პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა.
ასევე, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და დარტყმებს ახორციელებს “ტერორისტული ინფრასტრუქტურისა” და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ კაშმირის რეგიონზე.
"ეს ნაბიჯები პაჰალგამზე ბარბაროსულ თავდასხმას მოჰყვება, რომელშიც ინდოეთის 25 მოქალაქე და ნეპალის ერთი მოქალაქე იყვნენ მოკლული…
ჩვენი ნაბიჯები იყო ფოკუსირებული, გამოზომილი და თავისი ბუნებით არაესკალაციური. დარტყმები არ განხორციელდა პაკისტანის სამხედრო ობიექტებზე. ინდოეთმა საგრძნობი თავშეკავება გამოაჩინა მიზნების შერჩევასა და [დარტყმების] განხორციელების მეთოდებში”, - ნათქვამია განცხადებაში.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში სარაკეტო დარტყმები პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე 9 ობიექტზე განხორციელდა.
პაკისტანის სამხედროების პრესსპიკერის განცხადებით, ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ კაშმირში, 26 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ბავშვი დაიღუპა.
პაკისტანური მედიის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი აჰმედ შარიფ ჩაუდჰრი დასძენს, რომ კიდევ 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
მისივე თქმით, ერთი ოჯახი, მათ შორის ერთი ბავშვი, სახლის ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
ასევე ინდოეთის არმიის განაცხადებით, ქაშმირის ქვეყნის მიერ კონტროლირებად ნაწილში პაკისტანის ჯარების მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგად სამი ინდოელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ჯამუს, სამბას, კატუას, რაჯურის და პუნჩის რეგიონებში ყველა სკოლა, კოლეჯი და საგანმანათლებლო დაწესებულება დროებით დაიხურა.
თავის მხრივ, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა განაცხადა, რომ ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 35 დაშავდა.
“ყურადღებით ვაკვირდები ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას. ვიმეორებ პრეზიდენტის დღევანდელ კომენტარს, რომ იმედია, ეს სწრაფად დასრულდება. გავაგრძელებ ინდოეთისა და პაკისტანის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას მშვიდობიანი მოგვარების მიზნით“, - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მანამდე, აშშ-ში ინდოეთის საელჩომ განაცხადა, რომ ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, აჯიტ დოვალმა მარკო რუბიოს „მიაწოდა ინფორმაცია ინდოეთის მიერ მიღებული ზომების შესახებ“.
იხილეთ ასევე: