ავტორი:

"ამერიკა დაბრუნდა" - რა თქვა ტრამპმა კონგრესში: ზელენსკის წერილი, დარბაზიდან გაძევებული კონგრესმენი და მუქარა ფედერალურ ბიუროკრატებს

"ამერიკა დაბრუნდა" - რა თქვა ტრამპმა კონგრესში: ზელენსკის წერილი, დარბაზიდან გაძევებული კონგრესმენი და მუქარა ფედერალურ ბიუროკრატებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალური მუშაკები, რომლებიც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ, თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით ზელენსკისგან დღეს დილით მნიშვნელოვანი წერილი მიიღო.

ტრამპის თქმით, წერილში ნათქვამია: „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარების კუთხით. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს მას თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აფასებს წერილს.

"ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. მშვენიერი არ იქნება? დროა, ეს უაზრო ომი დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

"ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას უპასუხისმგებლო ბიუროკრატიისგან და ჩვენ აღვადგენთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ მოიხსნება თანამდებობიდან. იმიტომ, რომ ჭაობს ვაშრობთ. არაარჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ეს ადამიანები „ძლიერად არიან ჩაბუდებული“ შეერთებულ შტატებში.

„ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ისინი ახლა ძლიერად არიან ჩაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ექვსი კვირის წინ "ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟი" გამოაცხადა.

"იმ მომენტიდან მოყოლებული, სხვა არაფერი მომხდარა, თუ არა სწრაფი და შეუპოვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად. 43 დღეში ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ადმინისტრაციების უმეტესობამ მიაღწია ოთხ თუ რვა წელიწადში. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ, ”- აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, "ამერიკული ოცნება შეუჩერებელია“.

"ამერიკის იმპულსი დაბრუნდა. ჩვენი სული დაბრუნდა. ჩვენი სიამაყე დაბრუნდა. ჩვენი თავდაჯერებულობა დაბრუნდა. ამერიკული ოცნება იზრდება - იმაზე უფრო მეტად და უკეთესად, ვიდრე ოდესმე. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია", - აღნიშნა ტრამპმა.

  • ტრამპის სიტყვის გამოსვლისას დარბაზიდან გააძევეს "დემოკრატი” კონგრესმენი ალ გრინი, რომელმაც პრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა შეძახილით : "თქვენ არ გაქვთ მანდატი“.

ტრამპმა ისაუბრა ასევე სხვადასხვა ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ბრაზილია.

"ინდოეთი გვაკისრებს 100%-იანზე მეტ ტარიფებს, ჩინეთის საშუალო ტარიფი ჩვენს პროდუქტებზე ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ მათთვის გვაქვს დაწესებული და სამხრეთ კორეის საშუალო ტარიფი ოთხჯერ მეტია“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, სავაჭრო პარტნიორების მიმართ აშშ-ის საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში. ტრამპის განმარტებით, შესაძლოა, ტარიფების დაწესებას მოჰყვეს მცირე მღელვარების და ადაპტაციის პერიოდი, მაგრამ ტარიფები, საბოლოო ჯამში, კეთილდღეობას მოუტანს შეერთებულ შტატებს იმით, რომ აიძულებს კომპანიებს მეტი პროდუქტი აწარმოონ შეერთებულ შტატებში, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს.

"ის მოგვიტანს ტრილიონობით დოლარს და შექმნის სამუშაო ადგილებს ისე, რაც არასდროს არ გვინახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, მექსიკა და კანადა აშშ-ში ფენტანილის შეტანას აქამდე არნახულ დონეზე უშვებენ, რაც იწვევს ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. ტრამპის მტკიცებით, ეს ორი ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს. ”ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, - დასძინა ტრამპმა.

იხილეთ ასევე: