წარმატებული ქართველი ორთოპედის გერმანულ-ქართული ცხოვრება

წარმატებული ქართველი ორთოპედის გერმანულ-ქართული ცხოვრება

ამბობს, - ჩემი მიზანი არ ყოფილა და არც ახლა არის სამუდამოდ გერმანიაში ცხოვრება, მხოლოდ კვალიფიკაციის ასამაღლებლად წავედი და მინდა, უკან კარგ ექიმად დავბრუნდე; ახლაც მთავაზობენ საქართველოს პასპორტის ჩაბარებასა და გერმანიის მოქალაქეობის მიღებას სულ რაღაც სამ დღეში, მაგრამ არ ვთანხმდები; ვფიქრობ, ნამდვილად შემიძლია, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ბევრი სიკეთე მოვუტანო ჩემს ხალხს და ასეც მოვიქცევიო. დროდადრო სტუმრობს საქართველოს და ყოველთვის უძნელდება აქედან წასვლა. სამწუხაროა, რომ ემიგრანტია, მაგრამ ბედნიერებაა, რომ თავის საქმეში წარმატებულია. "პალიტრა მედიაში" ჩემს კოლეგასთან, ეკა ხოსიაშვილთან ერთად გვეწვია. ხალისიანი ახალგაზრდა ჩანდა, უშუალო და ენაწყლიანი. გერმანიის ქალაქ ჰაგენის საავადმყოფოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის კლინიკის ექიმი გახლავთ - გიორგი ჭუმბურიძე. თბილისში ხანმოკლე სამუშაო პროგრამით ჩამოვიდა, ხანგრძლივად კი შემორჩა. ამიტომაც უფრო მოიცალა შესახვედრად.

- განათლება საქართველოში მივიღე: ჯერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, შემდეგ - ასპირანტურა აქვე, პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე. სტუდენტობისას ჩემმა ლექტორმა და საგარეჯოს საავადმყოფოს ქირურგმა, ზურაბ ვარაზმა იმავე საავადმყოფოში გავლილი პრაქტიკით ისე შემაყვარა ქირურგია, სპეციალობად ავირჩიე და სწავლის დასრულებისთანავე საკუთარი სურვილით სამუშაოდ საგარეჯოში წავედი. ვფიქრობდი, იქ მიღებული პრაქტიკის წყალობით, მეტად დავოსტატდებოდი, თუმცა ახალგაზრდა ქირურგის წინსვლისთვის დღესაც რთული ვითარებაა საქართველოში და მით უმეტეს ურთულესი გახლდათ 90-იან წლებში. ამიტომაც გადავწყვიტე, წავსულიყავი განვითარებულ ქვეყანაში, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისითაც მოწინავედ მიიჩნეოდა და გერმანია შევარჩიე, სადაც ჩემი სტუდენტი და ცხოვრობდა. უპირველესად ენის შესწავლას შევუდექი, ჯერ "ბენედიქტის სკოლაში", შემდეგ - გოეთეს ინსტიტუტში. ჩვენი სამედიცინო ინსტიტუტის დიპლომი კი ჭრიდა იქ, მაგრამ სპეციალობით მუშაობის საშუალებას მაინც არა და არ მაძლევდნენ. 2 წელიწადი დამჭირდა სამუშაო ლიცენზიის მისაღებად.

- აბა, სწავლის, საცხოვრებლისა და კვების ფულს როგორ შოულობდით?

- სტუდენტური ვიზით ვიყავი წასული. სტუდენტს კი წელიწადში 3 თვე მუშაობა შეუძლია. ასე რომ, ეს 3 თვე საათებად გადავანაწილე და ვმუშაობდი - არა სპეციალობით. თბილისში რაგბის ვთამაშობდი და სწორედ ამან მიშველა: რეგიონული ლიგის გუნდში ჯერ მოთამაშედ მიმიღეს (კარგ მოთამაშედ მიმიჩნევდნენ), გუნდის იტალიელი მწვრთნელის წასვლის შემდეგ კი მწვრთნელად გადამიყვანეს. ერთ წელიწადში ჩვენი გუნდი რეგიონის - ბაიერნის ლიგიდან უმაღლეს - ბუნდესლიგაში გადავიდა.

- ალბათ, თქვენი დამსახურების წყალობით...

- ეს მგონი, ძალიან "ხმამაღლაა" ნათქვამი, თუმცა წარმატებას ჩემი მწვრთნელობისას მივაღწიეთ. ისე, კარგი სელექციონერი აღმოვჩნდი - მშვენიერი გუნდი შევქმენი (იღიმის). ძალიან დატვირთული 2 წელიწადი მქონდა: კვირაში სამჯერ გუნდთან ვვარჯიშობდი, თან ენას ვსწავლობდი, პარალელურად კი ოთხ სხვადასხვა საავადმყოფოში ოპერაციებს ვესწრებოდი, ოღონდ ჩარევის უფლება არ მქონდა. 2 წლისთავზე მორაგბეთა გუნდის მადლიერმა პრეზიდენტმა მიუნხენში, ბავარიის მთავრობას მისწერა: ეს კაცი 2 წელიწადია, უხელფასოდ გვემსახურება, გუნდი ბუნდესლიგაში გადაიყვანა (სხვათა შორის, გუნდიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ პირველ ლიგაში ჩამოქვეითდნენ) და იქნებ გამონაკლისის სახით მოუსმინოთ მაინცო. წერილის მიღებიდან მეორე დღესვე დამიბარეს, მომისმინეს და მითხრეს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. აღმოჩნდა, რომ იქაც კი იყო შესაძლებელი გამონაკლისის დაშვება. მირჩიეს, რომელი ადვოკატი ამეყვანა, რა გამეკეთებინა და ა.შ. მოკლედ, ჩემი მდგომარეობა მოარგეს რომელიღაც კანონს: გერმანია კარგ სპეციალისტად "გამზრდიდა", 6 წლის შემდეგ კი ან მშობლიურ ქვეყანას უნდა დავბრუნებოდი, ან რომელიმე განვითარებად ქვეყანაში წავსულიყავი. 6 წელიწადზე მეტხანს არც ვაპირებდი იქ ცხოვრებას. ასე რომ, ეს პირობა მივიღე და მუშაობაც დავიწყე, მაგრამ... ადამიანი გეგმით ვერ იცხოვრებს. გერმანელი გოგონა შემიყვარდა და ცოლადაც შევირთე.

- ვიდრე სიყვარულსა და ოჯახზე ვისაუბრებთ, ისიც გვიამბეთ, როგორ "გაგზარდათ" გერმანიამ კარგ სპეციალისტად?

- ექიმად 2004 წლიდან ვმუშაობ. ზოგადი ქირურგიით დავიწყე და სხვადასხვა ქალაქში ვიყავი. 5-6 წელიწადია, ქალაქ ჰაგენის საავადმყოფოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის კლინიკის ექიმი ვარ. იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი, თემურ უზნაძე მუშაობდა და ვაკანსიის შესახებაც მან შემატყობინა. ჩავედი, შემამოწმეს და მიმიღეს კიდეც. უამრავ ოპერაციას ვესწრებოდი, 500-ზე მეტი უშუალოდ მე გავაკეთე და მივხვდი, ჩემი მიზნების მიღწევის დროც დგებოდა: როგორმე ჩემი ცოდნა საქართველოსთვის უნდა გამომეყენებინა. ჩემს ხელმძღვანელს, ჰელმუტ ქუეკენშტედს შევთავაზე საქართველოში ჩამოსვლა და ძალიან ნიჭიერ ქართველ კოლეგებთან ერთად რამდენიმე ოპერაციის ჩატარება. ჩემი იდეა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ბატონ დავით ფერაძესაც გავუზიარე და საკმაოდ კარგი პროექტი გამოგვივიდა. შესანიშნავად ვიმუშავეთ კობა დიასამიძესა და ზურაბ ავაზაშვილთან ერთად.

- ამბობთ, რომ ქართველი ექიმები არავის ჩამოუვარდებიან დონითო. მაშინ რით გამოირჩეოდა ქართულ კლინიკაში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციები?

- ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად კი არ ჩამოვსულვართ! ხაზგასმით ვამბობ, რომ ქართველი ექიმები განათლებითაც და შრომისუნარიანობითაც ძალიან კარგები არიან. მით უმეტეს, ამერიკასთან, ისრაელთან და გერმანიასთან შედარებით გაცილებით უარეს პირობებში უწევთ ოპერაციების ჩატარება და მათი მიღწეული შედეგები გმირობის ტოლფასია. ჩვენი ჩამოსვლისა და ერთობლივი ოპერაციების ჩატარების მიზანი უახლესი მეთოდებითა და აპარატურით მუშაობის გამოცდილების გაზიარება იყო.

- კონკრეტულად რა ოპერაციები ჩაატარეთ და რა უახლეს მეთოდებზეა ლაპარაკი?

- მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება ორთოპილოტის კომპიუტერული სისტემის დახმარებით ჩატარდა. კომპიუტერი თავად გვაწვდის ოპერაციის ჩასატარებლად წინასწარ მონაცემებს და ჩასაყენებელი პროთეზის ზუსტ ზომებს. მისი მეშვეობით ავადმყოფს, ფაქტობრივად, ანატომიურ მონაცემებს სრულად უნარჩუნებ. თუ ამ კომპიუტერული სისტემის მოხმარება კარგად არ იცი, შეიძლება, უარესი შედეგი მიიღო. ამიტომ ავადმყოფმა არ უნდა იფიქროს, რომ ოპერაციას რობოტი უკეთებს; ოპერაციას ადამიანი - ქირურგი აკეთებს, "რობოტი" კი სიზუსტეში ეხმარება.

- საქართველოში არსებობს ეს კომპიუტერული სისტემა?

- როგორც ვიცი, ერთხელ, შარშან თუ შარშანწინ, ჩამოიტანეს და ოპერაციაც გააკეთეს, მერე კი უკან წაიღეს. ჩვენს ჩამოტანილ აპარატს ერთი წლით თბილისში ვტოვებთ და კიდევ რამდენჯერმე ჩამოვდივართ ოპერაციების ჩასატარებლად. მუშაობის გამოცდილების მიღების შემდეგ კი ვფიქრობ, კლინიკის ხელმძღვანელობა შეიძენს კიდეც.

- ამდენი წელიწადია, გერმანიაში მუშაობთ, ახლა აქაც მოგიწიათ პაციენტებთან ურთიერთობამ. ძალიან განსხვავდებიან ქართველი ავადმყოფები გერმანელებისგან?

- ქართველი პაციენტები განსაკუთრებულები არიან (იცინის). გერმანელი ავადმყოფი მოდის და გეუბნება: ეს მტკივაო, შენ - ექიმი კი უხსნი, რომ იმ სენის სამკურნალოდ ესა და ეს წამალი ან ოპერაცია არსებობს. ის აზუსტებს, რა მეთოდს ანიჭებ უპირატესობას. სთავაზობ კონკრეტულ გზას და ისიც ირჩევს. ქართველი პაციენტი მოდის და თხრობას იმით იწყებს, შენამდე რამდენ ექიმთან იყო, სათითაოდ გიამბობს, რომელმა რა უთხრა, ვინ ცუდი იყო, ვინ - უკეთესი. კოლეგაზე ასეთი ლაპარაკის მოსმენა არც მიყვარს და არც არასდროს შევაფასებ მის ნაღვაწს... ბოლოს პაციენტი გეკითხება, თქვენ როგორ ფიქრობთო? ეტყვი შენს აზრს და მომდევნო ეტაპი იწყება: თავიდან "დაგამთავრებინებენ" სამედიცინო უნივერსიტეტს (იცინის): მოგთხოვენ, დეტალურად აუხსნა, როგორ დაიწყებ ოპერაციას, რა მეთოდით ჩაატარებ, სად რას გადაჭრი, რატომ და ასე შემდეგ. არ ესმის, მაგრამ მაინც უნდა აუხსნა. და მეც ვეუბნები, - ეს რომ გამეგო, წლები დამჭირდა, მას კი სურს, წლების განმავლობაში ნასწავლი 5 წუთში გადავცე.

- ფიქრობთ, რომ ამდენი შეკითხვის დასმა ქართული ბუნების ბრალია?

- ალბათ - ქართველებს ხომ ყველაფერი გვაინტერესებს.

- იქნებ უნდობლობის მომენტიცაა. სამწუხაროდ, ქართველ პაციენტებს ხშირად სჭირდებათ ფხიზლად ყოფნა და დეტალებში გარკვევაც, ექიმს ან ექთანს წამალი და დოზა რომ არ აერიოს, დიაგნოზი ზერელედ და შესაბამისად, შეცდომით არ დასვას და ა.შ. არც მე უარვყოფ, რომ კარგი და გულისხმიერი ექიმებიც გვყავს, თუმცა ბევრი საწინააღმდეგო მაგალითის მოყვანაც შემიძლია. ამიტომ ნუ გაგაოცებთ ქართველი პაციენტების გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობა... რომ არ იუხერხულოთ, თემა შევცვალოთ და კვლავ თქვენს ქართულ-გერმანულ ოჯახზე ვისაუბროთ.

- სხვათა შორის, ჩემი მეუღლე - იანა შირერი ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად, ძალიან უყვარს საქართველო და უკვე ორი შვილიც გვყავს. თუმცა ცოლი გერმანიაში გზის გასაკვალავად კი არა, მას შემდეგ შევირთე, რაც წარმატებებს მივაღწიე. შემდეგ ავტომატურად მივიღე გერმანიაში ცხოვრების უფლებაც.

- თავისთავად, შვილები გერმანიის მოქალაქეები არიან და...

- ბავშვებს ჰქვიათ ნანა და რეზიკო - დედის და ბიძის სახელები დავარქვი და მართალია, იქ დაბადებისთანავე გერმანიის მოქალაქეობა მიიღეს, ასეთივე წარმატებით მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობასაც. ნანა 2 წლისა და 3 თვის არის და ორივე ენაზე ძალიან კარგად ლაპარაკობს: ქართულად დაელაპარაკები და აუცილებლად ქართულადვე გიპასუხებს, გერმანულად ეტყვი რამეს და გერმანულად გეპასუხება - სიტყვებს არასდროს ურევს. ჩემს მეუღლეს სურს, ბავშვები სასკოლო ასაკს რომ მიაღწევენ, საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდეთ და ქართულ სკოლაში ისწავლონ. მე არ დამიძალებია, აუცილებლად აქ ვიცხოვროთ-მეთქი. თვითონ აირჩია. არც ის დამიძალებია, მართლმადიდებლურად მოინათლე-მეთქი. პირიქით, ვუთხარი, - არ მინდა, ჩემი გულისთვის მოინათლო, როგორც უფალი გადაგაწყვეტინებს, ისე მოიქეცი-მეთქი. თვითონ შეიძინა გერმანულ ენაზე ორთოდოქსული წიგნები და კითხულობდა. ხშირად ჩავდიოდით მიუნხენის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მამა თამაზთან, რომელთანაც მღვდლად კურთხევამდეც ვმეგობრობდი. მერე ჩემი მეუღლე მოინათლა და ახლა მამა თამაზი მისი მოძღვარია. სხვათა შორის, ძალიან განიცადა ჩემმა ოჯახმა, გერმანელი ცოლი რომ შევირთე, მაგრამ დღეს ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. მეც განვიცდიდი უცხოელის ცოლად შერთვას: ვფიქრობდი, როგორც მე არ მინდა მუდმივად სხვა ქვეყანაში ცხოვრება, ხომ შეიძლება, მანაც არ ისურვოს-მეთქი. ამიტომაც არ დავიწერეთ ჯვარი, ვიდრე ერთმანეთის გრძნობებში არ დავრწმუნდით. შვილებიც მერე გვეყოლა. იანა თვეობითაც დარჩენილა საქართველოში. შარშან, საახალწლოდ, ერთი თვით ძლივს ჩამოვედი, ის კი სამი თვე აქ იყო და თურმე, სუპერმარკეტში პროდუქტის შესაძენად, ავლაბრიდან დიდ დიღომში, სამარშრუტო ტაქსითაც მშვენივრად მგზავრობდა. ერთხელ დავურეკე და ვეკითხები, სად ხარ-მეთქი? ქართულად მიპასუხა: "მარშრუტკაში" ვზივარო. გავგიჟდი: რა "მარშრუტკაში", სად მიდიხარ-მეთქი? - დიდ დიღომშიო. კინაღამ გული გამისკდა. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და გეფიცებით, წარმოდგენა არა მაქვს, რა ნომერი "მარშრუტკა" მიდის ავლაბრიდან დიდ დიღომში (იცინის)... ეგ კი არა, უნდა უსმინოთ, ქართულ სადღეგრძელოებს როგორ ამბობს ან როგორ ხაჭაპურს აცხობს. რაც მთავარია, მჭადის გამოცხობა იცის! ასე რომ, თვითონ უნდა ქართველობა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება!

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი