ავტორი:

"ჩემი ძმა ცემით არის მოკლული... გაჩუმებას არ ვაპირებთ" - გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მომხდარის სამართლიან გამოძიებას ითხოვს

"ჩემი ძმა ცემით არის მოკლული... გაჩუმებას არ ვაპირებთ" - გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მომხდარის სამართლიან გამოძიებას ითხოვს

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" 30 იანვარს დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. პატიმარი კლინიკაში შეყვანის დღიდან აპარატზე იყო შეერთებული.

იოსებ გორგაძის ადვოკატ მუხრან ღურწკაიას თქმით:

"წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო“, - აცხადებს ადვოკატი.

ღურწკაიას თქმით, პაციენტი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა "ვივამედში“ 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პატიმარზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პატიმართან ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებული ი. გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია.

გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.

იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება.

ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ.

ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკა "ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩახაიძემ, რომლის თქმითაც, არაერთი ოპერაციული ჩარევის მიუხედავად, ლეტალური შედეგი დადგა და გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი თავის ტვინის ტრავმა აღმოჩნდა.

ცნობისათვის, იოსებ გორგაძე სასჯელს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო იხდიდა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში წალკაში მოხდა, რასაც 4 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია გვეუბნება:

" იოსებ გორგაძეს ავარია მოუხდა წალკაში და 4 კაცი მოუკვდა, ოთხივეს პატარა ბავშვები დარჩა. ისინი გაუბედურდნენ, ეს ადამიანიც გააუბედურეს. გორგაძე დეკემბერში დააკავეს, ორთვიანი ჰქონდა შეფარდებული და მალევე, იანვრის ბოლოს სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც "ვივამედში“ გადაიყვანეს. მარტო პატიმარი ფიზიკურად ამას ვერ იზამდა, ეს სხვების გაკეთებულია. მოკლეს ადამიანი, პრაქტიკულად მკვდარი იყო ეს სამი თვე, აპარატზე შეერთებული. ვერაფერს ვამბობ, რა მოხდა, მაგრამ ის, რომ რიგით პატიმარს ჩხუბი მოუვიდა სხვების ჩარევის გარეშე, ამის არ მჯერა, გამორიცხულია. ეს რომც მოსვლოდა, მაინც ერთი ადამიანი ვერ უზამდა ამდენს. არაფერი ვიცით, ვინ რა გააკეთა, რა მოხდა, ფაქტია, რომ კაცს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები და მოტეხილობები ჰქონდა, არანაირი ტვინის ინსულტი. ოჯახი არ აპირებს გაჩერებას, იოსებს ზეგ დაკრძალავენ და ამის შემდეგ პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, სხვა გზა არ არ არის“.

AMBEBI.GE გარდაცვლილი პატიმრის ძმას, შოთა გორგაძეს დაუკავშირდა:

" სინამდვილეში რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ორგანიზებულ დანაშაულს რომ აქვს ადგილი, ეს ფაქტია. ჩემი ძმა ცემითაა მოკლული, დანარჩენი რა გითხრათ... დარწმუნებული ვარ, წამებაში პენიტენციურის თანამშრომლები, ბადრაგები მონაწილეობდნენ, ამას პროფესიონალის გარდა ვერავინ გააკეთებდა. დასკვნაში წერია, რომ დაზიანებები თავის არეში ჰქონდა, 27 მოტეხილობა.

შევეცადეთ მიზეზის გარკვევას, მაგრამ ვერაფერი... გვეუბნებოდნენ, გადავარდა და ასე მიიღო დაზიანებებიო. პატიმრები მონაწილეობდნენ თუ არა ამაში, ვერ ვიტყვი, ბრალს ვერავის დავდებ და ცოდვას ვერ დავიდებ, ამას პატიმარი ასე პროფესიონალურად ვერ შეასრულებდა. პატიმრებს ჩამოართვეს ჩვენება და დააწერინეს, თითქოს იოსები გადმოვარდა, დაეცა და თავი გაიტეხა. სწორედ მოტივია ჩვენთვის გაუგებარი, რატომ, რის გამო... ახალი დაკავებული იყო, როცა სასტიკად გაუსწორდნენ და 3 თვეზე მეტია კომაშია. იოსები ჩემი უმცროსი ძმაა, ცოლ-შვილიანი, ოჯახი ბორჯომში ცხოვრობს.

ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, რა თქმა უნდა და გაჩუმებას არ ვაპირებთ, მოვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.. ციხის ადმინისტრაციამ დასკვნაში ტვინის ინსულტი დაუწერა, "ვივამედმა“ კი ეს უარყო და დაწერა, რაც იოსებს სჭირდა - მრავლობითი მოტეხილობები თავის არეში. ყველაფერი მათი სცენარით ხომ არ ჩაივლის, ადამიანებიც ხომ არსებობენ, ვინც იტყვის სინამდვილეში რა მოხდა. ჩემთვის ყველაფერი ბნელითაა მოცული, მაგრამ ხომ არსებობენ ისეთებიც, ვიღაცამ კარი გამოაღოს და ნათელში გამოვიდეს. ძალიან ბნელა ქვეყანაში, ასე ჩრდილოეთ კორეაშიც არ ექცევიან ადამიანებს - ადამიანის ასეთი წამება სახელმწიფოს თუ შეუძლია, არ ვიცი, ღმერთი დიდია და სამართალი იზეიმებს. ყველაფერი დამაკარგვინეს რწმენის გარდა, ერთადერთი, რწმენა დამრჩა და იმას ვერ დამაკარგვინებენ, რწმენის და ღმერთის იმედად ვარ, ალბათ სიმართლე გაირკვევა.

მეტი რა გითხრათ, ამწუთას ვასვენებ ჩემს ძმას სახლში და არაფრის თავი არ მაქვს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის".

იხილეთ ასევე: