რა იწვევს კანის ჩირქოვან დაავადებებს

რა იწვევს კანის ჩირქოვან დაავადებებს

გამონაყარი, მით უმეტეს, ჩირქოვანი, როგორც მოზარდისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანისთვის მრავალი პრობლემის სათავედ იქცევა. ის პირველ რიგში დისკომფორტს იწვევს და არასრულფასოვნების კომპლექსს აჩენს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დაავადებაზე, რომელიც ჩირქოვანი მუწუკების წარმოქმნას განაპირობებს.

რა იწვევს ჩირქოვან გამონაყარს და როგორ დავიცვათ თავი კანის ასეთი დაავადებებისგან? ამ კითხვებზე დერმატოლოგი იოსებ კობახიძე გვიპასუხებს:

- პიოდერმია კანის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, ახასიათებს კანის ჩირქოვანი დაზიანება, რომელსაც იწვევს ჩირქმბადი მიკრობები - სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები. პიოდერმიის შემთხვევაში უმეტესად კანის ზედაპირი ზიანდება. მაგალითად, სტაფილოდერმიისას ანთებითი პროცესი თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან ჯირკვლებში ლოკალიზდება. პიოდერმია შეიძლება ჯანმრთელ კანზეც წარმოიშვას და რომელიმე სხვა დაავადების თანამდევიც იყოს.

- რომელ დაავადებებს გულისხმობთ?

- ცენტრალური ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, შაქრიან დიაბეტს...

- როგორ ხვდება მიკრობები კანში?

- თუ კანი ან ლორწოვანი გარსი დაზიანებულია, მიკრობები მასში ადვილად აღწევს, თუმცა არ არის გამორიცხული, ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც მოხვდეს, მაგალითად, თმის ბუდეებში.

- კანის პრობლემები ყველაზე ხშირად მოზარდებს აწუხებთ...

- უმეტესად, ეს არის აკნე, რომელიც განპირობებულია ჰორმონ ტესტოსტერონის სიჭარბით, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებას უწყობს ხელს. ეს ჯირკვლები სახეზე, ყელსა და ზურგზე მდებარეობს, აქედან გამომდინარე, მკერდზე, მუცელზე, ფეხებზე აკნე არ ჩნდება.

ხშირად აკნეს უწოდებენ ყოველგვარ მუწუკს. ეს არ არის სწორი. აკნე არ დაემართება 30 წლის ქალსა თუ მამაკაცს, 10 წლის ბავშვს. ამ დაავადებას  თავისი ასაკი აქვს - 14-დან 25 წლამდე. ზოგჯერ პრობლემა თავისთავად გვარდება, მაგრამ მოზარდები სახეზე გამონაყარს საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან. შესაძლოა, მან ფსიქიკური სტრესიც კი მიაყენოთ.

- ხშირია აკნეს შემთხვევები?

- მოსახლეობის თითქმის 80%-ს (15-დან 25 წლამდე) აკნეს ესა თუ ის ფორმა აღენიშნება. არსებობს მძიმე ფორმები, უეცარი, ცალკეული გამონაყარი ზურგზე ან სახეზე, თუმცა აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ქცევას: მოზარდები ხშირად თვითონვე ცდილობენ მუწუკის ამოღებას და თითქოს გრძნობენ კიდეც ერთგვარ შვებას, მაგრამ ეს "შვება" დროებითია.  გამონაყარი არ უნდა "გააწვალონ" და დროულად მიმართონ ექიმს. გართულებულ ფორმას, ბუნებრივია, გაცილებით ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

- რას იტყოდით ძირმაგარასა და ფურუნკულებზე, რომლებიც საკმაოდ არის გავრცელებული მოზარდებშიც და მოზრდილებშიც?

- ფურუნკული თმის ბუდისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა, რომელიც ჩნდება ორგანიზმის ისეთ უბანზე, რომელიც მექანიკურ გაღიზიანებას ხშირად განიცდის, მაგალითად, კისრის უკანა მხარეს, იღლიის ფოსოში, წელის არეში, ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე...

- როდის უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს?

- საზოგადოდ, ფურუნკული მსუბუქი დაავადებაა, მაგრამ თუ ერთი ფურუნკული უკვე მოგიშუშდათ და შემდეგ მეორემ იჩინა თავი, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანიზმს პრობლემები აქვს და ექიმს უნდა მიმართოთ. ექიმს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ ფურუნკული ან ძირმაგარა სახეზე, ტუჩების მიდამოებში გაჩნდა, რადგან შესაძლოა, ინფექცია თავის ტვინისკენ გავრცელდეს და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

- როგორია ასეთი დაავადებების პროფილაქტიკა?

- ფურუნკულისა და კანის სხვა ჩირქოვანი დაავადებების პროფილაქტიკა, პირველ რიგში, კანისა და თეთრეულის ჰიგიენის დაცვაა. სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვა აუცილებელია სკოლებსა დ ბაგა-ბაღებში, რადგან ბავშვები ასეთი დაავადებების რისკის ჯგუფებში შედიან.

ექიმი გვირჩევს

კანის ჩირქოვანი დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს ჰიგიენის წესების უგულებელყოფა, ჭრილობების მოუვლელობა, თუნდაც უმნიშვნელოსი, ასევე - იმუნური ძალების დაქვეითება. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტისას ხშირია ჩირქოვანი ინფექციის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, რის შედეგადაც ფურუნკულები მრავლდება. ასეთი რამ ხდება, მაგალითად, დაბანის დროს, ამიტომ ეცადეთ, ფურუნკული არ დასველდეს, ჩირქი კანის სხვა უბნებზე რომ არ გადავიდეს. არ შეეხოთ ფურუნკულს თითებით და არ აწვალოთ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ორსულობის დროს დეპრესია, ბავშვში აუტიზმის განვითარებას უწყობს ხელს