“რადგან ცხონებული იოსებ გორგაძე ჩემი მოგვარეა, (ერთი სოფლიდან ვართ, ის მერე წალკაში გადავიდა საცხოვრებლად) ჯერ კიდე იანვარშიც და ამ დღეებშიც ბევრმა ნაცნობმა მკითხა ამბის შესახებ. ისეთი სიტუაცია, და ისეთი ამბავია, რომლის მოყოლა ძალიან რთულია. ამიტომ ვინც მეკითხებოდა ვცდილობდი ხოლმე არაფერი მეთქვა. მაგრამ, რადგან უკვე საჯაროდაც ბევრი ინფორმაცია დაიდო, შევცდები ამბავი მოკლედ დავწერო. თან ვეცდები ისე ვთქვა რომ არაფერი დავაზიანო,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თემურ გორგაძე წერს.
თემურ გორგაძე ავარიის დეტალებსაც იხსენებს, რის შემდეგაც გარდაცვლილი დააკავეს.
“იოსებ გორგაძე არის ადამიანი რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა 2024 წლის ოქტომბერში. შემთხვევის მეორე დაზარალებული მხარე იყო ადამიანები რომლებიც 2024 წლის 23 ოქტომბერს “ქართული ოცნების“ (არჩევნების წინა) ბოლო შემაჯამებელი შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. (ბევრი არც ვიცი). მხოლოდ ის ვიცით რომ ავტო საგზაო შემთხვევისას მეორე მხარეს ადამიანები გარდაიცვალნენ.
იოსებ გორგაძე დააკავეს. მოთავსებული იყო გლდანის ციხეზე.
2025 წლის იანვრის ბოლოს თანამესაკნემ მის პირად ნივთებში იპოვა ადვოკატის ნომერი, დაურეკა და უთხრა იოსები საკნიდან გაიყვანეს მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. ხომ არ იცით როგორ არის, ან იქნებ მოიკითხოთო. ოჯახმა და ადვოკატებმა ერთი კვირის ძებნის შემდეგ ცხონებული იოსები მიაკვლიეს კლინიკა “ვივამედში“. როგორც ვიცი გლდანის ციხიდან წასულ ფორმა ასში (თუ რაც ჰქვია მაგას) დიაგნოზი ეწერა (გულის შეტევაო. თუ რაღაც მსგავსი). მაგრამ რეალურად “ვივამედში“ ადამიანი გადაყვანილი იყო უკვე კომაში და ძალიან ნაცემი.
2025 წლის იანვრიდან მოყოლებული გუშინდლამდე ცხონებული იოსები იყო კომაში და “ვივამედში“ აპარატზე შეერთებული. გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
ღმერთმა მას ჯენნეთი მისცეს და ახლობლებს მოთმენა-გამძლეობა. ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს.
პ.ს: ყველაფერი რაც მე აქ დავწერე, არის საჯარო. ნაწილი ერთ მედიაში გაჟღერდა ნაწილი მეორეში. “ვივამედის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობაც (კომენტარებში დევს) სოციალურ ქსელებში დაიდო გარდაცვლილის ახლობლების მიერ.
მოკლედ ამბავი არის ასეთი...“ - წერს თემურ გორგაძე.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებული ი. გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია.
გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება.
ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ.
ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით”, - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: