ავტორი:

სპეციალური სამალავი მანქანაში და რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი - როგორ დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა: შსს-ს განცხადება

სპეციალური სამალავი მანქანაში და რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი - როგორ დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა: შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

  • შსს-ს ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა საზღვარი ფარულად გადაკვეთა ავტომობილით, სადაც სპეციალური სამალავი იყო მოწყობილი.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია, გ.ბ.-ს მიერ, სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

  • მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა - დაკავების მიზნით.ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი დღეს გაიმართა და ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

  • როგორც პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი კი რუსეთის ფედერაციის პასპორტით დატოვა.

ხახანაშვილის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა გამოკითხვისა და სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმები. პროკურორის შუამდგომლობით, ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე, ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს.

როგორც ხახანაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალებოდა, რომ მას ორ საქმეზე გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა, ამის მიუხედავად, მან დაარღვია გირაოს პირობები და ახალი დანაშაული ჩაიდინა.

პროკურორის თქმითვე, საქმეზე დასადგენია ბაჩიაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები და ასევე ის, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი.

ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ლევან მახარაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

წაიკითხეთ ასევე: