რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია წუხელ რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვის ოლქში, დრონებით მასშტაბური თავდასხმის თაობაზე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 337 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 126 დრონი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
“გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. 91 უპილოტო საფრენი აპარატი - მოსკოვის ოლქის თავზე, 126 - კურსკის რეგიონის თავზე, 38 დრონი - ბრიანსკის ოლქის თავზე, 25 უპილოტო საფრენი აპარატი - ბელგოროდის ოლქის თავზე, 22 - რიაზანის ოლქის თავზე, 10 დრონი - ორიოლის ოლქში, 6 - ვორონეჟის ოლქის თავზე და 3 უპილოტო საფრენი აპარატი - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის თავზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ მოსკოვის რეგიონის 14 მცხოვრებს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, იტყობინება სააგენტო "ინტერფაქსი". 6 ადამიანი (მათ შორის 4 წლის ბავშვი) დაშავდა ვიდნოიეში, ადამიანებმა დახმარება ითხოვა რამენსკოეშიც, - იუწყება მოსკოვის რეგიონის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი.
დომოდედოვოში დრონის ნამსხვრევები კომპანია "მირატორგის" შენობის გვერდით მდებარე ავტოსადგომზე ჩავარდა, სადაც დიდი ხანძარი გაჩნდა, დაიწვა 20-მდე ავტომობილი. ასევე დაიღუპა დაცვის 38 წლის თანამშრომელი, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი, თავის ღია ჭრილობით, რეანიმაციულ განყოფილებაშია .
დრონის ნამსხვრევებმა, რომელიც ჩამოცვივდა დომოდედოვოს რკინიგზის სადგურის მიდამოებში, სარკინიგზო ლიანდაგები დააზიანა.
კიდევ ერთი ქალი დაშავდა დომოდედოვოს ურბანული რაიონის სოფელ კოტლიაკოვოში. როგორც ვორობიოვმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა, ის მძიმე მდგომარეობაშია და ამჟამად ოპერაციას უტარდება.
"ასევე, თვითმფრინავის ნამსხვრევები დაეცა რამენსკოეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, სადაც დაზიანდა მინიმუმ შვიდი ბინა შენობის მე-19-დან 22-ე სართულებზე, გაჩნდა მცირე ხანძარი. შედეგად მოხდა მცხოვრებთა ევაკუაცია, 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი გადაიყვანეს კლინიკაში. დაშავებულების ნაწილს ექიმებმა დახმარება ადგილზევე გაუწიეს. ევაკუირებულის ნაწილი ახლომდებარე სკოლაში მოათავსეს, დანარჩენი ახლა ნათესავებთან რჩებიან“, - წერს გუბერნატორი.
"უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ზარები მოვიდა კოლომნადან, ზარაისკიდან, სერებრიანე პრუდიიდან, სერპუხოვიდან, ვოსკრესენსკიდან, ლუხოვიციიდან, ბრონნიციდან, დომოდედოვოდან, ლენინსკოედან, პოდოლსკიდან, ელექტროსტალითა და კოტელნიკიდან“, - დასძინა გუბერნატორმა.
ვორობიოვმა ასევე გამოაქვეყნა თავდასხმების შედეგების ფოტოები.
"როსავიაცია" იუწყება, რომ მოსკოვის ორმა აეროპორტმა, დომოდედოვომ და ჟუკოვსკიმ შეზღუდვები შემოიღეს - აეროპორტები დროებით დაიკეტა.
იხილეთ ასევე: