ავტორი:

"ის ცეცხლია, ყველგან იყო, მოედნის ყველა წერტილში" - საფეხბურთო დრამა "ენფილდზე": რა შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ, რა თქვა ლუის ენრიკემ და რას წერენ ფრანგი ქომაგები (ვიდეო)

"ის ცეცხლია, ყველგან იყო, მოედნის ყველა წერტილში" - საფეხბურთო დრამა "ენფილდზე": რა შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ, რა თქვა ლუის ენრიკემ და რას წერენ ფრანგი ქომაგები (ვიდეო)

ლივერპულში, "ენფილდზე" გამართულ დაძაბულ და დრამატულ მატჩში "ლივერპულსა" და "პარი სენ-ჟერმენს შორის", გამარჯვებული 11-მეტრიანების შემდეგ გამოვლინდა - "კვარა" და კამპანია ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებენ.

  • პირველი თამაში პარიზში ლივერპულელთა გამარჯვებით 0-1 დასრულდა. საპასუხო მატჩის წინ კი პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ამბობდა, რომ "მათ შეეძლოთ ენფილდზე ქამბექი".

  • "ქამბექი ენფილდზე? რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - ამბობდა პარიზელების მთავარი მწვრთნელი.

მატჩის მე-13 წუთზე უსმან დემბელემ პსჟ დააწინაურა და ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. დაინიშნა დამატებითი დრო და საბოლოოდ, ყველაფერი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც პსჟ-ს გამარჯვებით 1-4 დასრულდა.

მართალია, პარიზელების ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

"კვარა" იყო ყველგან, მისთვის უჩვეულო პოზიციებზე, რამდენჯერმე მცველის როლი წარმატებით შეითავსა და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა. ის ლუის ენრიკემ დამატებით დროში შეცვალა.

გამარჯვების ემოციები

ლივერპულელთა ლიდერმა მო სალაჰმა წაგების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა

ხვიჩამ მოედანზე 100 წუთი გაატარა, ამ დროის განმავლობაში კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო - 54 ბურთთან შეხება, 1 ზუსტი დარტყმა, 2 გამჭოლი გადაცემა, 4 მოგებული ორთაბრძოლა, 2 ბურთის დაბრუნება, 1 - ცარიელ კარიდან გამოტანილი ბურთი.

  • რაც შეეხება ანალიტიკური საიტების შეფასებებს, Whoscored-მა ქართველის თამაში 7,8 ქულით შეაფასა, Sofascore-მაც ასევე 7,8 ქულით, ხოლო Flashscore-მა 7,2-ით.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "პარი სენ-ჟერმენის" მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა გახდა, რომელმაც გმირულად ითამაშა და გარდა იმისა, რომ უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას არაერთი სეივი შეასრულა, ასევე 11-მეტრიანების მოგერიება შეძლო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯანლუიჯი დონარუმა

  • რა თქვა მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ?

პარიზელების მთავარი მწვრთნელი ბედნიერი და კმაყოფილი იყო მატჩის შედეგით, მისი თქმით, ამაყია ენფილდზე მოპოვებული გამარჯვების გამო.

"მომხდარის გაანალიზება მიჭირს, ჯერ კიდევ ემოციებში ვარ. ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და გამარჯვებით ამაყები ვართ. მინდა, დონარუმა გამოვყო. ეს მხოლოდ დასაწყისია! ჩვენი მენტალობა იმაში მდგომარეობს, რომ უკეთესი გავხდეთ. ეს გამარჯვება ჩვენი თითოეული გულშემატკივრისთვისაა.

ახლა აღდგენაზე და მოგების აღნიშვნაზე უნდა ვიფიქროთ. გმირობა? ჟურნალისტების საქმეში არ ვერევი, ამას რაც გინდათ, ის დაარქვით. მოგება პროგრესირებაში დაგვეხმარება. შესანიშნავ ფორმაში ვართ. ვართ თუ არა ფავორიტები? ისეთივე შანსი გვაქვს, როგორიც მეოთხედფინალში გასულ დანარჩენ შვიდ გუნდს. გასახდელში ზეიმი გვქონდა, თუმცა გვესმის, ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია.

რამუში პენალტის დასარტყმელად შევუშვი? ცვლილებები ფეხბურთელების დაღლილობის და სხვა ასპექტების გათვალისწინებით გავაკეთე", - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

პარიზელების თავდადებულ თამაშს გულშემატკივრის აღფრთოვანებული კომენტარები მოჰყვა და რა თქმა უნდა, აქებენ კვარაცხელიასაც:

"გოლისგანაც კი იხსნა პსჟ. აბსოლუტურად საუკეთესო ფეხბურთელი ამ მატჩის".

"ამ ბიჭის თავდადებულმა თამაშმა შეუძლებელია არ მოგნუსხოს",

"ხვიჩა კვარაცხელიას მასტერკლასი, როგორ ბავშვებივით დასდევდნენ ამ დონის მცველები",

"ის ცეცხლია, ყველგან იყო, მოედნის ყველა წერტილში", - წერენ კომენტარებში.

იხილეთ ასევე: