გამოცემა Mirror, თბილისის აეროპორტში დაკავებული 18 წლის ბრიტანელი სტუდენტის, ბელა მეი კალის შესახებ ახალ დეტალებს წერს. წყაროს ინფორმაციით, ქალი საქართველოში წამოსვლამდე იდუმალ მამაკაცს - სახელად „როსი ან რასს“ შეხვდა.
სანამ ოჯახისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ 18 წლის ბელა, საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაიჭირეს, ტაილანდში გაუჩინარდა და ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. მანამდე კი ბაბუას უთხრა, რომ ფილიპინებში ბიჭის სანახავად მიემგზავრებოდა.
„როდესაც ავუხსენი რომ მის მიმართ არსებული ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაული იყო, შეშფოთებული და შეძრული იყო“, - განაცხადა გოგონას ადვოკატმა ია თოდუამ.
ადვოკატმა განაცხადა, რომ მოზარდი სრულად არ იყო ინფორმირებული, თუ რას აკეთებდა.
„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქართველოში ისე აღმოჩნდა, არც კი იცოდა, რას აკეთებდა“, - თქვა ია თოდუამ.
“ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია და ამ ეტაპზე ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს პასუხები. არ ვიცით, რა ვიფიქროთ. ის უბრალოდ დასასვენებლად მიდიოდა და შემდეგ მისგან არაფერი გვსმენია... ის სვამდა და ცეკვავდა, როგორც ჩვეულებრივი მოზარდები. ვიღაცამ ისარგებლა მისით“, - განაცხადა ბელას 80 წლის ბაბუამ, უილიამმა.
ბელა მეის მამა და მისი ნათესავი უკვე საქართველოში იმყოფებიან
გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ ისინი ბელას უკვე შეხვდნენ, ან შეხვედრა ძალიან მალე შედგება.
ამ კვირის დასაწყისში სტუდენტი საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც განაცხადა, რომ ორსულად იყო და შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. ახლა მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, სადაც ექიმები მისი განცხადებების სისწორეს დაადგენენ.
კალის ქართველმა ადვოკატმა მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა.
იხილეთ ასევე: