელ გადაწყვეტილებას პასუხის გარეშე არ დატოვებს. თუ ამერიკული ტარიფები დღეს ღამიდან ამოქმედდება, მაშინ კანადა ხვალ, 00:01 საათიდან 155 მილიარდი კანადური დოლარის (107 აშშ დოლარი) ღირებულების საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით უპასუხებს“, - აცხადებს ჯასტინ ტრუდო.

ჯასტინ ტრუდოს ცნობით, 30 მილიარდის ღირებულების საქონელზე ტარიფები ძალაში მაშინვე შევა, ხოლო დარჩენილ 125 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები 21 დღის შემდეგ ამოქმედდება.

"ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ სავაჭრო ტარიფებს უკან არ გაიწვევს და თუ აშშ-ის ტარიფები არ გაუქმდება, ჩვენ აქტიურ და მუდმივ დისკუსიაში ვართ პროვინციებთან და ტერიტორიებთან არასატარიფო ზომების გასატარებლად“, - აღნიშნა ტრუდომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში დღეს შევიდა.

წყარო

იხილეთ ასევე: