მუსიკოსია, მისი ცხოვრების მთავარი არსი მუსიკაა. არის პიანისტი და პედაგოგი, ამასთან, თბილისის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი. ამბობს, რომ პედაგოგიურ მოღვაწეობას მის ცხოვრებაში, პირველი ადგილი უკავია და სტუდენტებთან მუშაობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
"თუ ვინმე მკითხავს, ვინ ვარ, ვარ ფორტეპიანოს პედაგოგი" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ნინო ჟვანია, ადამიანი, რომელიც ჩვენში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეა.
- ქალბატონო ნინო, 28 ნოემბრის შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი ზამთარი ქუჩაში - აქციაზე გაატარეთ... როგორ აფასებთ ამ პერიოდს?
- 28 ნოემბერი არ იყო ჩემთვის ქუჩაში გასვლის თარიღი. დიდი ხანია ქუჩაში ვდგავართ, ბევრი რამ გავაპროტესტეთ - გავრილოვის ფაქტი, „რუსული კანონის“ შემოღება ერთხელ, მეორედ. ასევე ქუჩაში ვდგავარ გასული წლის 27 ოქტომბრიდან... მარნეულში არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და აღმაშფოთა იქ მიმდინარე პროცესებმა, საკუთარი თვალით ვნახე, რას ნიშნავდა არჩევნების გაყალბება. სახლში დაბრუნებულმა ვერაფრით მივიღე შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა და გავერთიანდით ინიციატივაში „დამკვირვებლები“. დღეს თუ მკითხავთ, ვინ ვარ? გარდა იმისა, რომ მუსიკოსი ვარ, ვთვლი, რომ ვარ დამკვირვებელი, ამ ინიციატივის წარმომადგენელი.
გავერთიანდით მსგავსი ფასეულობების ადამიანები, იმისთვის ვიბრძვით, რომ ამ უსამართლობას შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ წაგვართვეს არჩევანი! ცოტა გულის წყვეტა მქონდა, რადგან არჩევნების მერე ქუჩაში ვერ ვხედავდი, იმდენ ადამიანს, რამდენიც უნდა მდგარიყო, ეს უსამართლობა რომ გაეპროტესტებინა. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა ყველასთვის ცნობილი განცხადება, რაც ერთგვარი ტრიგერი აღმოჩნდა. გამოწვევა იმისთვის, რომ ადამიანებს თავიდან შეეგრძნოთ ეს უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს. ქუჩაში გამოვიდნენ და მას მერე იქ დგანან. უწყვეტმა პროტესტმა რამდენიმე თვეს გაუძლო და კვლავაც გრძელდება. ყოველდღე ვხედავთ, როგორ იცვლება საქართველოში კანონმდებლობა. ვხედავთ, როგორ აჯარიმებენ ადამიანებს... პროტესტი ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და ამ უფლებას გვართმევენ.
- ამ უწყვეტმა პროტესტმა, აქციამ სხვადასხვა ფაზა გაიარა... პირველი ორი კვირა უმძიმესი იყო... როგორი იყო თქვენი, როგორც ხელოვანის, მუსიკოსის ემოციები?
- ჩემი ემოციური მდგომარეობა სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა. თვიდან მქონდა საშინელი რისხვა. ვხედავდი, როგორ სცემდნენ ადამიანებს. ეს რისხვა ბოლომდე გამომყვა, დღესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან საქართველოში 50-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარი გვყავს. შეუძლებელია ამ ბრაზმა გაიაროს. ამ ყველაფერს ეფინება სევდა, თანაგრძნობა. გარკვეული სარკაზმიც მეუფლება ხოლმე, როდესაც იღებენ აბსურდულ კანონებს, რომლებიც უფრო ნონსენს უახლოვდება. მაქვს დიდი სიხარულის განცდა, როდესაც ვდგავარ ქუჩაში და ჩემ ირგვლივ ბევრი თანამოაზრეა, სიხარული მეუფლება, როდესაც ქუჩაში ვდგავარ და ვუკრავ დოლს და ხან წინ მივუძღვები ხალხის საკმაოდ დიდი მასას, ან ხალხში ვარ ჩამალული. ვხედავ, რამხელა სიხარული მოაქვს ამ მუსიკას. სხვადასხვანაირი ემოცია ერთმანეთს ერევა. ყველაფერი ერთად კი ქმნის მუხტს, რაც ამდენი დღეა, ქუჩაში დგომას მაძლებინებს. საკმაოდ ცივი ზამთარი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ რამდენჯერმე არ გავედი, რადგან ძალიან გავცივდი. კონსერვატორიაში გაკვეთილები რომ დამთავრდება, მერე ვცდილობ, რუსთაველზე აქციაზე გავიდე და იქ რამდენიმე საათი გავატარო.
- დოლი ახსენეთ, არადა, პიანისტისთვის თითქოს ეს ინსტრუმენტი უჩვეულოა...
- დოლის ხელში აღება ისევ და ისევ "დამკვირვებლებს" უკავშირდება. როდესაც ინიციატივად ჩამოვყალიბდით, ერთ-ერთი პირველი, რაც ჩვენმა ლიდერმა, ტატო ქელბაქიანმა გააკეთა, იყო ის, რომ 2 დრამი და ერთი დოლი შეიძინა. კი გამიკვირდა, რად უნდა-მეთქი?! დემონსტრაციებში მონაწილეობისას დიდი მუხტი შემოაქვსო... პირველად ეს დოლები „გიორგი ანწუხელიძის მარშზე“ გამოვიყენეთ. მაშინ დოლი ხელში პირველად დავიჭირე. ჩემ გვერდით იდგნენ არაპროფესიონალი მუსიკოსები, ასევე „დამკვირვებლები“, რომლებსაც რიტმის შეგრძნების ნიჭი ჰქონდათ. იქვე შედარებით სადა, მარტივი რიტმული ფორმულა დავამუშავეთ და „გმირთა მოედნიდან“ რუსთაველის გამზირამდე გავემართეთ.
გიორგი ანწუხელიძის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს, შემძრა მისმა ისტორიამ. ცნობილია, რომ მისი საზარელი მკვლელობის ვიდეოგადაღება მოხდა. იმდენად განვიცდიდი და მტკიოდა, რომ ბოლომდე ვერც ერთხელ ვუყურე. მისი ტკივილის ბოლომდე გაზიარების ძალა არ მყოფნიდა და ამის სულ მერიდებოდა... როდესაც გადავწყვიტეთ „გიორგი ანწუხელიძის მარშს“ შევერთებოდით, ეს ვიდეო ჩავრთე. ვუყურე და ამის შემდეგ მარშზე გავედი. ხელში დოლი დავიჭირე. სამხედრო დოლები სამხედრო მარშებთან ასოციაციას ქმნის... ჩავიფიქრე, რომ გმირთა მოედნიდან რუსთაველამდე ერთი წამით არ გავჩერდებოდი. სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა, როგორც გითხარით, მანამდე მასზე არ დამიკრავს, თან ამ ინსტრუმენტით სიარულიც არ იყო მარტივი, მაგრამ მინდოდა, ამ გმირისთვის პატივი მიმეგო და ასეთი გზა ვიპოვე. მოკლედ, ბოდიში ძალიან უცნაურად მოვუხადე. ამის მერე სხვა მარშებზე უკვე პროფესიონალი მუსიკოსები შემომიერთდნენ ...
- ცნობილია, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილე მუსიკოსებს მუსიკალური ჯგუფიც გაქვთ უკვე ჩამოყალიბებული...
- კი, ჩვენი ტრიო გვაქვს - მე, მიკა მდინარაძეს და დავით შუღლიაშვილს. დოლებზე ისინიც უკრავენ. მე შედარებით პატარა დოლი მაქვს. არ ვზივარ და არ ვმეცადინეობ, მაგრამ ყოველ აქციაზე ვგრძნობ, რომ ჩემი უნარ-ჩვევები ამ კუთხით ვითარდება. ისიც უნდა გითხრათ, რომ მთლად სწორად არ ვუკრავ, იმიტომ, რომ ტექნიკა არ მაქვს და მარცხენა ხელი ცოტა დამეჭიმა კიდეც. მაგრამ არა უშავს, ნემსს ვიკეთებ და აქციაზე ისე გავდივარ დოლით ხელში. უცნაურია, მუსიკის სფეროში ბევრი რამ მაქვს გაკეთებული. მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ვარ, მაგრამ პროფესიონალი ვარ და მასობრივად ხალხმა ახლა როგორც მედოლე, ისე გამიცნო. უნდა გითხრათ, რომ ამდენი მსმენელიც ცხოვრებაში არ მყოლია.
- ვფიქრობ, გარკვეული საპროტესტო მუსიკაც კი შეიქმნა, ხომ?
- მეტიც, ეს მუსიკოსები ქუჩაში შევიკრიბეთ და ერთად ვუკრავთ ან ვმღერით. საოცარი ფოლკლორისტები დგანან ქუჩაში და ხალხურ სიმღერებს ასრულებენ. ისე მოხდა, რომ ხშირად მეც მათ ვუერთდები. საახალწლო ალილოზე, ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, გუნდს ვუდირიჟორე, რომელშიც შედიოდნენ ოპერის ვარსკვლავები და მათ შორის, პაატა ბურჭულაძე. მერე კოლეგები მეხუმრებოდნენ, ერთი ჰერბერტ ფონ კარაიანმა უდირიჟორა პაატა ბურჭულაძეს და მეორე შენო. მოკლედ გაფართოვდა ჩემი სფერო მუსიკაში მომღერლადაც ვიქეცი, მედოლედაც და დირიჟორადაც. საინტერესოა, რომ პოლონეთის საელჩომ ეს მუსიკოსები ახლახან კონცერტზე დაგვპატიჟა, სადაც გვთხოვეს, ევროკავშირის ჰიმნი ქართულად შეგვესრულებინა, რასაც სხვადასხვა სიმღერის შესრულება მოჰყვა… ვიყავით ის ხალხს, ვინც ქუჩაში ვდგავართ და ვმღერით, მათ შორის, დათო შუღლიაშვილი, მიკა მდინარაძე, მე, ჩემი და - თამარ ჟვანია, თამარ თოლორდავა, სანდრო ნათაძე, დემეტრე ქირია, ჯეგე სახოკია, ლაშა ბედენაშვილი, სოლომონ გოგაშვილი. სოლომონ გოგაშვილმა იხუმრა, ჩვენს ანსამბლს „ღერძულა“ უნდა დავარქვათ, რადგან სულ ღერძულა ხაზთან ვიკრიბებითო. ამ კონცერტზე ოფიციალურად როგორც ანსამბლი „ღერძულა“ ასე გამოგვაცხადეს. კიდევ ვფიქრობთ ასეთ გამოსვლაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გავიმარჯვებთ. ასე დაიბადა ძალიან უცნაური ანსამბლი „ღერძულა,“ რომლის წევრადაც გევლინებით დღეს.
- "ოცნების" მომხრეებისგან ალბათ თქვენც მოგისმენიათ აქციის მონაწილეების მიმართ გამოთქმული ასეთი ფრაზები - "არ დაიღალნენ"? "ბოლოს მაინც დაიღლებიან და სახლში წავლენ" - რას იტყვით ამაზე?
- ვიღაცები მართლა დაიღალნენ იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ამდენი ხანი ქუჩაში დგომა, მაგრამ ამ პროტესტის ღერძი ის არის, ვინც არ იღლება, ან იღლება, მაგრამ მაინც გადის... ამ ყველაფრის ფონზე, როგორ შეიძლება, არ დაიღალო, მით უმეტეს, როცა დღის განმავლობაში შენს საქმესაც აკეთებ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სტუდენტებს ყურადღებას არ ვაკლებ. ერთადერთი, ნაკლებს ვმეცადინეობ და სწორედ ამის ხარჯზე გავდივარ ქუჩაში. ორ სტუდენტს სოლო კონცერტის მომზადებაში ვეხმარები. თან, ძალიან კარგი ნიშნები მიიღეს ჩემმა სტუდენტებმა ამ სემესტრში გამოცდებზე. ასეა უმეტესობა, რა თქმა უნდა, იღლებიან. მაგრამ როცა გახსენდება, 50-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანი, გახსენდება თემურ ქათამაძე, მზია ამაღლობელი, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში იშიმშილეს. იხსენებ იმ ნაცემ ახალგაზრდებს, დაღლილიც კი გრძნობ სინდისის ქენჯნას და ქუჩაში გადიხარ.
- როგორია თქვენს წარმოდგენაში იდეალური ქვეყანა?
- არ მჯერა, რომ იდეალური ქვეყანა არსებობს, იდეალური ამქვეყნად რამდენიმე შედევრია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა ჟანრშია შექმნილი. ხოლო თუ როგორი მინდა, იყოს ჩვენი ქვეყანა, გეტყვით - ევროპული. ეს ჩვენი არჩევანია, რაც კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. ეს გზა ევროპისკენ ძალიან ადრე ჯერ კიდევ სულხან-საბას ვიზიტით ევროპაში დაიწყო. როდესაც დღეს, ოფიციალურად შევიცვალეთ ვექტორი, მგონია, რომ ვღალატობთ არაერთ დიდ ადამიანს, რომლებმაც თავი დადეს საქართველოსთვის. ვიზიარებ ევროპის უმთავრეს ფასეულობებს და ძალიან მინდა ის ფასეულობები საქართველოში სახელმწიფო დონეზე დამკვიდრდეს. მინდა, სახელმწიფო ინსტიტუციები ევროპული გზით ვითარდებოდეს. მინდა დამოუკიდებელი სასამართლო, ჭეშმარიტი დემოკრატია, ბევრი რამ, რაც დღეს ევროპის სახეს ქმნის. ამით იმას არ ვამბობ, რომ ევროპულ ქვეყნებს პრობლემები არ აქვს. წლების განმავლობაში გერმანიაში ვსწავლობდი და ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ამ ქვეყნის ძირითადი ფასეულობები ჩემს ფასეულობებთან თანხვედრაშია. ასე რომ, მინდა ევროპული საქართველო და ამიტომ ვდგავარ ქუჩაში.
- გერმანიაში დარჩენა არ გიფიქრიათ?
- ვფიქრობდი, მაგრამ 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ მოხდა. შევატყვე, რომ ქვეყანაში რაღაც ახალი იწყებოდა. ძალიან მომინდა ახლის აშენებაში მონაწილეობა მიმეღო. ვერ გეტყვით, რომ არ გავწბილებულვარ ჩემს გადაწყვეტილებაში, ხანდახან როდესაც ჩემი ხელფასი დაბალი იყო და ახლაც დაბალია, სევდა მომწოლია. მიფიქრია, არ უნდა წამოვსულიყავი, რადგან როგორც მუსიკოსს იქ განვითარების გაცილებით უკეთესი შესაძლებლობები მექნებოდა. იმაზეც მიფიქრია, რომელი უფრო მეტად მიყვარს - მუსიკა თუ სამშობლო. ფაქტია, რომ სამშობლოში დაბრუნებით როგორც მუსიკოსმა კარიერა რაღაც თვალსაზრისით უკან გადავწიე... ჩემთვის 28 ნოემბერს ძალიან საინტერესო რამ მოხდა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადება წავიკითხე. იმ წუთებში ჩემი სტუდენტი შემოვიდა, გახსნა ნოტები და შოპენის „მესამე ბალადის“ დაკვრა დაიწყო. მე თავზარდაცემული ვიყავი და ცხოვრებაში პირველად ვერ შევძელი გაკვეთილის ჩატარება, მუსიკაზე საუბარი. დავინახე, როგორ იცვლება ვექტორი და საითკენ მივექანებით. იმ დროს სრულიად არაადეკვატურად მომეჩვენა გაკვეთილის ჩატარება. მახსოვს, ჩემს სტუდენტს, თეკლა თაკალანძეს ვთხოვე, დაეხურა ნოტები, ჩავიცვი პალტო და გავვარდი რუსთაველზე… მუსიკაც, გარკვეულწილად, ჩემი სამშობლოა, ეს არის სფერო, სადაც სახლში ვგრძნობ თავს. თუმცა მაშინ მივხვდი, რომ სამშობლო გაცილებით მეტად მყვარებია.
- ეს უწყვეტი პროტესტი, აქციები შედეგს მოიტანს?
- ჩვენი საზოგადოების თავგანწირვა დარწმუნებული ვარ გამოიტანს შედეგს. სხვა რამის რომ მჯეროდეს, ან ამაში ეჭვი მეპარებოდეს, უბრალოდ არ მეყოფოდა ძალა, ქუჩაში ყოველ დღე გავსულიყავი. რა თქმა უნდა, არის ეჭვები, რომელიც შემოდის გონებაში, მაგრამ საოცარი ოპტიმისტი ვარ. ასეთივე ოპტიმისტმა მამამ გამზარდა. ოპტიმიზმი ჩემი არსის ნაწილია. ამიტომ ძალიან ხშირად წარმოვთქვამ მარო მაყაშვილის ლეგენდად ქცეულ სიტყვებს „გავიმარჯვებთ სახელოვნად“ და ქუჩაში გავდივარ.
წაიკითხეთ ასევე: