21-ე საუკუნის მე-3 ათწლეული კონფლიქტების გამძაფრებისა და სამხედრო დაპირისპირებების სცენარით მიმდინარეობს, რაც გლობალურ ქაოსთან ასოცირდება. ეს პროცესები, სავარაუდოდ, მანამ გაგრძელდება, ვიდრე ახალი მსოფლიო წესრიგი არ ჩამოყალიბდება, თუ იმ დრომდე მიაღწია კაცობრიობამ. საქმე ისაა, რომ ამ დაპირისპირებებს და ომებს განსაკუთრებულ რისკებს სძენს ის ბირთვული იარაღი, რაც დედამიწაზე არსებობს. ამჯერად ბირთვული საფრთხე გაამძაფრა ინდოეთ-პაკისტანის ტრადიციული დაპირისპირების მორიგმა გამწვავებამ და ეს მხოლოდ რეგიონის პრობლემა არ არის - მსოფლიო სიმშვიდის დარღვევაც შეუძლია.
ამ ქვეყნებს შორის დაპირისპირება ყოველდღიურად მძაფრდება მას მერე, რაც 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა - 17. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ცნობილმა ჯგუფმა Kashmir Resistance აიღო. ინდოეთის მთავრობამ თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა, რასაც ისლამაბადი უარყოფს და გამოძიებაში მესამე მხარის დახმარებას ითხოვს.
თავდასხმის შემდეგ ინდოეთის მთავრობამ პაკისტანის მოქალაქეებს ვიზები გაუუქმა, ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა, თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა, დაკეტა ორ ქვეყანას შორის არსებული ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელი და შეაჩერა შეთანხმება, რომელიც მდინარე ინდიდან წყლის განაწილებას არეგულირებს.
"ინდის ხელშეკრულება“ 1960 წელს დაიდო და ინდოეთ-პაკისტანის არცერთი ომის დროს არ დარღვეულა, თუმცა ამჯერად შეიძლება ყველაფერი უფრო რთულად წარიმართოს... ინდი მთავარი მდინარეა, რომელიც ტიბეტის მთებში იღებს სათავეს და შემდეგ ექვს ტოტად იყოფა, რომელთაგან სამს პაკისტანი იყენებს და სამსაც ინდოეთი.
თუკი დელი მართლაც გადაკეტავს მდინარე ინდს სათავეშივე და პაკისტანისკენ მიმავალ სამ განშტოებაში წყლის დონე მინიმუმამდე დაეცემა, ეს სრულად გაანადგურებს პაკისტანის სოფლის მეურნეობას და მილიონობით პაკისტანელს შიმშილის ზღვარზე დააყენებს...
თავის მხრივ, პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის მოქალაქეებს ვიზები შეუჩერა, დიპლომატიური წარმომადგენლობის სამხედრო მრჩევლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ მდინარე ინდიდან წყალმომარაგების შეჩერების მცდელობას განიხილავს ომის აქტად, რასაც შესაბამისად უპასუხებს.
მოკლედ, მომხდარმა ეს ორი ქვეყანა მორიგი ომის ზღვარზე მიიყვანა.
ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობა 1947 წლის "ბრიტანეთის ინდოეთის" გაყოფის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, ორი ქვეყანა ოთხჯერ ომობდა: 1947-48, 1965, 1971 და 1999 წლებში. აღსანიშნავია, რომ 1971 წლის ომის დროს, აღმოსავლეთ პაკისტანის - ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ინდოეთმა სწორედ აჯანყებულების მხარე დაიჭირა, რის შედეგადაც პაკისტანი ორად გაიყო.
2019 წელს ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ინდოელ პოლიციელებზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, რასაც 45 პოლიციელი შეეწირა და ინდოეთმაც საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა „ჯაიშ-ე-მუჰამადის“ ტერორისტული დაჯგუფების ბანაკზე, რომელიც პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში იყო განთავსებული.
საპასუხოდ პაკისტანის ავიაციამ ქაშმირში ინდოეთის არმიის სამხედრო ობიექტები დაბომბა, რასაც მოჰყვა საჰაერო ორთაბრძოლები ინდოეთისა და პაკისტანის რეაქტიული გამანადგურებლების გამოყენებით.
მაშინ მსოფლიო ძალიან მიუახლოვდა ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს, რადგან ინდოეთსაც და პაკისტანსაც უკვე საკმაოდ ჰქონდათ დაგროვებული იმ რაოდენობის ბირთვული იარაღი, რომელიც სრულიად საკმარისი გახლდათ ამ ორივე სახელმწიფოს გასანადგურებლად და მეზობელ ქვეყნებსაც თან "წაიყოლიებდნენ“, თუმცა იმჟამად ამის თავიდან აცილება მოხერხდა.
კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონია, რომელსაც. ორივე ქვეყანა მას მთლიანად თავის ნაწილად, თუმცა, ამ ეტაპზე ის გაყოფილია სამხრეთ მდებარე, უფრო დიდი ნაწილს - ჯამუ და ქაშმირს აკონტროლებს ინდოეთი, ნცრდილოეს პაკისტანი, ტერიტორიის მცირე ნაწილზე კი ვრცელდება ჩინეთის კონტროლი, რომელიც პაკისტანის მოკავშირედ მიიჩნევა.
ქაშმირი - ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სადავო ტერიტორია - ჰიმალაის მთებში მდებარე ისტორიული სამთავრო. ქაშმირის გაყოფა არ არის ოფიციალურ დონეზე დადასტურებული, იგი წარმოადგენს მუდმივ დაძაბულობის კერას ინდოეთსა და პაკისტანს შორის.
მას ჩრდილოეთიდან ავღანეთი, აღმოსავლეთიდან ჩინეთი, სამხრეთიდან ინდოეთი და დასავლეთიდან პაკისტანი ესაზღვრება.
ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი სამხრეთ აზიაში, მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განაპირობებს მის მიმართ ასეთ დიდი ინტერესებს.
ეს უპირველესად არის წყლის რესურსები, სწორედ ქაშმირის ტერიტორიაზე მიედნება მდინარე ინდი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით პაკისტანისთვის, შესაბამისად, მასზე კონტროლი ინდოეთის დიდ ბერკეტს აძლევს.
ასევე ქაშმირს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ის განლაგებულია 4 ქვეყნის მიჯნაზე, შესაბამისად, მასზე კონტროლი დიდ გეოპოლიტიკურ ბენეფიტებს ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და პაკისტანს ქაშმირი საკუთარი ეროვნული იდეის ნაწილად მიაჩნიათ. ინდოეთისთვის ეს ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლოა, პაკისტანი კი მასზე კონტროლს მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დაცვად განიხილავს. წყარო
"პაკისტანი ფლობს სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ინდოეთი აპირებს სამხედრო ქმედების განხორციელებას პაკისტანის წინააღმდეგ მომდევნო 24-36 საათის განმავლობაში“, - ეს 30 აპრილს განაცხადა პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ატაულა ტარარმა. ვიდეოგზავნილი მან X-ზე გაავრცელა.
ტარარს არ გაუმხელია დეტალები, რა მტკიცებულებები გამოიყენა პაკისტანმა ბრალდების საფუძვლად, თუმცა დასძინა, რომ ისლამაბადი "აუცილებლად და გადამჭრელად“ უპასუხებს ინდოეთის ქმედებას.
"საერთაშორისო თანამეგობრობამ ფხიზელი თვალით უნდა შეხედოს იმ რეალობას, რომ დაძაბულობის აღმავალ სპირალსა და მისგან მომდინარე შედეგებზე პასუხისმგებლობის ტვირთი სრულად ინდოეთს ეკისრება“, - განაცხადა მან.
ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობას არ გაუვრცელებია ცნობა რაიმე მყისიერი სამხედრო მოქმედების გეგმაზე, თუმცა ის 29 აპრილს შეხვდა კაბინეტის წევრებს. ინდოეთის მედია, ანონიმურ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მოდიმ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მისცა „ოპერატიული მოქმედების სრული თავისუფლება ტერორისტულ თავდასხმაზე რეაგირების ხასიათის, სამიზნეებისა და დროის განსაზღვრაში“.
ინდოეთის მთავრობამ ასევე 23 მაისამდე ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა პაკისტანის ავიაკომპანიებისთვის. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ეს არის საპასუხო ზომა პაკისტანის ანალოგიურ აკრძალვაზე. ასევე დრო და დრო ისმოდა სროლა ორი ქვეყნის საზღვარზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გაერო ინდოეთსა და პაკისტანს დაპირისპირების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.
აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ორივე ქვეყნის ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბარს უახლოეს საათებში გეგმავს,
ინდოეთისა და პაკისტანის ბირთვული არსენალი საკმაოდ შთამბეჭდავია - თუკი ინდოეთს სავარაუდოდ 172-180 ბირთვული მუხტი გააჩნია, პაკისტანი დიდად არ ჩამორჩება მას თავისი 170-მდე ბირთვული ქობინითა და საავიაციო ბომბით.
ინდოეთის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად აღემატება პაკისტანისას - თუკი ინდოეთის თავდაცვის ბიუჯეტი 90 მლრდ დოლარს აღწევს, პაკისტანი სამხედრო მიზნებისთვის მხოლოდ 11 მლრდ დოლარს ხარჯავს. ინდოეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 1,45 მლნ სამხედრო და შეუძლია 1,115 მლნ რეზერვისტის მობილიზებაც, პაკისტანს კი ბრძოლის ველზე მხოლოდ 645 ათასი სამხედროსი და 550 ათასი რეზერვისტის გაყვანა შეუძლია.
ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაშია 294 ხომალდი, მათ შორის ორი ავიამზიდი და 18 წყალქვეშა ნავი (ატომურის ჩათვლით, რომელიც რუსეთს აქვს მიქირავებული), მაშინ როდესაც პაკისტანელი მეზღვაურების არსენალში მხოლოდ 114 ხომალდია, მათგან 8 წყალქვეშა ნავი და არც ერთი ავიამზიდი.
ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მოითვლის 2 296 სამხედრო დანიშნულების საფრენ აპარატს, მათ შორის 606 გამანადგურებელ თვითმფრინავს და 869 შვეულმფრენს, პაკისტანელ მფრინავებს კი შეუძლიათ გამოიყენონ 1 434 საფრენი აპარტი, მათ შორის 387 გამანადგურებელი და 352 შვეულმფრენი.
ინდოეთის სახმელეთო ჯარების არსენალშია 4 114 ტანკი და 3 243 საარტილერიო დანადგარი, პაკისტანის არმიის შეიარაღებაში კი 3 742 ტანკი და 3 228 საარტილერიო დანადგარია.
ინდოეთის ამგვარი სამხედრო უპირატესობა კიდევ ერთ არგუმენტს აძლევს ისლამაბადს, რომ მასზე ძლიერი მეზობლის შეკავება სწორედ ბირთვული იარაღის გამოყენებით სცადოს...
თავის მხრივ ინდოეთს აკავებს არა მარტო ის ფაქტი, რომ პაკისტანსაც გააჩნია არსენალში ბირთვული იარაღი, არამედ ისიც, რომ მათ შესაძლო ომში ალბათ, აუცილებლად ჩაერევა კიდევ ერთი ძალზე ანგარიშგასაწევი მეზობელი - ჩინეთი, რომელსაც პაკისტანთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვს, ხოლო ინდოეთთან ასევე ტრადიციულად, ცუდი. წყარო
თუმცა ექსპერტების შეფასებით, სამხედრო ესკალაციის საფრთხე მაინც ძალიან მაღალია, რის დროსაც ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს ვერავინ გამორიცხავს. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, შეძლებენ თუ არა ინდოეთი და პაკისტანი დიპლომატიური არხების გაძლიერებას და კატასტროფული საფრთხის თავიდან აცილებას.
იხილეთ ასევე: