"2019 წელს, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, კომპანია "ბიბლუსთან“ ერთად გადავწყვიტე, ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ქართულადაც გვექცია. მახსოვს კიდეც რა დავწერე: "მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით.
თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს". ეს ამბავი მაშინ ბევრმა აიტაცა“ - გვეუბნება მწერალი და კომპანია "ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე,
რომელიც ambebi.ge-ს რომელიც ამჟამად სწორედ წიგნის ჩუქების დღეზე, თვესა და და ამ პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებზე გვესაუბრება.
- 2023 წელს გადავწყვიტეთ, რომ წიგნის ჩუქების დღე წიგნის ჩუქების თვედ გადაგვექცია, რომლის კულმინაცია 23 აპრილი იქნებოდა. ეს ამბავი ათიათასობით ადამიანმა და ათასობით დაწესებულებამ აიტაცა.
- და კონკრეტულად 23 აპრილს რა დატვირთვა აქვს?
- 23 აპრილი მსოფლიოს წიგნის საერთაშორისო დღეა, ისევე, როგორც შექსპირისა და სერვანტესის დღე. საკუთრივ ჩუქების ტრადიცია კი ესპანელების დამკვიდრებულია - ყვავილების ჩუქების დღის კარნახით. ნელ-ნელა ყველამ გააცნობიერა, რომ საუკეთესო საჩუქარია, რადგან წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, აქამდე დაგროვილ გამოცდილებათა საკუთრად ქცევის ამბავი. წიგნია ის "რაზეც ვდუმვართ,” ანუ ჩვენ ვართ წიგნი - ფოლკნერისა არ იყოს. და წიგნი, გარდა ტექსტისა, არის ნივთი, რომელიც ხსოვნის მნიშვნელოვანი ნაწილია, ცოდნა და განცდა ერთადერთ წყაროს - ვინ გაჩუქა, რატომ გაჩუქა, როდის კითხულობდი, სად ინახავ, ვინ გახსენდება… და წიგნი არის მასზე გაკეთებული წარწერაც და ეს წარწერა შეიძლება ცალკე წიგნი იყოს.
- რამდენად აქტიურადაა ამ ყველაფერში საზოგადოება ჩართული, ქართველი მკითხველი?
- ცხადია, უამრავი ადამიანია ჩართული, განსაკუთრებით სოფლის სკოლების აქტიურობა მახარებს, მაგრამ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო საყოველთაო გახდეს, თითოეულმა მოქალაქემ მოინიშნოს კალენდარზე და სულ ახსოვდეს.
- წელს, 23 აპრილს რა აქტივობებია დაგეგმილი?
- პირველი, რაც ამ წელს გამოარჩევს, სამწუხარო ნიშანია - მას ირაკლი გაგნიძის ("ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი) გარეშე ვატარებთ. ირაკლი ამ ინიციატივის უდიდესი მხარდამჭერი და წიგნის სფეროს გამორჩეული მოღვაწე გახლდათ - ზუსტად ესმოდა ყველა ნიუანსი და სიღრმე. მისი გამაოგნებელი გარდაცვალება, ერთი მხრივ, მოურჩენელ სევდად გასდევს პროცესს, თუმცა მეორე მხრივ, ყველა თანამშრომელს მოტივაციას მატებს - მათ შორის ირაკლის სახელის უკვდავსაყოფად - მეტი გააკეთოს. რაც შეეხება დანარჩენს - წლევანდელი თვის პარალელური სლოგანი, ყველა კონტექსტის გათვალისწინებით #აჩუქეთავისუფლება იქნება. მეორე სლოგანს ყოველწლიურად გამოვცვლით, ხოლო საკუთრივ დღე ტრადიციული მოწოდებით - #აჩუქეწიგნი - აღინიშნება.
- რა აქტივობებია დაგეგმილი?
- გვინდა, რომ მოწოდება - "აჩუქე წიგნი“ - ბევრმა ადამიანმა ერთმანეთს გაუზიაროს, ამიტომაც დავიწყეთ გამოწვევების სერია. მე მზექალა შანიძე გამოვიწვიე, ქალბატონმა მზექალამ დათო ტურაშვილი, დათო ტურაშვილმა ნათია ფანჯიკიძე, ნათიამ ტარიელ ხარხელაური და ვნახოთ ვის გამოიწვევს ბატონი ტარიელი.
სხვა ბევრი ავტორი, მკითხველი და მოქალაქე ერთვება პროცესში, ისევე როგორც არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება.
23 აპრილს "საუკუნის მწიგნობრების" დაჯილდოებას ვგეგმავთ და ცხადია, ფასდაკლების აქციებიც შემოგვეგებება.
- ამ ყველაფერს "სითი-მოლი" უმასპინძლებს?
- წელს წიგნის ჩუქების დღეს სწორედ "სითი-მოლი" უმასპინძლებს. გვინდა განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ღონისძიება. დეტალებს გზადაგზა გაგანდობთ.
- კიდევ ვინაა ამ პროექტში ჩართული?
- ძალიან ბევრი ბიზნესი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლებიც წიგნებს ან სოფლის ბიბლიოთეკებს გაუგზავნიან ან საკუთარ თანამშრომლებს აჩუქებენ. წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება ძალიან აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ წიგნის კუთხეების მოწყობის მიმართულებით მხარდამჭერად - "საქართველოს ბანკი" შემოგვიერთდა, ხოლო რეგიონების მიმართულებით - "ჰანიველი". ტრადიციულ მხარდამჭერად რჩება კომპანია - "გალფი".
- ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მადრიდში თქვენი ვიზიტი. მოგვიყევით ამის შესახებ?
- მადრიდში ქართული ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული დიასპორისთვის, საკვირაო სკოლებისთვის და ამავდროულად ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. ძალიან მალე ამგვარ წიგნის კუთხეებს მოვაწყობთ - ალექსანდრიაში, ფლორენციაში, ბორდოში, ნიცაში, ტოკიოში, სეულში და ლონდონში.
- ზოგადად ეს ყველაფერი რომ შევაფასოთ, რას ემსახურება და რა შედეგები მოაქვს?
- "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება" სხვა სახელით და ფორმით, 2012 წელს დავაფუძნე ეროვნულ ბიბლიოთეკაში - მაშინ "ეკვილიბრიუმი" ერქვა. ბიბლიოთეკის მოსაწყობად ორიათასზე მეტ სოფელში ჩავიტანეთ წიგნი, კომპიუტერი თუ სხვა აუცილებელი ნივთი.
იმ ადამიანებმა ზუსტად იციან, რა მნიშვნელობის ინსტრუმენტია წიგნი სხვა პრობლემების დასაძლევად, ამიტომაც ყოველდღიურად ათიათასობით წერილს ვიღებ სკოლის მოსწავლეებისგან და მასწავლებლებისგან ახალი წიგნების მოთხოვნის სურვილით.
2024 წელს, როცა ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოვედი, სწორედ ირაკლი თევდორაშვილი და ირაკლი გაგნიძე შემხვდნენ და მითხრეს, რომ "ბიბლუსში" ეს საქმე ახალი ძალისხმევით გაგვეგრძელებინა - ასე დაიბადა "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება". ასე რომ, წინ დიდი გეგმები გვაქვს.
"#აჩუქეწიგნი - ეს უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და დიდი სიამოვნებით ვუერთდებით "ბიბლუსის ჯგუფს“ ამ მნიშვნელოვან სოციალურ კამპანიაში. ეს ღონისძიება მოიცავს არა მარტო წიგნიერების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, არამედ ცნობიერების ამაღლების და განათლების წახალისებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ამ კამპანიის შესახებ ინფორმირებულობა და ცნობადობის ამაღლება კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
იხილეთ ასევე: