ავტორი:

ბანკის ყოფილი მმართველი და ახალბედა პოლიტიკოსი, დიდი ეკონომიკური გამოცდილებით - ვინ არის მარკ კარნი, რომელიც კანადის პრემიერი ხდება და რას ფიქრობს ტრამპზე?

ბანკის ყოფილი მმართველი და ახალბედა პოლიტიკოსი, დიდი ეკონომიკური გამოცდილებით - ვინ არის მარკ კარნი, რომელიც კანადის პრემიერი ხდება და რას ფიქრობს ტრამპზე?

ჯასტინ ტრუდოს გადადგომის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრი 55 წლის მარკ კარნი გახდება. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ლიდერი პოლიტიკაში ახალბედაა. მან ათწლეულები ფინანსურ სექტორში გაატარა, სადაც მთავრობებს გლობალური კრიზისებისა და არასტაბილურობის პერიოდებში ეხმარებოდა. ცნობილია ისიც, რომ COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ის ტრუდოს ეკონომიკური აღდგენის გეგმებზე კონსულტაციებს უწევდა.

  • მარკ კარნი

კარნი ფორტ სმიტში, მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა და ეკონომიკის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით კი ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის და დოქტორის ხარისხები მოიპოვა.

2003 წელს შეუერთდა კანადის ცენტრალურ ბანკს, ხოლო 2008 წელს მისი მმართველი გახდა - "ამ პერიოდში დავიცავი სამუშაო ადგილები და დავასტაბილურე კანადის ეკონომიკა" - ამბობდა ის. მანამდე, 13 წელის გაატარა "გოლდმან საქსში", სადაც ლონდონს, ტოკიოს, ნიუ-იორკსა და ტორონტოს შორის მოგზაურობდა.

2016 წლის რეფერენდუმამდე მან არაერთხელ გააფრთხილა ბრიტანელი ამომრჩევლები, რომ ევროკავშირის დატოვებას ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა ექნებოდა. 2020 წელს, თითქმის შვიდი წლის მუშაობის შემდეგ, კარნიმ ინგლისის ბანკი დატოვა. 2019 წელს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გახდა კლიმატის მოქმედებისა და ფინანსების საკითხებში.

"როცა ბრიტანეთის ბანკის მმართველი გავხდი და სადაზღვევო ინდუსტრიას ვაკონტროლებდი, დავინახე, რომ ბოლო 25 წელიწადში ექსტრემალური ამინდის მოვლენების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო მათი ფინანსური ზარალი ხუთჯერ," – განაცხადა კარნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. მან კლიმატური საკითხები მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად აქცია.

კარნი 1995 წელს ინგლისელ დაიანა ფოქსზე დაქორწინდა. მეუღლის მსგავსად, დაინამ განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. წყვილს ოთხი ქალიშვილი: საშა, ამელია, ტესი და კლეო ჰყავს. უმცროსი შვილი მამის პოლიტიკური კარიერის მხარდამჭერია და მის კამპანიებშიც იღებდა მონაწილეობას.

  • ექსპერტების აზრით, რადგან კანადა აშშ-სთან სავაჭრო ომის საფრთხის წინაშე დგას, კარნის ეკონომიკური გამოცდილება ქვეყნისთვის უპირატესობად შეიძლება იქცეს.

”ის ძალიან კომპეტენტურია ეკონომიკაში, ამიტომაცაა, რომ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს,” - თქვა ჩარლზ-ეტიენ ბოდიმ, ოტავას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა.

აღსანიშნავია, რომ კვირას, პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ, კარნიმ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები მწვავედ გაკრიტიკა:

"ტრამპი თავს ესხმის კანადელ ოჯახებს, მუშებსა და ბიზნესს. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ! კანადა გაიმარჯვებს" - განაცხადა მან.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: