10 მარტს, ჩრდილოეთის ზღვაში, ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეჯახება აღმოსავლეთ იორკშირის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მოხდა. ტანკერს საავიაციო საწვავი გადაჰქონდა, რომელიც შეჯახებით გამოწვეული აფეთქების შედეგად ზღვაში ჩაიღვარა.
ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთის ზღვაში, ტანკერისა და გემის შეჯახების საქმეზე, დააკავეს სატვირთო გემის კაპიტანი. ის არა განზრახ, გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მომხდარზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.
დაკავებულის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 59 წლისაა. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გაერთიანებული სამეფოს სანაპირო დაცვამ Solong - ის სატვირთო გემის დაკარგული ეკიპაჟის წევრის სამძებრო სამუშაოები დაასრულა.
“ჩატარდა ფართო სამუშაო. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავიგოთ რა მოხდა და მხარი დავუჭიროთ დაზარალებულებს“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის მთავარმა ზედამხედველმა კრეიგ ნიკოლსონმა.
BBC-ის წყაროებმა ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ პორტუგალიური სატვირთო გემის Solong-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის და ფილიპინის მოქალაქეები.
ტანკერ Stena Immaculate-ის ეკიპაჟის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.
ამერიკულ ნავთობტანკერს Stena Immaculate-ს, რომელსაც ფლობს კომპანია Crowley, ბრიტანული ქალაქის კინგსტონ-აპონ-ჰალის მახლობლად პორტში ჰქოდა ღუზა ჩაშვებული, როდესაც მას შეეჯახა პორტუგალიის დროში ქვეშ მცურავი ტვირთმზიდი ხომალდი Solong-ი, რის მერეც ორივეზე ცეცხლი გაჩნდა. ტანკერზე ხანძარი უკვე ჩააქრეს, თუმცა ტვირთმზიდი ჯერ კიდევ იწვის.
BBC- ის ინფორმაციით, ამერიკული ტანკერი ერთ-ერთი ბერძნული პორტიდან მოდიოდა.
სატვირთო გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაშავდა. Solong-ის 14 მეზღვაურიდან 13 გადაარჩინეს, 1-ს პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა, ის გარდაცვლილად მიიჩნევა.
“გავრცელდა ინფორმაცია ბორტზე პოტენციურ სახიფათო მასალებთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ. თუმცა, დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს. ორივე გემი დაკვირვების ქვეშაა", - განაცხადა ბრიტანეთის საზღვაო ძალების მინისტრმა მაიკ კეინმა.
დიზაინის მახასიათებლების გამო, ამერიკული ნავთობტანკერი, სავარაუდოდ, ჩაიძირება. ამასთანავე, ტვირთმზიდის მფლობელმა ერნესტ რასმა თქვა, რომ ბორტზე არსებულ კონტეინერებში არ იყო ნატრიუმის ციანიდი, როგორც მანამდე გავრცელდა.
იმავდროულად, კინგსტონ-ჰოლის საქალაქო საბჭოს ლიდერმა მაიკ როსმა სასწრაფოდ მოითხოვა მთავრობის საგანგებო კომიტეტის სხდომის შეკრება. აღსანიშნავია, რომ სხდომა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში იკრიბება.
როსი მიიჩნევს, რომ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის გათვალისწინებით, ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ტოქსიკურ ნივთიერებებს დამანგრეველი გავლენა ექნება მიმდებარე ტერიტორიის ველურ ბუნებაზე.
"ვიცით, რომ ნავთობის დაღვრას შეუძლია დამანგრეველი და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს საზღვაო ეკოსისტემებსა და ველურ ბუნებაზე. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ეხება თვითმფრინავის საწვავს, რომელიც სავარაუდოდ სწრაფად აორთქლდება. დროული რეაგირება უარყოფითი ზემოქმედებისგან დაგვიცავს" - ამბობს WWF-UK-ის ოკეანის დაცვის სპეციალისტი ტომ ბრუკი.
იხილეთ ასევე: