უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად ელოდება.
მისი თქმით, უკრაინა ხვალიდან სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას ელოდება დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად.
"დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად ხვალიდან სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით. მკვლელობების გაჭიანურებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს პუტინს თურქეთში დაველოდები. პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან", - წერს ზელენსკი X-ზე.
პუტინის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის რეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის უკრაინას მოუწოდებს, პუტინთან შეხვედრას დათანხმდეს, რათა განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, რის შემდეგაც ევროპელი ლიდერები და აშშ შესაბამისად იმოქმედებენ.
"რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, ხოლო თუ ეს ასე არ არის, ევროპელ ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, რა ხდება და შესაბამისად იმოქმედებენ! მეეჭვება, რომ უკრაინა შეთანხმებას დადებს პუტინთან, რომელიც ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომლის მოგებაც (თითქმისაც არ იქნებოდა!) ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. შეხვედრა ახლავე ჩაატარეთ!!!", - წერს ტრამპი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას და მის მოკავშირეებს 15 მაისიდან "პირდაპირი მოლაპარაკებების" დაწყებას სთავაზობს. ეს განცხადება პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელმა ლიდერებმა მოსკოვს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდეს.
პუტინის განცხადებით, რუსეთ სურს "სერიოზული მოლაპარაკებები", რომლის მიზანიც "ხანგრძლივი მშვიდობისკენ სვლა" იქნება.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები სტამბოლში უნდა გაიმართოს და ეს უნდა იყოს 2022 წლის მოლაპარაკებების გაგრძელება. პუტინის განცხადებით, დეტალების განსახილველად თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა.
იხილეთ ასევე: