ბოლო პერიოდში გენმოდიფიცირებული პროდუქტი და ემულგატორები საზოგადოების განსჯის საგნად არაერთხელ ქცეულა. არის თუ არა იგი ჯანმრთელობისთვის მავნებელი? რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს სხვადასხვა სახის საკვებდანამატმა? - ეს ის საკითხებია, რომელიც ყველა ადამიანს აღელვებს და აინტერესებს. ქართული ბაზარი უხარისხო პროდუქტითაა გაჯერებული, ჩვენ კი, როგორც წესი, მისი შეძენისას, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა წერია ეტიკეტზე, როგორია მისი შემადგენლობა და ა.შ. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ემულგატორების ჩამონათვალს, რომლებიც სხვადასხვა მძიმე დაავადებას იწვევს, ოღონდ ეს - მოგვიანებით; თავდაპირველად კი არანაკლებ საშიშ - გენმოდიფიცირებულ საკვებზე გესაუბრებით.
გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები გენური ინჟინერიის შედეგად არის მიღებული. გენური ინჟინერია ჩვეულებრივ გულისხმობს უჯრედულ დონეზე ხელოვნური მანიპულაციის შედეგად საჭირო გენის ერთი სახეობის ორგანიზმიდან სხვა, არამონათესავე ორგანიზმში გადატანას; შესაძლებელია ადამიანის გენის გადატანა ცხოველებში და - პირიქით. საქართველოში ასეთი პროდუქციის შემოტანა 1996 წლიდან დაიწყო. კითხვაზე - უსაფრთხოა თუ არა ადამიანისთვის გენეტიკური მოდიფიკაციის საფუძველზე მიღებული პროდუქტები? - ერთმნიშვნელოვანი პასუხი კვლავაც არ არსებობს. თუმცა ბოლო წლებში ცნობილი გახდა ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების უარყოფით ზეგავლენას ადასტურებს.
როდესაც ადამიანის ორგანიზმში ასეთი პროდუქტი ხვდება და ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ეს მასში მთელ რიგ გენურ ცვლილებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებსა და სხვა პათოლოგიებს იწვევს. საერთოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმებია, ამდენად, გამრავლებით, გავრცელებითა და საკუთარი გენების გადაცემის უნარით გამოირჩევა. ისინი ადამიანისთვის უცხო ხელოვნური ნივთიერებებით არიან გაჯერებული. მაგალითად, არსებობს ვირთაგვასგენიანი კომბოსტო, თევზისგენიანი პომიდორი და უამრავი სხვა ამგვარი. 2004 წლიდან ევროპის ქვეყნებში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს სპეციალური ნიშანდება მიენიჭა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი გენმოდიფიცირებულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს შორის.
დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი:
- ამ თემაზე წლებია, მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს. საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, არ ვიცით, ასეთი პროდუქტების მიღებამ ორგანიზმზე რა შედეგი შეიძლება იქონიოს; როგორ მოქმედებს ზრდაზე, განვითარებაზე, რეპროდუქციაზე... სანამ სამეცნიერო დასკვნა არ იქნება გამოტანილი, მანამდე უვნებლად ვერ მივიჩნევთ. როგორც ჩანს, ასეთი გამოკვლევების გამოქვეყნება იზღუდება, მაგრამ არსებობს შრომები, სადაც ნაჩვენებია, რომ ასეთი პროდუქტის მიღებით სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესი ირღვევა; იმ ცხოველებს, რომლებზეც ცდებს ატარებენ, მახინჯი ნაშიერები უჩნდებათ. არ ვამტკიცებ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღება ორგანიზმისთვის დაუშვებელია, მაგრამ არსებობს რისკი, ადამიანი კი გონიერი არსება იმიტომ არის, რომ ეს რისკი აირიდოს. პროდუქტებზე აუცილებლად უნდა კეთდებოდეს მარკირება - მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა პროდუქტს იძენს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიღებისგან ბავშვებმა და ორსულმა ქალბატონებმა მაინც უნდა შეიკავონ თავი. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტში არის მითითება: ექსპერტები მოუწოდებენ, გარკვეული მეთოდი გენური ინჟინერიისა არ იყოს გამოყენებული - ე.ი. ექსპერტებმა მასში რაღაც საშიშროება დაინახეს... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველო "კარტახენის ოქმს" შეუერთდა - ეს არის ბიოუსაფრთხოების ევროპული კონვენცია, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, საკვები პროდუქტების მარკირება გააკეთოს. სამწუხაროდ, მარკირებულ პროდუქტს ჯერჯერობით სავაჭრო ქსელში ვერ ვხედავ. ამას ყველა პუნქტზე, საიდანაც პროდუქტი შემოდის, სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიები სჭირდება. გარდა ამისა, უნდა იყოს არბიტრაჟული ლაბორატორიები. როცა საზღვარზე დაიწერება დასკვნა, რომ შემოვიდა 200 ტონა ხორბალი, რომელიც გენმოდიფიცირებული არ არის, შესაძლო შეცდომის გამოსარიცხავად, ეს დასკვნა არბიტრაჟული ლაბორატორიის მიერ უნდა იყოს შემოწმებული.
- ხორბალი ის პროდუქტია, რომელსაც საკვებად ყოველდღიურად ვიყენებთ. მისი გენმოდიფიცირება როგორ ხდება?
- ხორბლის უჯრედში გადააქვთ გენი (ვერ გეტყვით, რისი), რომელიც მის უხვმოსავლიანობას უზრუნველყოფს. ჩვენი წინადადება ასეთია: თუ ქვეყანაში ხორბალი უნდა შემოვიდეს, უმჯობესია, შემოვიდეს დაფქული სახით და მას მარკირება გაუკეთდეს. საერთოდ, საქართველოში გენმოდიფიცირებული ხორბლის დათესვის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ენდემური ჯიშები და უმჯობესი იქნება, თუ მათ შენარჩუნებას მოვახერხებთ. თუ ბუნება გვიყვარს, ენდემური ჯიშების ფასი გვესმის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მნიშვნელობა ვიცით, ყველანაირი რისკი უნდა ავიცილოთ.
- გენმოდიფიცირებული მცენარეების დათესვის დროს, ნიადაგის გამოფიტვაც ხდება?
- დიახ, გარკვეულ ფართობზე გარკვეული რაოდენობის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი; როცა ამ ნორმას ვაჭარბებთ, ნიადაგი იფიტება... უკვე ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ადამიანებმა შექმნეს ხელოვნური ახალი სიცოცხლე, ახალი უჯრედი დაასინთეზეს და ბაქტერიას გადაუნერგეს. დღეს ეს ბაქტერიაში გაკეთდა; შეიძლება, ხვალ სასურველი გენი მრავალუჯრედიან ორგანიზმებშიც შეიტანონ... გენურ ინჟინერიას დადებითი მხარეებიც აქვს, მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. ზოგჯერ მეცნიერულ გამოგონებას ადამიანები ბოროტად იყენებენ. როცა მარია კიურიმ რადიოაქტიურობა აღმოაჩინა, მას ნამდვილად არ უფიქრია, რომ ატომური ბომბი შეიქმნებოდა...
- კარტოფილში გადანერგილი გველის ან მორიელის გენი ადამიანისთვის მავნებელი როგორ არ იქნება? ცნობილია, რომ მისი ფოთოლი კოლორადოს ხოჭოს კლავს!
- ასეთი კარტოფილის ფოთლები ჭარბი რაოდენობით ტოქსინს გამოიმუშავებს. ხოჭო რომ ჭამს, იღუპება. ახლა ნამდვილი პომიდვრის, კიტრის, კარტოფილის გემო ახალგაზრდებმა აღარც კი იციან.
- საინტერესოა, როცა თავად იძენთ ოჯახისთვის პროდუქტს, რა ნიშნით არჩევთ? და რას ურჩევთ მკითხველს?
- ზამთარში კიტრსა და პომიდორს არ ვყიდულობ. ზაფხულშიც არჩევა უნდა ვიცოდეთ: დახლზე დაუზიანებელ, კარგი შეხედულების პომიდორს რომ ვხედავთ, შესაძლოა, იგი გენმოდიფიცირებული იყოს. ჭოპორტის პომიდორს თხელი კანი აქვს, ტრანსპორტირებასაც ძნელად იტანს, ილახება; ვიზუალურად, გენმოდიფიცირებული სჯობია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ხომ კვებითი ღირებულებაა. ერთხელ მკითხეს, - ერთჯერადი ჩაის პაკეტები ხომ სუფთა საღებავია და მთავრობა რატომ არ კრძალავსო? ადამიანი ხომ გონიერი არსებაა, იცის - საღებავია და რატომ ყიდულობს?! ორგანიზმს ჩვენი დაუდევრობით ვაყენებთ ზიანს. ვეებერთელა ნახევარკილოიან კარტოფილს რომ ვყიდულობთ, ხომ ვიცით, რომ კარტოფილი ასეთ ზომამდე ბუნებრივად არ იზრდება - ის ქიმიური ნივთიერებებითაა მოყვანილი და არჩევანს მაინცდამაინც მასზე რატომ ვაკეთებთ?..
მადონა კოიძე, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე:
- მომხმარებელს 8 ძირითადი, მათ შორის - ინფორმირებულობის უფლება აქვს. საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე მომხმარებელს ძალზე მწირი ინფორმაცია აქვთ. ეტიკეტზეც რომ იყოს მინიშნებული, სწორი არჩევანის გაკეთება ბევრს გაუჭირდება; ბევრმა ისიც კი არ იცის, გენმოდიფიცირებული პროდუქტი რას ნიშნავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცემულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული - შეიცავს თუ არა პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს. ჩვენს სამომხმარებლო ბაზარს თუ გადავხედავთ, მხოლოდ იმის მაუწყებელი ინფორმაცია გვხვდება, რომ არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს (ეს ერთგვარი რეკლამაა), მაგრამ ვერ იპოვით წარწერას - "გენმოდიფიცირებულია". მოსახლეობის ნაწილი ფრთხილობს და ასეთი პროდუქტის მიღებისგან თავს იკავებს. არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიღება ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია.
- თუ უვნებელია, ევროპის ბევრ ქვეყანაში რატომ არის აკრძალული?
- ამ კითხვაზე გიპასუხებთ, როგორც მომხმარებელი და დედა და არა - როგორც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე. ვინაიდან არ ვიცი, ეს პროდუქცია მავნებელია თუ - არა, სიფრთხილეს გამოვიჩენ და მისი მოხმარებისაგან თავს შევიკავებ, მით უმეტეს, შვილებს არ ვაჭმევ. შეიძლება, სწორედ ამ მოსაზრებით თქვა უარი თავის სამომხმარებლო ბაზარზე ანალოგიური პროდუქციის რეალიზაციაზე ბევრმა ქვეყანამ. საქართველოში არ არსებობს აკრძალვა. მეტსაც გეტყვით - არსებობს კანონი, სადაც წერია, თუ რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქცია შეიძლება იყოს პროდუქტში. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენში ზღვარიც კი არ არის დაწესებული. აქ არ არსებობს ვალდებულება იმის შესახებ, რომ მომხმარებლისთვის გასაგები ენით ეწეროს ეტიკეტზე, შეიცავს თუ არა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ესა თუ ის პროდუქტი.
- ეტიკეტზე დატანილია ინფორმაცია ემულგატორებისა და სხვა დანამატების შესახებ, მაგრამ ამას მომხმარებლის ძალიან მცირე ნაწილი თუ აქცევს ყურადღებას...
- ისევ სამომხმარებლო განათლების არქონასთან გვაქვს საქმე. ამ მხრივ სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში რა ზიანი შეიძლება მიადგეს.
საკვები დანამატები არის ნივთიერებები, რომლებიც პროდუქტს მისი თვისებების შესაცვლელად, ფერის, გემოს, სუნის, შენახვის ვადის გასაუმჯობესებლად ემატება. შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივად დამუშავებული, ასევე ქიმიური, ხელოვნურად მიღებული ნივთიერებები. მათ მიეკუთვნება: სტაბილიზატორები, დამატკბობლები, საღებავები, ემულგატორები, მჟავიანობის მარეგულირებელი და ა.შ. ემულგატორები და კონსერვანტები მითითებულია პაკეტის იმ ნაწილზე, სადაც შემადგენლობა წერია. ზოგიერთი ძალიან მავნეა და დაავადებებს იწვევს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "კოდექს ალიმენტარიუსის" მონაცემებით, არსებობს კანის (E151, E231, E239, E907, E160, E232, E310-312, E951, E1105), კუჭის დაავადებების (E338-340, E351, E450-452, E461-463, E465, E466), სიმსივნეების გამომწვევი დანამატები (E131, E153, E210-216, E219, E230, E233, E242, E249, E252, E280, E283, E330, E466, E591-503, E620, E636, E954); წნევის ამწევი (E154, E250-251) განსაკუთრებით საშიში (E510,E123), აკრძალული დანამატები (E102, E105, E111, E121, E125-126, E130, E152, E952) და ა.შ.
ემულგატორი ადამიანის გენურ სტრუქტურას ანადგურებს და ნაყოფში მუტაციებს იწვევს. საღეჭი რეზინი, ტკბილეული, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, სოუსები, საწებლები, ჩაი, შოკოლადის ნაწარმი, იოგურტები, ორცხობილები - ეს იმ პროდუქტთა არასრული ჩამონათვალია, რომელშიც საშიშ საკვებ დანამატებს იყენებენ. E121 (საღებავი), E123 (საღებავი, ამარანტი), E240 (საღებავი, ფორმალდეჰიდი, E924ა და E924ბ (კალიუმის ბრომტი) - საქართველოში აკრძალული 5 ემულგატორია.
მადონა კოიძე:
- ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და კიდევ ბევრ სხვა სახელმწიფოში აკრძალული საკვებდანამატების სია ათობით და ასობით ელემენტს მოიცავს; ჩვენში, სამწუხაროდ, მხოლოდ 5-ია. ეს ნამდვილად, საგანგაშოა. კარგი იქნება, თუ ეს სია გაიზრდება, ჯანდაცვის სამინისტრო გადახედავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ბოლო წლებში კიბო "გაახალგაზრდავდა"; ონკოლოგების აზრით, ამის მიზეზი, გენეტიკური ფაქტორის გარდა, ხშირ შემთხვევაში, საშიში საკვები დანამატებიცაა.
- მომხმარებლის მეტი ინფორმირებულობისთვის რა კეთდება დღეს სახელმწიფოს ან კერძო სექტორის მიერ?
- ჩვენი ფედერაცია მომხმარებლებს კონსულტაციას, დახმარებას უფასოდ უწევს. ჩვენთან ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 99-78-57, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12-დან 17 საათამდე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჩვენ შესაბამის კონსულტაციას გავუწევთ.
არასაკმარისი საკანონმდებლო შეზღუდვის პირობებში, ქართული ბაზარი უხარისხო პროდუქტითაა გაჯერებული. სანამ საქართველოში აკრძალული ემულგატორების სია გაიზრდება და სურსათის კონტროლზე ხარისხი დაწესდება, მანამდე მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და თავი შევიკავოთ იმ პროდუქტის მიღებისგან, რომლის შემადგენლობაშიც ზემოთ დასახელებული საკვებდანამატები შედის.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)