ავტორი:

"ქართველები ჩვენზე უპირატესად გამოიყურებიან: უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ" - რას წერს სომხური მედია მომავალ მატჩზე?

"ქართველები ჩვენზე უპირატესად გამოიყურებიან: უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ" - რას წერს სომხური მედია მომავალ მატჩზე?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე სომხეთის დედაქალაქშია, "ჯვაროსნები" დღეს გაემგზავრნენ ერევანში, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილის გასარკვევად საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი მატჩი გაიმართება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდება.

სომხეთში მომავალი მატჩის წინ სერიოზული მზადებაა, დღეს ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ჟანა ანდრეასიანი ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ნაკრების ვარჯიშს დაესწრო...

მან ფეხბურთელებს მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა. მინისტრი ასევე ესაუბრა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, FFA-ს პრეზიდენტს არმენ მელიქბეკიანს და ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნიქოღოსიანს. ის დაინტერესდა ნაკრების მოსამზადებელი ვარჯიშებით და გუნდში არსებული ატმოსფეროთი.

ანდრეასიანმა იმედი გამოთქვა, რომ "საკუთარი კედლები და გულშემატკივართა თანადგომა მათ გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარება".

კადრი სომხეთი ნაკრების ვარჯიშიდან

საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა აღნიშნა, რომ გუნდის განწყობა კარგია, ნაკრებში მოწვეული ყველა ფეხბურთელი მზადაა. ფედერაციის პრეზიდენტმა მინისტრს ასევე აცნობა, რომ ეროვნული ნაკრებისა და რუსული "კრასნოდარის" ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ სპერტსიანი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს, მაგრამ სტადიონზე იქნება, რათა თანაგუნდელები ადგილიდან გაამხნეოს. შეხვედრაზე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან'ტ სხიპი წარადგინა.

სომხური მედიაც აქტიურად აშუქება მომავალ მატჩს, უკვე არაერთმა გამოცემამ გაავრცელა ჩვენი ნაკრების ერევანში ჩასვლის ფოტო და ვიდეო მასალა. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ დაპირისპირებაში უპირატესობა საქართველოს ნაკრების მხარეს არის, თუმცა ამბობენ, რომ სომხეთის ნაკრები გამარჯვებას ადვილად არ დათმობს.

  • გამოცემა a1plus.am იხსენებს, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის აქამდე ჩატარებულ მატჩებს.

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს პირველად 1997 წლის 30 მარტს დაუპირისპირდნენ. იმ მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხეს მეტოქე. "ასეთი გამანადგურებელი შედეგის მიზეზი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ძალიან სერიოზულად მიუდგა, სომხეთმა კი სრულფასოვნად მომზადებაც ვერ შეძლო ნორმალური სავარჯიშო მოედნის არარსებობის გამო", - წერს გამოცემა.

ამ თამაშიდან სამი წლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. კვიპროსში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველომ კვლავ მოიგო ანგარიშით 2:1. შემდეგ კი ერევნის რაზდანის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც უგოლოდ, ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ერევნის აეროპორტში

"მეოთხე შეხვედრა შედგა ისევ კვიპროსში, 2004 წელს. სომხეთის ნაკრებმა ამჯერად ოთხი წლის წინ წაგებული მარცხისთვის რევანში აიღო და 2:0 მოიგო. 2011 წელს გუნდები კვლავ შეთანხმდნენ ამხანაგური მატჩის გამართვაზე ნაცნობ კვიპროსის მოედანზე. მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, სომხეთის ნაკრები 1:2 დამარცხდა. უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში 2020 წელს სომხეთ-საქართველოს შემდეგი ორი მატჩი გაიმართა. მთიან ყარაბაღში ომის დაწყების გამო, სომხეთის ნაკრებმა მეტოქეს პოლონეთის ქალაქ ტიჩის ნეიტრალურ მოედანზე უმასპინძლა. 89-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანის მიერ შესრულებული პენალტის წყალობით, მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. იმავე წლის 15 ნოემბერს, თბილისში გამართულ საპასუხო მატჩში სომხეთის ნაკრებმა 2:1 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და B ლიგაში პირველად ავიდა. ამრიგად, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. სომხეთის ნაკრებმა ორი თამაში მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და სამი წააგო. გამანადგურებელი 0:7 მარცხის გამო, საქართველოს სასარგებლოდ გატანილი გოლების საერთო ანგარიში 14:8-ია.სომხეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ ორ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში B ლიგაში გავა, დამარცხების შემთხვევაში კი C ლიგაში დარჩება", - ვკითხულობთ სტატიაში. წყარო

  • კიდევ ერთი გამოცემა armsport.am წერს, რომ 2025 წელს არც სომხეთს და არც საქართველოს არ უთამაშიათ.

"შარშან საქართველო ნამდვილ სენსაციად იქცა: მათ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშეს, პლეი ოფში გავიდნენ და ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხეს (2:0). მართალია, ქართველების დონე მას მერე თითქოს დაეცა - მათ 2024 წელი ოთხი უიღბლო მატჩით დაასრულეს, სამჯერ წააგეს და 1 ფრედ ითამაშეს.

სომხეთის შესაძლებლობები გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება: შემადგენლობითაც კი შესამჩნევად ჩამოუვარდება მეტოქეს, რომელსაც ჰყავს ფეხბურთელები ევროპის წამყვანი ლიგებიდან - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი, სხვა ფეხბურთელებიც ზოგადად, თავიანთი გუნდების ვარსკვლავებად მიიჩნევიან. სომხებს მსგავსი სტატუსის ფეხბურთელები არ გვყავს და ტრავმის გამო დავკარგეთ ლიდერი და ყველაზე ძვირფასი მოთამაშე - "კრასნოდარის" შემტევი ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი. კვარაცხელია პირველ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება, თუმცა ქართველებს სხვა შემტევებიც ჰყავთ", - ვკითხულობთ სტატიაში .

"სტუმრები უპირატესად გამოიყურებიან: უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. თანაც ბოლო 15 მატჩში სომხებმა 10 მარცხი განიცადეს და მხოლოდ სამი გამარჯვება მოიპოვეს. არასასიამოვნო შედეგებმა მთავარი მწვრთნელის შეცვლა გამოიწვია", - წერს კიდევ ერთი გამოცემა.

იხილეთ ასევე: