სანტორინის ციცაბო კლდეები მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ინდუსტრიაა, რომლის ღირებულება მილიონებს შეადგენს. მის ქვეშ კი ყოვლისშემძლე აფეთქების შიში იმალება.
ეს ზღაპრული ბერძნული კუნძული, უძველესმა ძლიერმა ამოფრქვევამ შექმნა. მანვე დატოვა უზარმაზარი კრატერი და ნალის ფორმის კიდე. ახლა, პირველად, მეცნიერები სწავლობენ, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს შემდეგი დიდი ამოფრქვევა.
სულ რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ რაც კუნძულზე მიწისძვრა მოხდა, სანტორინი თითქმის ნახევარმა მოსახლემ დატოვა. ეს შეხსენება იყო იმისა, რომ იდილიური თეთრი სახლების ქვეშ დედამიწის ქერქში შესაძლოა ერთმანეთს ორი ტექტონიკური ფილა დაეჯახოს.
მისიას ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ოკეანოგრაფიის ცენტრის მაღალი რისკის წყალქვეშა ვულკანების ექსპერტი, პროფესორი იზობელ იეო. მისი თქმით, მსოფლიოს ვულკანების დაახლოებით ორი მესამედი წყალქვეშაა, თუმცა ისინი ძირითადად უკონტროლოა.
კვლევა, რომელიც მიწისძვრების შემდეგ მალევე ჩატარდა, მეცნიერებს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რა ტიპის სეისმური აქტივობა შეიძლება მიუთითებდეს ვულკანური ამოფრქვევის გარდაუვალობაზე.
“გემზე, ჩვენს ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეზე, მდუღარე ცხელი წყაროებია. დედამიწაზე არსებული ეს ბზარები ზღვის ფსკერს გამოშვერილი კლდეებისა და გაზის ღრუბლების კაშკაშა ნარინჯისფერ სამყაროდ აქცევს,“ - წერს გამოცემა და აღნიშნავს იმასაც, რომ ფსკერზე, გაზების შესაგროვებლად და კლდის ნატეხების მოსატეხად, რობოტი ჩავიდა.
“ჩვენ ვცდილობთ ჰიდროთერმული სისტემის რუკაზე დატანას. ეს ხმელეთზე რუკის შექმნას არ ჰგავს. ჩვენ დედამიწის სიღრმეებში უნდა ჩავიხედოთ“, - ამბობს მკვლევარი, რომელიც უკვე ერთი თვეა სანტორინიზე იმყოფება.
მთავრობის საგანგებო სიტუაციების ჯგუფის წევრის, პროფესორ ნომიკუს განცხადებით, სწორედ ვულკანმა შთააგონა, რომ გეოლოგი გამხდარიყო. ის სანტორინიდანაა და ბაბუისგან წარსული მიწისძვრებისა და ამოფრქვევების შესახებ ისმენდა.
“ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, იცოდნენ, რამდენად აქტიურია ვულკანები და მონიშნავს იმ ტერიტორიებს, რომლებიც ამოფრქვევის დროს აკრძალული იქნება“, - ამბობს ის.
გუნდმა ვულკანის გარშემო ძალიან სუსტი მიწისძვრები დააფიქსირა, რაც სისტემაში სითხის გადაადგილებით და ბზარების წარმოქმნით იყო გამოწვეული. ისინი აფიქსირებენ, თუ როგორ მოძრაობს სითხე კლდეში, რის შედეგადაც ელექტრომაგნიტური ველის იმპულსებს მიწაში აგზავნიან. შედეგად მიიღება სამგანზომილებიანი რუკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ არის ჰიდროთერმული სისტემა დაკავშირებული ვულკანის მაგმურ კამერასთან, სადაც ამოფრქვევა ხდება.
“ჩვენ მეცნიერებას ადამიანებისთვის ვაკეთებთ და არა მეცნიერებისთვის. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, - ამბობს პროფესორი.
სანტორინიში ბოლო დროს მომხდარმა მიწისძვრის კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად დაუცველები არიან კუნძულის მაცხოვრებლები სეისმური საფრთხეების მიმართ და რამდენად არიან ისინი დამოკიდებულნი ტურიზმზე.
იხილეთ ასევე: