2025 წლის 28 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით დაახლოებით 12:33 საათზე, ესპანეთსა და პორტუგალიაში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მასშტაბურმა გათიშვამ ასევე იმოქმედა ანდორასა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონზე.
ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვამ ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია - შეჩერდა მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობა, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები.
ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება "იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს.
პორტუგალიის ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორის REN-ის განცხადებით, გათიშვის მიზეზი შესაძლოა იყოს იშვიათი ატმოსფერული ფენომენი "ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია", რაც იწვევს არასასურველ ვიბრაციებს მაღალი ძაბვის ხაზებში, რაც შეიძლება გამოეწვია ესპანეთში ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს.
ერთ-ერთი ვარაუდით, ამ იშვიათმა მოვლენამ, გამოიწვია სინქრონიზაციის პრობლემები ევროპული ელექტროენერგიის ქსელში, რის შედეგადაც მოხდა გათიშვა.
მეორე ვერსიით, არსებობს ვარაუდი, რომ სამხრეთ საფრანგეთში, პერპინიანსა და ნარბონს შორის გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ხაზი, რამაც გამოიწვია გათიშვა. თუმცა, საფრანგეთის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერატორმა RTE-მ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის არსებობა უარყო.
ესპანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტო INCIBE და პორტუგალიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი კიბერშეტევის შესაძლებლობასაც იძიებენ. თუმცა, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება და არც ოფიციალური განცხადება გაკეთებულა იმის შესახებ, რომ გათიშვა კიბერშეტევით იყო გამოწვეული.
როგორც უკვე ვთქვით, გათიშვამ იმოქმედა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აეროპორტებზე, სატრანსპორტო სისტემებზე, საავადმყოფოებსა და კომუნიკაციებზე.
ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ინტერნეტიო და მობილური ქსელებიც გაითიშა. საავადმყოფოებმა გეგმური ოპერაციები გადადეს, მაგრამ კრიტიკული შემთხვევების მოსაგვარებლად გენერატორებს იყენებდნენ.
გაჩერდა მადრიდის და ლისაბონის მეტროები, აეროპორტებში დაფიქსირდა ფრენების შეფერხება.
მეტროსადგურებში უკუნი სიბნელე იყო. ადამიანები გზას ტელეფონით ინათებდნენ და ფეხით ცდილობდნენ გვირაბებიდან გამოსვლას. ორივე ქვეყანაში, ათასობით ხალხი გაიჭედა ლიფტებში, მატარებლებში, საცობებში. ნაწილმა ღამე აეროპორტებში გაათენა.
.
სამშაბათს დილისთვის, ესპანეთის თითქმის 99%-ს ელექტროენერგია აღუდგა. პორტუგალიის ეროვნული ქსელის ოპერატორის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება 6.5 მილიონი ოჯახიდან დაახლოებით 6.2 მილიონს ღამით აღუდგა.
სინათლე აინთო მადრიდსა და პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.
ესპანეთის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერატორმა Red Eléctrica de España-მ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის სრულად აღდგენა შეიძლება 6-დან 10 საათამდე დასჭირდეს, თუმცა სრული სტაბილიზაცია შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. პორტუგალიის ოპერატორმა REN-მა აღნიშნა, რომ ქსელის სრულად ნორმალიზება შეიძლება ერთ კვირამდე გაგრძელდეს.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ განაცხადა, რომ გათიშვის წყარო "სავარაუდოდ, ესპანეთია“. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ყველა შესაძლო მიზეზის ანალიზი მიმდინარეობს და საზოგადოება გააფრთხილა, რომ "დეზინფორმაციის“ რისკის გამო, სპეკულაციებს არ აჰყვნენ.
პორტუგალიური ენერგოოპერატორის განცხადებით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილი აქვს ეროვნული გადამცემი ქსელის ყველა ქვესადგურს.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით, გაუქმდა სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბილბაო, კადიზი, სევილია, სარაგოსა, ვიგო და სან სებასტიანი.
მადრიდსა და ვალენსიაში სამგზავრო ტრანსპორტი ამუშავდა, თუმცა "შეზღუდული მომსახურებით“.
რაც შეეხება შორ მანძილზე მოძრავ მატარებლებს, მაგალითად: მადრიდსა და ბარსელონას შორის, ვალენსიას, მალაგას სხვა მიმართულებებით, მიმოსვლა "თანდათანობით ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება“.
იხილეთ ასევე: