ბოლო წლებია, რაც საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის 90-იან წლებში დაწყებული სქემა გაიშიფრა. უკვე არაერთი ისტორია მოვისმინეთ როგორ ყიდდნენ სამშობიაროდან ბავშვებს უშვილო წყვილებზე. ბიოლოგიურ მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილი დაიღუპა და თავად დაკრძალავდნენ. იმ შემთხვევაში კი თუ ოჯახი გარდაცვლილი ჩვილის ცხედარს ოჯახი დაჟინებით მოითხოვდა, ექიმები მათ გადარწმუნებას ცდილობდნენ.
რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ ყველა ჩვილი, რომელიც წლების წინ გარდაცვლილად გამოცხადდა, გაყიდულია. თუმცა ჩვილებით ვაჭრობის საქმემ მართლაც შემზარავი მასშტაბები მიიღო. თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილ ჯგუფში "ვეძებ“ თვეში რამდენიმე ოჯახი პოულობს გაშვილებულ შვილს, რომელიც წლების განმავლობაში გარდაცვლილი ეგონათ.
ამჯერად ზესტაფონში მცხოვრებ ოჯახზე მოგიყვებით. როგორ იპოვა თეო სირაძემ 29 წლის წინ მოპარული ძმა. ისტორია მძიმე წასაკითხია, ქალი ჰყვება, რომ მათ მდგომარეობაში ბევრი ოჯახია, თუმცა სირაძეების ოჯახს გაუმართლა და შვილი დაიბრუნეს, თუმცა ეს გზა მარტივი არ ყოფილა.
ეს ისტორია არ არის მხოლოდ ტკივილის, განშორებისა და უსამართლობის შესახებ - ესაა ისტორია სიყვარულის, რომელიც გზას ყოველთვის პოულობს.
თეო სირაძე:
- დედაჩემის მეორე შვილი - ჩემი ახლახან ნაპოვნი ძმა, გიორგი ზესტაფონის საავადმყოფოში შეეძინა. მესამე დღეს ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა და სამშობიაროდან შინ შვილის გარეშე დაბრუნდა. სამშობიაროში უთხრეს, რომ მიცვალებულს თავად მიხედავდნენ. სადღაც ერთ კვირაში იმავე სამშობიაროს გინეკოლოგს მაცივარში მკვდარი ჩვილი უპოვეს, იმ შემთხვევისთვის ჰქონდა შენახული, თუ ვინმე მოპარული ჩვილის ცხედარს მოითხოვდა. ამ ამბის გარკვევის შემდეგ, იმავე სამშობიაროში მომუშავე ერთ-ერთმა პედიატრმა, რომელიც ბაბუას იცნობდა, მოაკითხა და უთხრა, თქვენი შვილიშვილი ცოცხალია და ქუთაისშია გაშვილებულიო.
ოჯახმა ძებნა დაიწყო, იმჟამინდელ პოლიციას მიმართეს და კვალი მართლა ქუთაისზე გავიდა, მაგრამ საქმე მალე შეწყვიტეს, უთხრეს, რომ კვალი დაეკარგათ. დედას და მამას საქმის დახურვაზე ხელი მოაწერინეს და ასე დასრულდა ეს ამბავი. შემდეგ ბაბუა ცდილობდა თავისი ძალებით მოეძებნა ბავშვი, მაგრამ ძალიან რთული პერიოდი იყო, რამდენიმეჯერ მუქარის წერილი დახვდა, მანქანაზე, სახლის კართან, რომ ძებნისთვის თავი დაენებებინა.
- როგორი იყო ამ პერიოდში თქვენი დედ-მამის ემოციური მდგომარეობა?
- თავისი ძალებით ჩუმად მაინც აგრძელებდნენ ძებნას. შემდეგ დედმამიშვილები რომ წამოვიზარდეთ, მოგვიყვნენ, რომ კიდევ ერთი ძმა გვყავდა ქუთაისში. 29 წელი სულ ძიებაში ვიყავით. ჯერ მე დავიბადე, შემდეგ ჩემი მოპარული ძმა და კიდევ ორი და-ძმა გვყავს.
- როგორ გახვედით 29 წლის შემდეგ კვალზე?
- მუდმივად ვეძებდით, კარდაკარ დავდიოდით. იმ პერიოდში სამშობიაროში მომუშავე ექთნებს და ექიმებს ვეკითხებოდით. შემდეგ გამოჩნდა თამუნა მუსერიძის ჯგუფი "ვეძებ“, დაარსების დღიდან თამუნა მეხმარებოდა და გზას მიჩვენებდა. სამწუხაროდ, საბუთები სრულად განადგურებული აღმოჩნდა. ძიების პროცესში სამი ეპიზოდი გვქონდა როცა მეგონა, რომ ისინი ჩემი ძმები იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ისტორია არ ემთხვეოდა. ეს ძალიან მძიმედ გადასატანი იყო ფსიქოლოგიურად. ერთ დღეს "ფეისბუქის" თვალიერებისას გამომიჩნდა კიდევ ერთი ისტორია, რომელმაც დამაინტერესა. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, ვიფიქრე, მოდი, ამასაც ვცდი-მეთქი.
- პოსტში რა ეწერა?
- ანონიმურად წერდა გოგონა, რომ მისი მეუღლე მოპარული შვილი იყო. დაემთხვა წელი, ქალაქი, მხოლოდ დაბადების თვე იყო განსხვავებული. მივწერე, თუ დაბადების თვეში ეჭვი გეპარებათ, შემეხმიანეთ-მეთქი. პოსტის ავტორი ჩემი ძმის ცოლი აღმოჩნდა.
როდესაც "ფეისბუქის" პროფილზე გადავედი, სრული შოკი მივიღე. ჩემს ძმას ტყუპი გოგონები ჰყავს, ერთმანეთს არ ჰგვანან, მაგრამ ერთ-ერთი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჩემს შვილს. თან ჩემი ძმა, ჩემს უმცროს დას მივამსგავსე. ამდენი დამთხვევის მიუხედავად ძალიან თავშეკავებულად მივუდექი, არ მინდოდა კიდევ ერთი იმედგაცრუება. დავიწყეთ მიმოწერა. როდესაც ბავშვობის ფოტოები გავაზიარეთ, სრული შოკი აღმოჩნდა ჩვენთვის, სასწაულად ვგავდით ერთმანეთს. ასევე ჩემი ძმის, მეორე ძმისა და მამის ხელის მტევნები იდენტური იყო.
ჩვენი ოჯახის ამბავი იცოდა ოჯახის მოძღვარმა, რომელსაც აღსარების სახით ჩააბარეს და იცოდა სად იყო ჩემი ძმა გაშვილებული, მაგრამ არ ჰქონდა უფლება აღსარების საიდუმლო გაეთქვა. ეს მამაო ჩემი დედულეთიდან იყო. ერთ დღეს ძიების პროცესში გიომ გვითხრა, რომ იმ სოფელში ხალხს იცნობდა და სტუმრადაც დადიოდა. აღმოჩნდა რომ ერთი ქუჩის იქით მოდიოდა გიო. ასევე ჩემი უმცროსი და და გიო ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მოკლედ, გიორგის მხრიდანაც ამ მოძღვრის კვალზე გავედით.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დედმამიშვილები ერთად მივსულიყავით მასთან და გვეკითხა, იყო თუ არა გიო ჩვენი ძმა.
- გიორგის მშვილებელი მშობლები რას ამბობდნენ?
- მამა გარდაცვლილია, ამის შემდეგ გაიგო გიომ, რომ ნაშვილები იყო, დედამ უთხრა. სონია დეიდასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, გიო ძალიან უყვარს და ისე მიგვიღო როგორც საკუთარი შვილები.
და-ძმებმა დავგეგმეთ მოძღვართან შეხვედრა, მაგრამ ჩვენმა მშობლებმა ვერ მოითმინეს და უკან მანქანით გამოგვყვნენ. მოძღვარმა ყველაფერი გამოგვკითხა, აღმზრდელი დედა, მამა, სად ცხოვრობდნენ, ისტორია სრულად დაემთხვა. ბოლოს ვკითხეთ, მამა ადამ, - არ გვაინტერესებს ვინ ჩაგაბარათ აღსარება, უბრალოდ, გვითხარით ნამდვილად არის თუ არა ეს ბავშვი ჩვენი ძმა, თუ კიდევ სხვა გზით წავიდეთ.
გვიპასუხა, დიახ, ეს ბავშვი თქვენი ძმაა, არც დნმ-ი გჭირდებათ და არც არაფერიო. იმ დღიდან ასე მოვდივართ.
- თქვენმა მშობლებმა როგორ გაიგეს ეს ამბავი?
- თავიდან არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რეალურად მათთან გასაუბრება მჭირდებოდა ძიების პროცესში აღმოჩენილი დეტალების გადასამოწმებლად. მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვეუბნებოდი, არ გქონდეთ იმედი, არ ვიცი, რა გამოვა-მეთქი. კადრები, რომელშიც გიოს და მშობლების პირველი შეხვედრაა, იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ ნამდვილად ჩვენი ძმაა. მაგრამ გიო ამბობს, მშობლები რომ დავინახე, მეგონა, ფრთები შემესხა და გავფრინდიო. დედაც იმავეს ამბობს, ვიგრძენი რომ ჩემს გულში იყოო.
- რატომ აირჩიეს თქვენი ოჯახი, ასეთი დანაშაულის ჩასადენად?
- მაშინ ბევრი მსგავსი შემთხვევა ხდებოდა. ვინც ეს გააკეთა, გინეკოლოგმა, კარგად იცნობდა ჩვენს ოჯახს. ერთადერთი ეჭვი გვაქვს, რომ კარგი ოჯახის შვილს ეძებდნენ და რაც ჩაიფიქრეს, სისრულეში მოიყვანეს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ახლა, ჩვენ ზესტაფონში ვართ, გიო ქუთაისში, შაბათ-კვირას ვცდილობთ ერთად გავატაროთ დრო.
- ბაბუა რას ამბობს ამდენი წლის შემდეგ ნაპოვნ შვილიშვილზე?
- დიახ, ვიდეოში, რომელშიც ჩემი ძმა დედ-მამას ეხუტება, შემდეგ ბაბუა ჩანს. ქუდს იხდის და გულში იკრავს მოპარულ შვილიშვილს. სხვათა შორის გიო ძალიან ჰგავს, ფიზიკურად და ხასიათით. ერთი შაბათ-კვირა რომ შეაგვიანდება გიოს ჩვენთან ჩამოსვლა, ბაბუა მაშინვე ურეკავს. დედმამიშვილებს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი შვილები იმდენად დაახლოვდნენ, რომ ზოგჯერ მგონია, არც გვქონია ერთმანეთთან ურთიერთობაში წყვეტა. იმდენად ჩვენიანია და ჩვენნაირია, რომ ღმერთის საჩუქარია.
- თქვენი ისტორია იმედია იმ მშობლებისთვის, რომლებიც დღემდე ეძებენ შვილებს. ალბათ თქვენ უფრო მეტი გაგიგიათ მსგავს ისტორიებზე.
- დიახ, ძალიან ბევრია. ჩვენს ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც ზესტაფონიდან, ასევე ჩვენი სოფლიდან ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ მათი შვილიც გააშვილეს. დაიწყეს ძებნა და რამდენიმემ იპოვა კიდეც. წლები გრძელდებოდა ბავშვებით ქურდობა და წარმოიდგინეთ რამდენ ჩვილს მოიპარავდნენ. როგორც თამუნა მუსერიძე ამბობს, არ არსებობდა ბავშვთა სასაფლაო 2005 წლამდე და ვინც დაიტოვეს სამშობიაროში, ვითომ დასაკრძალად, ყველა ჩვილი მოპარულია. ჩვენს სოფელში ერთ ოჯახს გამოატანეს ჩვილი დასასაფლავებლად, მაგრამ უთხრეს, რომ სასახლე არ გაეხსნათ, გონებაში ცუდად დაგრჩებათო. ჩვენი ამბის შემდეგ, ეჭვი გაუჩნდათ და საფლავი გახსნეს, სასახლეში თოჯინა დახვდათ. ახლა ისინიც ძიებაში არიან.
წაიკითხეთ ასევე: