ავტორი:

პსჟ-მ "არსენალი" ლონდონში დაამარცხა - უშეღავათო ბრძოლა და "კვარას" მორიგი მასტერკლასი: რა შეფასება მიიღო ქართველმა?

პსჟ-მ "არსენალი" ლონდონში დაამარცხა - უშეღავათო ბრძოლა და "კვარას" მორიგი მასტერკლასი: რა შეფასება მიიღო ქართველმა?

ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლონდონის არსენალი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ. მატჩი პარიზელების გამარჯვებით 0-1 დასრულდა.

არსენალის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: დავიდ რაია, იურიენ ტიმბერი, ვილიამ სალიბა, იაქუბ კივიორი, მაილს ლუის სკელი, მარტინ ოდეგორი, დეკლან რაისი, მიკელ მერინო, ბუკაიო საკა, ლეანდრო ტროსარი, გაბრიელ მარტინელი.

რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზული გუნდი მოედანზე ამ შემადგენლობით გავიდა: ჯანლუიჯი დონარუმა, ნუნო მენდეში, ვილიამ პაჩო, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, ფაბიან რუსი, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და დეზირე დუე.

  • პსჟ-მ პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა. მატჩის მეოთხე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "კვარას" პასი გოლად უსმან დემბელემ აქცია და თავისი გუნდი დააწინაურა.

ხვიჩას აქტიურობა გაგრძელდა. ის საჯარიმოში ულამაზესი მოძრაობით რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა, თუმცა წაიქცა და დარტყმა ვეღარ მოახერხა. 11-მეტრიანი არ დანიშნულა, თუმცა ფანების დიდი ნაწილის აზრით, ამ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

მიუხედავად არაერთი მომენტისა, პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა და ის პარიზული კლუბის გამარჯვებით 0-1 დასრულდა.

  • მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიკელ მერინომ დონარუმას კარში გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო - გაუქმდა.

დარჩენილ დროში მოედანზე უშეღავათო ბრძოლა იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. პარიზელები შინ "არსენალს" ერთბურთიანი უპირატესობით დახვდებიან და ფინალისტი სწორედ იმ მატჩში გაირკვევა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებას. ანალიტიკური საიტის Flashscore-ის მიხედვით, "კვარამ" 7,9 ქულა მიიღო, ამავე საიტმა ყველაზე მაღალი ქულა, პსჟ-ს მეკარეს, დონარუმას დაუწერა - 8-0.

ოფიციალურად კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვიტინია დასახელდა.

ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა პარიზში 7 მაისს გაიმართება.

იხილეთ ასევე: