ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის ლიონის "ოლიმპიკი" "მანჩესტერს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 1:1.
ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში.
61 556-იან "გრუპამა სტადიუმზე“ სრული ანშლაგია.
მატჩი ლიონის აქტიურობით დაიწყო, გამორჩეულად მოქმედებდა ჟორჟიც, შედეგმაც არ დააყოვნა, 25-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი "მანჩესტერის" მეკარე ონანას, ფაქტობრივად, ხელებში "გაუძვრა" და ბადეში გაეხვია.
პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა.
გოლის მიღების შემდეგ "მანჩესტერი" ცდილობდა აქტიურობას. შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტიც "ლიონის" კართან, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ ტაიმის მიწურულს, დამატებით დროში მოახერხა "მანჩესტერმა" ბურთის გაქვითვა - 50-ე წუთზე გოლი ლენი იორომ გაიტანა.
საინტერესოა, რომ დაპირისპირების წინ კომენტარი სტუმართა გუნდის მეკარე ონანამ გააკეთა.
"ლიონი" ძალიან კარგი გუნდია, მათ ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობთ, მაგრამ არ მგონია, მათზე ფიქრი გვჭირდებოდეს. საუბარი უფრო ჩვენზეა, იმაზე, რის გაკეთებას ვაპირებთ. ვფიქრობ, "ლიონზე" უკეთესი გუნდი ვართ. უბრალოდ, იმის ჩვენება გვჭირდება, რასაც წარმოვადგენთ. თუ იქ გამარჯვების მოპოვების განწყობით ჩავალთ, მობილიზებული, კომპაქტური ვიქნებით, გეგმის მიხედვით ვითამაშებთ, მაშინ მოვიგებთ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მგონია, "ლიონზე" გაცილებით ძლიერები ვართ".
მისმა განცხადებამ ლიონელთა აღშფოთება გამოიწვია. მას პასუხი "ლიონის" მცველმა ნემანია მატიჩმა გასცა, რომელიც 5 წელი თამაშობდა "მანჩესტერ იუნაიტედში".
"შენ "მანჩესტერის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მეკარე ხარ, ამიტომ უნდა იფიქრო, რასაც ამბობ. ეს რომ დავიდ დე ხეას, პეტერ შმეიხელს ან ედვინ ვან დერ სარს ეთქვა, მე ჩემს გუნდში ეჭვი შემეპარებოდა, მაგრამ როდესაც შენ გუნდის თანამედროვე ისტორიაში სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, ვიდრე ილაპარაკებ, უნდა დაამტკიცო, რომ რაღაცას წარმოადგენ", - ციტირებს მატიჩს Sky Sports-ი.
იხილეთ ასევე: