ორგზის ორსკაროსანი მსახიობის ჯინ ჰეკმანისა და მისი მეუღლის, ბეტსი არაკავა ჰეკმანის ცხედრები 26 თებერვალს ნიუ-მექსიკოში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.
"ჰეკმანის მეუღლე, ბეტსი არაკავა-ჰეკმანი, ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომით გარდაიცვალა. აღნიშნული დაავადება ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის და მღრღნელებშია გავრცელებული" - დაადასტურა ნიუ-მექსიკოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა.
მისი აუტოფსიის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი იყო. ხელისუფლების ვარაუდით, ის დაახლოებით 11 თებერვალს გარდაიცვალა.
ნიუ-მექსიკოს მთავარი სასამართლო-მედიცინის გამომძიებელმა, დოქტორმა ჰეზერ ჯარელმა, ჰეკმანს აუტოფსია ჩაუტარა მისი ცხედრის აღმოჩენის მეორე დღეს. გაკვეთამ აჩვენა "გულის მძიმე დაავადება, მათ შორის გულის ოპერაციების მრავალჯერადი შემთხვევა, გადატანილი ინფარქტების ნიშნები და თირკმელების სერიოზული დაზიანება ქრონიკული მაღალი წნევის შედეგად."
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბეტსი ჰეკმანის უკანასკნელი საზოგადოებრივი აქტივობა 9 თებერვალს ვეტერინართან ვიზიტი იყო.
"ორი დღის შემდეგ, 11 თებერვალს, ის ადგილობრივ სუპერმარკეტში, აფთიაქში და შინაური ცხოველების მაღაზიაში შენიშნეს, რის შემდეგაც დაახლოებით 17:15 საათზე დაბრუნდა თავიანთ დაცულ საცხოვრებელ კომპლექსში", - განაცხადა შერიფმა ადან მენდოსამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეძლებდა თუ არა მსახიობი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრებასა და თავის მოვლას, ჯარელმა აღნიშნა, რომ ოსკაროსანი მსახიობი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო.
ჯარელის თქმით, დეჰიდრატაციის ნიშნები არ დაფიქსირებულა, თუმცა ჰეკმანს თირკმელების მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა. "მის კუჭში საკვები არ აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ გარდაცვალებამდე ბოლო პერიოდში აღარ უჭამია" - დასძინა მან.
"ის ალცჰაიმერის დაავადების მძიმე სტადიაში იმყოფებოდა და სრულიად შესაძლებელია, რომ ვერ აცნობიერებდა მეუღლის გარდაცვალებას,“ - აღნიშნა სასამართლო-მედიცინის ექსპერტმა.
რაც შეეხება ჰანტავირუსს, დოქტორ ჯარელმა განმარტა, რომ ის გამოირჩევა გრიპის მსგავსი სიმპტომებით, მათ შორის ცხელებით, კუნთების ტკივილით, ხველებით, ზოგჯერ კი ღებინებით და დიარეით, რომელიც შეიძლება ფილტვების და გულის უკმარისობამდე მივიდეს.
"ინფიცირება ხდება მღრღნელების, ძირითადად ერთ-ერთი სახეობის თაგვის ექსკრემენტებთან შეხების შემდეგ, ვირუსის ინკუბაციის პერიოდი კი ერთიდან რვა კვირამდეა" - აღნიშნა მან.
"ბოლო 50 წლის განმავლობაში ნიუ-მექსიკოში 136 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუთი სანტა ფეს ოლქში" - განაცხადა ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო ვეტერინარმა, დოქტორ ერინ ფიფსმა. "ეს ძალიან მძიმე დაავადებაა — ნიუ-მექსიკოში დაფიქსირებული შემთხვევების 42% ლეტალური აღმოჩნდა.“
შეგახსენებთ, ჰეკმანი და მისი მეუღლე, რომლებიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები, 26 თებერვალს საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. მათ გვერდით ასევე იმყოფებოდა ოჯახის ერთ-ერთი გარდაცვლილი ძაღლი.
შერიფმა ადან მენდოსამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ძაღლი, სახელად ზინა, შესაძლოა ცოტა ხნით ადრე სამედიცინო პროცედურას გადიოდა, რაც „შეიძლება ხსნიდეს იმ ფაქტს, თუ რატომ იმყოფებოდა გარდაცვალების მომენტში გალიაში.“
გამომძიებლებმა თავდაპირველად ცოლ-ქმრის გარდაცვალება „საკმაოდ საეჭვოდ“ მიიჩნიეს, რის გამოც საქმეზე დეტალური გამოძიება დაიწყო, — ნათქვამია Fox News Digital-ის მიერ მოპოვებულ სასამართლოს განკარგულებაში.
ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ჰეკმანისა და არაკავას სხეულებზე არანაირი გარე ტრავმა არ გამოვლენილა. ნიუ-მექსიკოში მათი გარდაცვალების მიზეზების გამოსაკვლევად კრიმინალური გამოძიება მაშინვე დაიწყო.
ჯინ ჰეკმანს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს: კრისტოფერი, ელიზაბეთი და ლესლი ჰეკმანები. მეორე მეუღლესთან, ბეტსი არაკავასთან, შვილები აღარ ჰყოლია. ამ დრომდე მსახიობის შვილებს მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ
წყაროწაიკითხეთ ასევე: