შსს-ს მონაცემებით საქართველოში 907 უგზო-უკვლოდ დაკარგულია აღრიცხული. როგორც დაკარგულთა ახლობლები, ასევე ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება უშედეგოდ და არაეფექტურად ეძებს გაუჩინარებულებს, მიზეზი არასრულყოფილ კანონმდებლობაშია. ბევრის აზრით კი, დაკარგულებს არც არავინ ეძებს...
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" საქართველოში სხვადასხვა დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებზე დოკუმენტური ფილმი "გაუჩინარებულები" გადაიღო, სადაც, როგორც ფილმის ავტორი, ჟურნალისტი გიორგი ჯანელიძე ამბობს, საზოგადოებისათვის უცნობი გაუჩინარების ფაქტებია ასახული და მიზნად ისახავს სამართალდამცავების უმოქმედობის გამოვლინებას. ფილმის პრეზენტაცია კინოს სახლში გაიმართა.
გიორგი ჯანელიძე, რეჟისორი:
- ეს ადამიანები მშვიდობიან პერიოდში დაიკარგნენ. ჩვენ მიერ გამოკვლეული ოთხი შემთხვევიდან სამში, დაკარგულთა ახლობლებს სჯერათ, რომ ამ ბურუსით მოცულ საქმეებში ადამიანის ხელი ურევია. ამის საფუძველს კი ის ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები იძლევა, რაც მათ გაუჩინარებას ახლდა. ფილმ "გაუჩინარებულებში" მოთხრობილია გაუჩინარების ოთხი ფაქტის შესახებ, რომელთაგან პირველია 2010 წლის 17 სექტემბერს უგზო-უკვლოდ დაკარგული 17 წლის გიგა ელიზბარაშვილის ამბავი. იგი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში გაუჩინარდა. გიგა ელიზბარაშვილი ბიძის ოჯახში, რთველში იყო მისული.
იქიდან გამოსვლის შემდეგ იგი აღარავის უნახავს. პოლიციამ უშედეგო ძებნის შემდეგ გიგა ელიზბარაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა შემთხვევით იპოვა ადამიანის სხეულის ნაწილები, ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. გვამის თავის ქალა 200 მეტრში იპოვეს. ნივთები, სავარაუდოდ, გიგა ელიზბარაშვილს ეკუთვნოდა.
მეორე ეპიზოდი: გიგა ელიზბარაშვილის გაუჩინარებიდან 9 დღეში დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში დაიკარგა 14 წლის ვასილ წიკლაური. არ ვიცი, რა კავშირია ამ ორ გაუჩინარებას შორის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ოჯახის წევრებთან საუბარში გაირკვა, რომ ვასილ წიკლაური 2010 წლის 26 სექტემბრის დღის საათებში უახლოეს მეგობარ დავით ბურდულთან ერთად გავიდა შინიდან. ცოტა მოგვიანებით ვასიკოს ძმაც გავიდა მათ მოსაძებნად, თუმცა მათ კვალს ვერსად მიაგნო.. ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ 14 წლის ვასიკო ბოროტმოქმედის მსხვერპლია. ვასიკოს მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მისმა მეგობარმა იცის სიმართლე, რომელსაც მალავს.
მესამე ეპიზოდი: 2005 წლის 28 ივნისს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში გაუჩინარდა 56 წლის სადრადინ ფალანგოვი. იგი საუდის არაბეთში მუსლიმანთა წმინდა ადგილზე, მექაში იყო ნამყოფი, ამიტომ მეტსახელად გარა მოლას ეძახდნენ. როგორც ირკვევა, გარა მოლა სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და, შესაბამისად, მას დახმარებას სთხოვდა ყველა, ვინც თავს ხელისუფლებისგან დაჩაგრულად მიიჩნევდა. აღსანიშნავია, რომ მის გაუჩინარებამდე სამი თვით ადრე, 2005 წლის მარტში, სადახლოში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სადრადინ ფალანგოვი იყო. მიტინგზე შეკრებილები აპროტესტებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების - გამგეობისა და პოლიციის განუკითხაობას.
მიტინგის შემდეგ ფალანგოვსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონფლიქტი წარმოიშვა. მოსახლეობაც ფალანგოვის გაუჩინარებას სწორედ ამ მიტინგს უკავშირებს. კონფლიქტი, მათივე გადმოცემით, იმავე განუკითხაობას მოჰყვა, რომელიც სათავეს ე.წ. მარნეულის მაფიიდან იღებდა, რომლის წევრებადაც იმჟამინდელ ადგილობრივ სამართალდამცველებს მიიჩნევდნენ. მოსახლეობა სადრადინ ფალანგოვის რაიმე დანაშაულთან კავშირს მისი პიროვნებიდან და წარსულიდან გამომდინარე, გამორიცხავს. გარა მოლას ვაჟი იხსენებს, რომ მარნეულში ჩასულ პრეზიდენტთან შეხვედრის მოსურნე ფალანგოვი სამართალდამცველებმა დააკავეს და მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
ოჯახის წევრთა ვარაუდით, ფალანგოვი მოკლულია, თუმცა მისი გვამი ნაპოვნი არ არის. ფალანგოვის საქმეზე გამოძიება შეჩერებულია, ვინაიდან არც დამნაშავეა დადგენილი და არც დაზარალებული ნაპოვნი.
მეოთხე ეპიზოდი: ეთნიკურად ჩეჩენი საიდ-ჰუსეინ ტაზბაევი, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა, წელიწად-ნახევრის წინ, 2009 წლის 26 ოქტომბერს, ძალიან უცნაურ ვითარებაში დაიკარგა. ჩეჩნეთის ომის ვეტერანი და იჩქერიის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის დევნილი მოადგილე ტაზბაევი საქართველოში 2001 წლიდან იმყოფებოდა. მისი მეუღლის თქმით, იგი ახმედ ზაკაევის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი იყო. მისი გაუჩინარების ისტორია ისეთივე უცნაურია, როგორიც ამ ფილმში მოთხრობილი ყველა სხვა შემთხვევა. ტაზბაევმა მცირეწლოვანი შვილი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საცურაო აუზზე მიიყვანა და წამოსაყვანად აღარ მიაკითხა.
მას არც ფული ჰქონდა და არც გასამგზავრებელი დოკუმენტები. შესაბამისად, იგი კანონიერი გზით ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებდა. როგორც გაირკვა, ტაზბაევს ფარულად სდევნიდნენ. ომგამოვლილი კაცი გაქრა იმ ქვეყანაში, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა. ჩეჩნებმა პრეზიდენტ სააკაშვილს გაუგზავნეს სპეციალური მიმართვა და ამ საქმის გამოძიება სთხოვეს...
წარმოგიდგენიათ, საქართველოში ოფიციალურად 907 ადამიანია დაკარგული. ამაში არ იგულისხმება საბრძოლო მოქმედებებში დაკარგული პირები. ეს მონაცემები 2010 წლის მარტში გამოგვიგზავნა შსს-მ.
- ფილმში მოთხრობილ ოთხ შემთხვევაზე თუ მიმართეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს და რა გიპასუხეს? თუ მიმდინარეობს გამოძიება და როგორი კვალიფიკაცია მიეცა ამ შემთხვევებს?
- გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს და შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებს. ვითხოვდით, გამოძიების შედეგები გაეცნოთ და გამომძიებლებთან შეხვედრის უფლება მოეცათ ჩვენთვის, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გამოგზავნილ პასუხში ვკითხულობთ: ვასილ წიკლაურის საქმეზე აღძრულია საქმე სსკ-ს 115-ე მუხლით, მისი თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის გამო.
ეს მაშინ, როცა ნაპოვნი არ არის არც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანილი და არც თვითმკვლელობის ცდამდე მიმყვანი. გიგა ელიზბარაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა და გვაცნობეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ამასობაში ოჯახს ექსპერტიზის პასუხიც მიუვიდა, რომლის თანახმადაც, სხეულის ნაწილები გიგა ელიზბარაშვილს ეკუთვნის.
ექსპერტიზა არც ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებას გამორიცხავს. ფალანგოვის შვილი, თითქმის ექვსი წელიწადია, მამას უშედეგოდ ეძებს. საიდ-ჰუსეინ ტაზბაევი, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარი მეზობელი ქვეყნის აგრესიისგან დასაცავად მივეცით, თბილისის ცენტრში თვალსა და ხელს შუა გაქრა. სტუმართმოყვარე და მრავალეროვან-რეფორმატორ საქართველოში ერთნაირად იკარგება ქართველიც, აზერბაიჯანელიც, ჩეჩენიც და ქისტიც.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)